Silence - ბიოგრაფიული დრამა, რომლის რეჟისორიც ლეგენდარული მარტინ სკორსეზე, სცენარის ავტორები კი სკორსეზე და ჯეი კოქსი გახლავთ. ფილმი ტაივანშია გადაღებული, მასში მთავარ როლს ენდრიუ გარფილდი ასრულებს, რომელიც ამერიკის კინოაკადემიის 89-ე კინოდაჯილდოებაზე მამაკაცის ძირითადი როლის კატეგორიაშია ნომინირებული ფილმისთვის Hacksaw Ridge. სცენარი მოგვითხრობს ორი მღვდლის შესახებ, რომლებიც პორტუგალიიდან იაპონიაში მისიონრებად წავიდნენ.
ფილმის პრემიერა გასული წლის 29 ნოემბერს რომში შედგა, ეს გახლავთ პროექტი, რომელზეს სკორსეზე 25 წლის განმავლობაში მუშაობდა. ფილმის ხანგრძლივობა 2 საათი და 41 წუთია. ამერიკის შეერთებულ შტატებში ფილმი კინოეკრანებზე 2016 წლის 23 დეკემბერს გამოვიდა. ფილმი ოსკარებზე წარდგენილია საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრის ნომინაციაზე.
ფილმში გარფილდთან ერთად ასევე თამაშობენ ადამ დრაივერი და ლიან ნიისონი. სკორსეზეს ნამუშევარი მოიპოვებს თუ არა ოსკარს, ამას მიმდინარე წლის 26 თებერვალს გავიგებთ, მანამდე კი ცოტა რამ სიუჟეტის შესახებ:
მეჩვიდმეტე საუკუნეში ორი მღვდელი ჩადის იაპონიაში, რომელიც სხვა მრწამსისთვის დახურულია, გარდა ბუდიზმისა, ამომავალი მზის ქვეყანას მართავს ტოკუგავა, რომელმაც იაპონიაში კათოლიკური მრწამსის მიღება აკრძალა, ხოლი ის, ვინც კანონს არ დაემორჩილებოდა, წამებით სიკვდილი ელოდა. მამა კრიშტოვან ფერეირა, რომელიც მისიონერულ სამუშაოებს 15 წლის განმავლობაში სწევდა იაპონიაში, დაიჭირეს, პორტუგალიაში კი ჰოლანდიელმა ტურისტმა ჩაიტანა ცნობა, რომ ფერეირამ უარყო თავისი ღმერთი და ბუდიზმს ეზიარა, ამ ცნობას არ დაუჯერებენ მისი მოსწავლეები მამა სებასტიან როდრიგესი და მამა ფრანცისკო გარპე, რომლებიც იაპონიაში გაემგზავრებიან.
ხანგრძლივი და საშიში მგზავრობის შემდეგ, ისინი იაპონიამდე ჩავლენ, სადაც ქრისტიანი იაპონელები მათ დამალავენ, ისინი ღამით, მაშინ როცა შედარებით დაცულად გრძნობენ თავს, იბარებენ აღსარებებს, აზიარებენ მრევლს და აღავლენენ წირვებს, თუმცა, ციხე შიგნიდან გატყდება და ინკვიზიტორები მათ იმ სოფელში მიაკითხავენ, სადაც იმყოფებიან, მოსახლეობა მათ დამალვას შეძლებს. სოფლის მოსახლეობის ოთხ წევრს ინკვიზიტორები მოსთხოვენ ხატს დააბიჯონ და უარყონ ღმერთი, ერთ-ერთი მათგანი მოთხოვნას შეასრულებს, სამი კი თავიანთ მრწამსს არ უარყოფს და მათ სასტიკი წამებით მოკლავენ. სასულიერო პირები ერთმანეთს დაშორდებიან და ორ სხვადასხვა ადგილზე წავლენ.
მამა სებასტიან როდრიგესს მრავალდღიანი მტანჯველი უმისამართო სიარულის შემდეგ შეიპყრობენ და ნაგასაკში წაიყვანენ, მას სასტიკი წამება ელის, თუმცა ინკვიზიტორებს სხვა რამ, მისი სულის შეცვლა აქვთ გადაწყვეტილი. მრავალდღიანი ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ, მას ზღვის სანაპიროზე მიიყვანენ, სადაც მოუწევს იმის ნახვა, თუ როგორ ახრჩობენ ქრისტიან იაპონელებს წყალში, ერთ-ერთი მათგანი კი მამა ფრანცისკო გარპე აღმოჩნდება.
ეს სანახაობა მასში აგონიას გამოიწვევს, თუმცა, მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ საკუთარ რწმენას არ უარყოფს, აქ კი ინკვიზიტორები სხვა მეთოდს მიმართავენ, მამა როდრიგესს მის მასწავლებელს მამა ფერეირას შეახვედრებენ, სადაც გაირკვევა, რომ ჰოლანდიელი ტურისტის ცნობა სიმართლე იყო, ფერეირამ წამების შემდეგ საკუთარი ღმერთი უარყო და ბუდისტი გახდა. ბევრს აღარ მოვყვებით, დანარჩენი თავად შეაფასეთ.
გარფილდის თამაში საკმაოდ ემოციურია, ფილმი კი დიდი რეიტინგებით სარგებლობს. Rotten Tomatoes მიხედვით ფილმს 83% აქვს, კინოკრიტიკოსების 186 რეცენზიის მიხედვით.