ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ვინ აფრთხილებს თამარ ჭოხონელიძეს – „ხმამაღლა ვაცხადებ, არაფრის არ მეშინია, არასდროს არ მეშინოდა, რადგან…“ – exclusive

    თამარ ჭოხონელიძე ერთ-ერთი ის მუსიკოსია, ვინც ევროპის მოედანზე გამართულ კონცერტზე დაშვებულ უხეშ შეცდომებზე ხმამაღლა ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტს მისი ინტერვიუდან, რომელიც „პრაიმტაიმში“ დაიბეჭდა.
    – თამარ, მერიის კულტურის სამსახური თავს იმით იმართლებს, რომ მოსამზადებლად ცოტა დრო იყო…
    – ეს არც მე მაინტერესებს და არც ევროპას. ჩვენ ძალიან დიდი ხანი ველოდებოდით, რომ ეს მოხდებოდა, ეს ხომ არ არის გუშინდელი შემთხვევა? რატომ ჰქონდათ ცოტა დრო?! იცით, კიდევ რა მაშფოთებს? მესიჯები, რომელსაც აბსოლუტურად უცხო ადამიანები მწერენ. არ გეშინიათ, რომ საბოლოოდ ჩამოგაშორონ სცენას თქვენც და თქვენი შვილიცო.
    – შეიძლება გკითხოთ, ვისგან არის ეს მესიჯები?
    – აბსოლუტურად კონფიდენციალურად, არ ვიცნობ არც ერთს, ვინც ეს მომწერა. ისინი არც ჩემი ახლობლები არიან და არც ნათესავები. ერთ-ერთი მწერდა, მე თქვენ სკოლიდან გიცნობთ, ვერც გამიხსენებთ, მაგრამ ეს არ არის მთავარი, ეს ის ხალხია, ვისზეც თავს იკლავდით, ამას ებრძოდით მიშა სააკაშვილის დროს და გჯეროდათ, რომ ყველაფერი შეიცვლებოდაო. მართალია, ამას ვებრძოდი. არ მინდა აღიარება იმისა, რომ იგივე პოლიტიკა გრძელდება. ხმამაღლა ვაცხადებ, არაფრის არ მეშინია, არასდროს არ მეშინოდა, რადგან ჩემს ზურგს უკან სიმართლე იყო ყოველთვის. ერთი კითხვა მაწუხებს, უძაღლო ქვეყნის სინდრომი ხომ არ გამეფდა ისევ? ეს ნამდვილად იყო, ამან მოგვსპო ჩვენ. დღეს ან გრძელდება ან… ძალიან გაურკვეველ მდგომარეობაში ვართ. კულტურა არ არის ჩემი, თქვენი, ვინმესი. კულტურა არის ერის და თუ გინდა, ერი მოსპო, ფსიქიკა დაუნგრიო, უნდა მოუშალო კულტურა. ჩვენ არ გვინდა ასე მოხდეს. მგონი, დრო დადგა, საზოგადოებამ დასვას კითხვა, ვინ პატრონობს ჩვენს კულტურას… დარწმუნებული ვარ, ჩვენი საუბარი არ მივა იმ ადამიანის ყურამდე, ვინც ეს უნდა იცოდეს, ვის სიტყვასაც ფასი აქვს, ვისაც ხელეწიფება ამ ყველაფრის გამოსწორება.
    – ვის გულისხმობთ?
    – ნუ დამაკონკრეტებინებთ, იმიტომ რომ ერთი არ არის ასეთი. უბრალოდ, იმ ხალხს გარშემო ისეთი გარემოცვა ჰყავს, არ აკითხებენ თქვენს გაზეთს, ყველანაირად ცდილობენ, რომ ინფორმაციულ ვაკუმში მოაქციონ. ის, რომ საზოგადოება აღშფოთებულია, მათ არ იციან. მეფეს ლაქიები უნგრევდნენ და უფუჭებდნენ ხშირად საქმეებს. ამიტომ ქვედა იერარქიებზე მდგომი ადამიანები არიან ყოველთვის გასაკონტროლებელი. საქართველოში თანამდებობები მაინც ორფა დოლისა და ჩქარი ტაშის (ანუ ქართული სუფრის) დონეზე წყდება.
    – ქვედა იერარქიაა მერიის კულტურის სამსახური?
    –  არა, არა, უფრო ქვედა სამსახურია, ვინც საქმეს აფუჭებს, მე არ ვიცი, ვინ, მართლა არ ვიცი. მე ვხედავ ფაქტს. ერთხელ შეგეშალა, დაწერა ხალხმა, რომ ცუდი იყო, მეორე კონცერტზეც დაწერეს, მესამეზეც და რა? კაციშვილი არ სვამს კითხვას, არ სხდებიან, არ თათბირობენ, რატომ გვემართება ეს… ასე არ შეიძლება, არაპროფესიონალიზმის ზეიმი იყო წლევანდელი „თბილისობა“, სრული მარაზმი, გათელვა ჩვენი კომპოზიტორებისა. თქვენ მათი ოჯახის წევრები უნდა გენახათ, რა მდგომარეობაში იყვნენ, გაოგნებულები და შეურაცხყოფილები. უბრალოდ, საქართველოა და არ იჩივლეს. ბევრი აღშფოთებული იყო, რომ ეს მხოლოდ წააგავდა მათი წინაპრების მიერ შექმნილ მუსიკას. დააყენე საფლავში ეს კომპოზიტორები, თუ არ იცი, როგორ მოუფრთხილდე. შენი შექმენი, თუ რამის თავი გაქვს. განათლების დეფიციტის ბრალია, რომ არ იცი, როგორ უნდა მოუარო შენს საგანძურს…  განაწყენებული ადამიანის პოზიციიდან მართლა არ ვლაპარაკობ. ვერ ვიტყვი, რომ ვინმე კონცერტებზე მბლოკავს. რამდენიმე კონცერტზე ვიყავი მეც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა გავჩუმდე, როცა რაღაც არ მომწონს… განვმეორდები, ჩვენი ხმა მივა მხოლოდ იმ ადამიანებამდე, რომლებსაც საკუთარი შეხედულებებისამებრ მომღერლის ბედის გადაწყვეტა ხელეწიფებათ. ამასობაში ქართული კულტურა ზარალდება…
    – უშვებთ იმას, რომ ამ განცხადებების შემდეგ თქვენ და მარიამს კონცერტებზე დაგბლოკავენ?
    – ბევრ რამეს ვუშვებ, ბევრ რაღაცაზე ვფიქრობ, ბევრ კითხვას ვსვამ. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. ავითვალოთ იმ დღიდან, როცა სტატუსი დავწერე და ვნახოთ ერთად… მინდა ვუთხრა მათ, ნუ გაიხდიან მტრად მოყვარეს, რომელიც პირში უძრახებს და მთავარი, ნუ დავწვრილმანდებით, ნუ გადავეკიდებით ერთმანეთს მართალი სიტყვისთვის, თორემ ბავშვს გადავაყოლებთ ნაბან წყალს, ეს ბავშვი გასაფრთხილებელია. თორემ მე ვერაფერს დამაკლებენ. რა უნდა დააკლონ თამრიკო ჭოხონელიძეს, დაჯდება სახლში, შვილიშვილებთან ერთად იმღერებს და მიიღებს დიდ სიამოვნებას. საზოგადოება არ იზარალებს ამით, მერწმუნეთ, აბსოლუტურად გულწრფელი ვარ ახლა. რამდენი თამრიკო ჭოხონელიძე შეიძლება დაჩრდილო, თუ ბევრი, აღარ გეყოლება ქართული კულტურის გულშემატკივარი.ნინო მჭედლიშვილი„პრაიმტაიმი“

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი