ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    სასტიკი ოჯახური ძალადობის ახალი მსხვერპლი – ''საკუთარ თავს რომ შევხედე ავტირდი"


    ოცი წლის იყო, როდესაც ყოფილმა თაყვანისმცემელმა დანით 30-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა და სასიკვიდლოდ გაწირა, თუმცა...

    მელისა დოუმი გადარჩა...

    თავდასხმამდე კოლეჯში სწავლობდა და ადგილობრივი საავადმყოფოს რეგისტრატურაში მუშაობდა. მომავალიც განსაზღვრული ჰქონდა - უნდოდა კარგი ექთანი გამხდარიყო. პარალულურად რობერტ ბერტონს ხვდებოდა, რომელიც ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში გაიცნო.



    -ერთად დიდ დროს ვატარებდით, ვსაუბრობდით, ერთმანეთს წერილებს ვუგზავნიდით. ძალიან საყვარელი, მხიარული და კეთილშობილი ბიჭი ჩანდა“- იხსენებს მელისა.

    თუმცა რეალობა არც ისეთი ლამაზი აღმოჩნდა, როგორიც ამ მეოცნებე, შეყვარებულ ქალბატონს ეგონა.

    მელისა დოუმი: ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც უნივერსიტეტში სწავლისთვის საჭირო საბუთების მომზადება დავიწყე. რობერტი უცნაურად ეჭვიანი გახდა, უხეშად მესაუბრებოდა, არ უნდოდა, რომ სწავლა გამეგრძელებინა. შემდეგ ტყუილებიც ისწავლა. ვხვდებოდი, რომ მატყუებდა და ამას მდგომარეობიდან გამოჰყავდა. ურთიერთობის გაწყვეტაც არაერთხელ მიცდია, მაგრამ მეუბნებოდა, - ასეთ დროს ჩემი მიტოვება კი არა, დახმარებაა საჭიროო. მემუქრებოდა, რომ თავს მოიკლავდა, თუ მისგან წასვლას გადავწყვეტდი. მეც მეშინოდა... მოგვიანებით კონფლიქტი ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა.



    ერთხელ, 2011 წლის ოქტომბერში, სახლისკენ მივდიოდით, რობერტი ნასვამი იყო და ამიტომ საჭესთან მე ვიჯექი. ბრალი დამდო, - კარი მანამდე მოკეტე, სანამ საუბარს დავასრულებდიო. აღშფოთებული იყო და მცემა. გაქცევა მოვახერხე, პოლიციაში დავრეკე და დააპატიმრეს. ბრალიც დასდეს ოჯახურ ძალადობაში და 10 საათით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მაშინ ვფიქრობდი, რომ მისგან თავი საბოლოოდ დავაღწიე, თუმცა...

    რამდენიმე ხანს მართლა არ გამოჩენილა. შემდეგ სოციალური ქსელით გავიგე, რომ სხვა ქალთან ცხოვრობდა, ვიფიქრე, რომ მე საბოლოოდ დამივიწყა.

    შევცდი...



    2012 წლის 24 იანვარს დამირეკა, ასე, ღამის 2 საათი იქნებოდა. მითხრა, რომ უკანასკნელად უნდოდა, ვენახე, გამომემშვიდობებოდა და თავს დამანებებდა. დამპირდა, - ამის შემდეგ, ახლოსაც არ გაგეკარებიო.

    გული ცუდს მიგრძნობდა, მაგრამ გადავწყვიტე ინტუიციისთვის ყურადღება არ მიმექცია. ეს ჩემ ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა იყო.

    შესახვედრად წავედი. თან წიწაკის სპრეი და ტელეფონი წავიღე, ყოველი შემთხვევისთვის. ვიფიქრე, რომ ასე თავის დაცვას შევძლებდი. რომ დამინახა, ჩემკენ წამოვიდა, ხელები გაშალა, თითქოს მართლა უნდოდა, მომხვეოდა. თურმე ხელში დანა ეჭირა. ცოტა ხანში უკვე გამეტებით მირტყამდა, არ ჩერდებოდა.

    მახსოვს პირველი დარტყმებისგან მოყენებული ტკივილები. შემდეგ წინააღმდეგობის გაწევა დავიწყე, ვცდილობდი, ხელზე მეკბინა, ვყვიროდა, ვცემდი, ყოველ წუთს დაბლა ვეცემოდი, იმიტომ, რომ სისხლს ვკარგავდი.

    ჩემი ყვირილი ახალგაზრდა გოგონამ და ბიჭმა გაიგონეს, გოგონამ სამაშველო სამსახურში დარეკა. როგორც კი მათ რობერტმა მოკრა თვალი, მანქანიდან დიდი დანა გადმოიღო და ახლა იმით დამიწყო ცემა. ცხადი იყო, რომ ჩემი მოკვლა უნდოდა. იცოდა, რომ პოლიცია მალე მოვიდოდა და გადაწყვეტილი ჰქონდა, საქმე ბოლომდე მიეყვანა.



    როგორც კი სამართალდამცველების მოახლოება იგრძნო, გაიქცა, ქუჩაში დამტოვა… ბოლომდე გამიმეტა...

    სისხლისგან ვიცლებოდი და ვფიქრობდი, რომ ვკვდებოდი, იმედს არ ვკარგავდი და მაინც ვლოცულობდი - ღმერთს ჩემს გადარჩენას ვთხოვდი.

    შემდეგ ფანრის შუქი დავინახე - ეს პოლიციელი იყო. ვიგრძენი, რომ სიცოცხლე მიბრუნდებოდა. მოვახერხე და საკუთარი სახელი და გვარი წარმოვთქვი, თავდამსმხელის ვინაობაც დავასახელე. ძლივს ვსაუბრობდი, 
    მაგრამ პოლიციელებისთვის მცირე ინფორმაციის მიწოდება მაინც შევძელი.

    ბოლოს, რაც მახსოვს, ეს იყო სასწრაფო დახმარების მანქანა. გარშემო სინათლე იყო მხოლოდ, ადამიანები დარბოდნენ, ყვიროდნენ, ცდილობდნენ, გონზე მოვეყვანე. მერე ჟანგბადის ნიღაბი მომცეს, მივხვდი, რომ ეს ძალიან ცუდის ნიშანი იყო. ვიფიქრე, რომ ჩემი გადარჩენის ალბათობას აღარავინ უშვებდა. ისიც გავიგე, ვიღაცამ რომ თქვა, საავადმყოფოში ვეტმფრენით უნდა გადავიყვანოთო. 

    მოგვიანებით ქირურგებმა მიამბეს, რომ არაერთხელ დამიბრუნეს სიცოცხლე - რამდენჯერმე კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იყავიო.



    ძალიან მძიმე ჭრილობები მივიღე. თავიც გატეხილი მქონდა, ყბაც და ცხვირიც. დანამ სახის ნერვიც დამიზიანა, სახის მარჯვენა ნაწილი პარალიზებული მქონდა. 12 ერთეული სისხლი გადამისხეს, მაშინ, როდესაც ჩვეულებრივ ადამიანს სულ 7 ერთეული აქვს. ის, რომ მე გადავრჩი, ნამდვილი სასწაული გახლდათ. 

    ვფიქრობდი, რომ ეს ვყელაფერი ერთ გრძელი დღის განმავლობაში ხდებოდა, სინამდვილეში კი რეანიმაციაში რამდენიმე დღე დავყავი. მახსოვს, როგორ ვანიშნე ექთანს, მოეცათ ფანქარი იმისთვის, რომ წერილობითი ფორმით მაინც მეკითხა, - რა დაემართა თავდამსმხელს-მეთქი. მარჯვენა ხელით ვერ ვწერდი და ძლივს მოვხაზე რაღაც მარცხენა ხელით: მოვკდა, ცოცხალია თუ ციხეშია-თქო - დავწერე.

    ახლობლებმა, - საშიში აღარაფერიაო, - მითხრეს, - რობერტი დააკავეს და ის ზიანს უკვე ვეღარ მოგიტანსო.

