გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან თამარ ჭოხონელიძესთან, რომელიც „პრაიმტაიმში“ დაიბეჭდა. მუსიკოსი ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გამართულ კონცერტზე დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს.
– ქალბატონო თამარ, საზოგადოების ნაწილმა მიიჩნია, რომ თქვენ იმ ღამით მარიამის გამორთული მიკროფონი გალაპარაკებდათ, რომ სწორედ თქვენი შვილის გამო ცხარობდით…
– ძალიან გული მწყდება, რომ ეს კატეგორია არსებობს ჩვენს ქვეყანაში. მათ კარგი სახელი ნამდვილად არ ჰქვიათ, ძალიან ვიწროდ მოაზროვნე ტვინმა შეიძლება ეს ათქმევინოს და აფიქრებინოს ადამიანს. ხაზგასმით მინდა ვთქვა, აქ მარიამზე არ ყოფილა საუბარი, ლაპარაკი იყო არაპროფესიონალიზმზე, რომელმაც იქამდე მიგვიყვანა, რომ ჩვენი ერთადერთი საგანძური არასწორად ვაჩვენეთ, ძალიან ცუდად ვაჩვენეთ იმ ევროპას, რომელსაც ასე მოწიწებით შევჩერებივართ. მათგან მეგობრობის ხელის გამოწვდას ველოდებით, როგორც იქნა, გამოგვიწოდეს და რა? უნდოდათ თუ არ უნდოდათ, ამას ევროპა უყურებდა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი საოცნებო ევროპის უამრავ ქვეყანაში ქართული ხალხური სიმღერის შემსწავლელი კლუბები არსებობს, ფანკლუბები არსებობს ქართული ხალხური მუსიკალური აზროვნებისა. მაშინ როდესაც პირველ ღონისძიებას ატარებ, რომლითაც ვიზალიბერალიზაციას ზეიმობ, მაქსიმალურად მაღალ დონეზე უნდა გააკეთო ყველაფერი, დაწყებული სცენის დამლაგებლიდან, რეჟისურით დამთავრებული. ჩვენ ხომ არ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ხმა სწორად არ დარეგულირდა, ჩვენ ვსაუბრობთ ყველაზე უხეშ შეცდომაზე, ხმა გაითიშა, მიკროფონი არ იყო ჩართული. ვიცი, რომ წინა დღით იყო რეპეტიცია. რას რეპეტიციობდა ეს ხალხი, თუ მიკროფონის ჩართვა-გამორთვა ვერ ისწავლა? ნაწილი პროგრამისა პლუსზე შესრულდა. ვერც იმ ხალხს ვერ გავამტყუნებ. ზუსტად ამ მაგალითების შეეშინდათ. ეს პირველად არ ხდება. გვახსოვს ჩვენ თბილისობისადმი მიძღვნილი კონცერტი, სადაც ლიზა ყენია, ნინი ბადურაშვილი და მარიამ როინიშვილი მღეროდნენ. ახსოვს ეს საზოგადოებას, სადაც ლიზა, ფაქტობრივად, ტყუილად იდგა. მისი მიკროფონი გათიშული იყო. არაპროფესიონალიზმია, აბა, რა ჰქვია ამას. ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი იცით, რა არის? როცა ამ ყველაფრის შემსუბუქებას ცდილობენ. მერე რა, სხვა ქვეყნებშიც ხდება ასეო. მე არ მაინტერესებს, როდის გაუთიშეს ბიონსეს მიკროფონი. მერე რა, ჩემი ძმა ჩემზე უარესიაო, გაიგონებთ ხშირად. ეს დედას ამშვიდებს? ქვეყანა ზარალდება თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენზე კარგი შთაბეჭდილება არ შეექმნებათ.
ნინო მჭედლიშვილი
„პრაიმტაიმი“