გახმაურებული საქმის ახალი გარემოებები: პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ სასამართლოს სკანდალური ჩვენება მისცა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სანდრო გირგვლიანის საქმეზე დაკითხულმა ნინო ბურჯანაძემ ის ყოფილი მაღალჩინოსნები დაასახელა, რომლებიც, მისივე თქმით, მკვლელობის დამკვეთებს და შემსრულებლებს მფარველობდნენ- გიგა ბოკერია, ნიკა რურუა, ალექსანდრე ლომაია, გიგი უგულავა და ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
ნინო ბურჯანაძის ინფორმაციით, უმაღლეს პოლიტიკურ პირებს შორის შედგა გარიგება, როგორ უნდა მომხდარიყო მკვლელობაში ბრალდებული პირების შეწყალება და როგორ აერიდებინათ თავიდან მაშინდელი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილისა და კუდ-ის ხელმძღვანელის, დათა ახალაიას პოლიტიკური პასუხისმგებლობა.
ბურჯანაძის მტკიცებით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დამკვეთებისა და შემსრულებლების შესახებ სრულ ინფორმაციას ფლობდა მიხეილ სააკაშვილი.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ ერთადერთი, ვინც დამნაშავეების დასჯას მოითხოვდა, ქვეყნის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი იყო.
„რურუას, ბოკერიას, უგულავას და ლომაიას ჰქონდათ ძალიან მწვავე პოზიცია, განსაკუთრებით ბოკერიას.ის კატეგორიული წინააღმდეგი იყო დათა ახალაიას დასჯის.
ჩემსა და ბოკერიას შორის კამათი პრეზიდენტის ოთახში მოხდა. ის მეუბნებოდა – „რა გინდათ, ქალბატონო ნინო, ჩვენ დავსაჯეთ დამნაშავეები, ვინც ეს გააკეთა და რატომ უნდა დავსაჯოთ ვინმე სხვა, იმიტომ რომ თქვენ და საზოგადოებას ასე გინდათ?“
ბურჯანაძის თქმით, თავდაპირველად იყო მცდელობა, რომ ბრალი მაქსიმალურად სანდრო გირგვლიანზე გადაეტანათ.