    შვებით ამოვისუნთქე.

    მოგვიანებით გავიგე, რომ თავის მოკვლა უცდია, ძილის წამალი დაულევია და მანქანაც დაუმტვრევია, მაგრამ უშედეგოდ. გონს საავადმყოფოში მოვიდა, „კოიკას“ იყო მიბმული, გვერდით კი პოლიციელი მორიგეობდა.

    მე წინ გამოჯანრმთელების ხანგრძლივი გზა მელოდა. 32-დან 19 ჭრილობა სახის, ყელის და თავის არეში იყო მოყენებული, ამიტომ საშინლად გამოვიყურებოდი. კბილებიც ჩამტვრეული მქონდა. თმა გადამპარსეს, ჭრილობები რომ დაემუშავებინათ და ნაკერები დაედოთ.

    როდესაც ასეთ მდგომარეობაში საკუთარი თავი პირველად დავინახე, თავი ვერ შევიკავე და ავტირდი. მე ხომ სულ რაღაც 20 წლის ვიყავი მაშინ. სულის სიღრმემდე შემძრა ამ ამბავმა, მაგრამ მე მაინც მჯეროდა, ვიცოდი, რომ სასწაულით გადავრჩი და ახლა გარეგნობაზე კი არა, სწორედ ამ სასწაულზე უნდა მეფიქრა. 

    მოგვიანებით კბილების იმპლანტი ჩამისვეს, იარებიც ნელ-ნელა შეხორცდა. ბოსტონში ნერვების და სახის კუნთების აღსადგენი ოპერაციაც გამიკეთეს. ისევ მომეცა საშუალება, გამეღიმა. ძალიან მინდოდა, რაც შეიძლებოდა მალე დავრბუნებოდი სამსახურს და კოლეჯს.



    დარწმუნებული ვიყავი, რომ მთელი ცხოვრება მარტო დავრჩენა მემუქრებოდა. ვფიქრობდი, რომ ჩემთან არათუ თანაცხოვრებას, უბრალოდ შეხვედრასაც კი არავინ მოინდომებდა, თუმცა ცხოვრებაზე ხელი არც მაშინ ჩამიქნევია. ვგრძნობდი, რომ ჩემი გამოცდილების გაზიარებით სხვების გადარჩენას შევძლებდი. მინდოდა, ჩემნაირი ადამიანები მენახა და მეთქვა, რომ ისინი პატივისცემას და სიყვარულს იმსახურებდნენ. 

    შემდეგ საჯარო გამოსვლები დავიწყე, ხალხს საკუთარ ისტორიას ვაცნობდი, 2012 წლის ოქომბერში კი იმ ადამიანებთან მომიწყვეს შემახვედრა, ვინც მაშინ ჩემი სიცოცხლე იხსნა. მათ შორის იყო მეხანძრე კემერონი, რომელმაც ერთი კვირის შემდეგ მე და დედაჩემი სადილად სახანძრო დეპოში დაგვპატიჟა. ამ ფაქტმა ძალიან გამახალისა.

    შეხვედრის შემდეგ სულ კამერონზე ვფიქრობდი, მის მიმართ თბილი გრძნობები გამიჩნდა, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. ვფიქრობდი, რომ ეს მადლიერება იყო და იმიტომ ხდებოდა, რომ სიცოცხლე შემინარჩუნა.

    რაც მეტს ვსაუბრობდით, მით მეტად ვხვდებოდით ორივე, რომ ჩვენ ბევრი საერთო გვქონდა.

    შემდეგ ტელეფონის ნომერიც მომცა და მითხრა, რომ ყოველთვის მზად იყო, დამხმარებოდა. ვიფიქრე, ეს მხოლოდ მისი მხრიდან გამოვლენილი თავაზიანობაა-მეთქი, მაგრამ იმასაც ვხვდებოდი, რომ მისი ნახვა უფრო და უფრო მეტად მინდოდა.

    ერთი კვირის შემდეგ დავურეკე და ვუთხარი, რომ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებისთვის მადლობის ბარათის მიტანა მინდოდა, მიპასუხა, რომ დეპოში დამელოდებოდა. მივაწოდე ბარათი და ვიფიქრე, რომ ამით ჩვენი შეხვედრა დასრულდებოდა, თუმცა იმ დღეს ექვსი საათის განმავლობაში ვისაუბრეთ.

    უსასრულოდ ვლაპარაკობდით და სწორედ მაშინ გახდა ცხადი, რომ ჩვენს შორის განსაკუთრებული კავშირი არსებობდა.

    ამის შემდეგ შეხვედრები დავიწყეთ, ერთხელ ბარბექიუ მოვაწეთ, რაც ძალიან პოპულარული იყო სამხრეთ ფლორიდაში, შემდეგ ტირში წავედით, კამერონმა სროლა მასწავლა, ახლა უკვე მაქვს უფლება, ვატარო ფარული იარაღი. თავს ბევრად თავდაჯერებულად ვგრძნობ, როდესაც ვფიქრობ, რომ საკუთრი თავის დაცვა შემიძლია.



    კამერონი ჩემთან ერთად იყო, როდესაც 2013 წლის აგვისტოში სასამართლოში იმ ადამიანთან შესახვედრად წავედი, რომელსაც ჩემი მოკვლა უნდოდა.

    ჩვენების მისაცემად რომ გამომიძახეს, რობერტი თვალს არ მაშორებდა. ცდილობდა მზერით შევეშინებინა, მაგრამ მისთვის თვალის გასწორება შევძელი. პროცესის ბოლოს, როდესაც ყველა ჩვენება მოისმინეს, რობერტმა თავი დახარა. ის, ბოლოს და ბოლოს, გამოუტყდა საკუთარ თავს იმაში, რაც ჩაიდინა, მიხვდა, რომ ჩემზე გავლენა საბოლოოდ დაკარგა.

    რობერტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს შეწყალების უფლების გარეშე. შვებით ამოვისუნთქე და მადლიერების გრძნობით ავივსე იმ მოსამართლეების მიმართ, რომლებმაც ეს განაჩენი გამოუტანეს. სასამართლო დარბაზიდან იმ შეგრძნებით გამოვედი, რომ მე ცხოვრების უფლება დამიბრუნეს.

    კამერონი და მე ურთიერთობებს ვაგრძელებდით. სანკტ-პეტერბურგშიც დავბრუნდი, კოლეჯში, მაგრამ ექთნის კარიერაზე უარი ვთქვი. მინდოდა ცხოვრება ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მიმეძღვნა, ამიტომ ხელმძღვანელობისა და მენეჯმენტის კურსზე ჩავეწერე. 

    ორი წლის შემდეგ ბეისბოლის მატჩის გახსნაზე მიმიწვიეს ტამპში, მაშინ იქ ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ გამოვდიოდი და ამ თემაზე ადგილობრივ სკოლებშიც ვმუშაობდი.

    მოედანზე ბურთის სასროლად გავედი, მაგრამ... ბურთი არ იყო. ამ დროს კამერონი გამოჩნდა და ბურთი მომაწოდა. მასზე ეწერა „გამომყვები ცოლად?“

    ეს ჩემთვის ისეთი მოულოდნელობა იყო, რომ...

    ის მუხლებზე დადგა და ხელი ახლა ამ ფორმით მთხოვა. ძალიან ლამაზი ბრილიანტის თვლებით გაწყობილი ბეჭედი მაჩუქა…


    რამდენიმე კვირაში ჩვენ უკვე დაქორწინებული წყვილი ვიქნებით...

    ქორწილში დავპატიჟეთ ყველა, ვინც ჩემი სიცოცხლე გადაარჩინა, პოლიციელით დაწყებული, რომელიც შემთხვევის ადგილზე პირველად მოვიდა და ქირურგით დამთავრებული, რომელმაც სახე შემინარჩუნა.

    ახლა ვგრძნობ, რომ ჩემი ცხოვრება ამაო არაა.

    მართალია, საშინელ გამოცდას გავუძელი, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ცხოვრება წინაა!!!
    წყარო

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი