ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    რის მერე დაიძაბა ურთიერთობა ყარამანიშვილსა და გვარამიას შორის და რატომ გაათავისუფლეს არხის ფინანსური დირექტორი

    ავტორი: ქეთი ხატიაშვილი
    ხმაურიანი პროცესი „რუსთავი 2“-ზე სკანდალში აღარ გადაიზარდა. პროცესები შეჩერდა და ჯერ ძნელია იმის თქმა, როდემდე. ჯერჯერობით ყველაფერი მაინც იმით დასრულდა, რითიც დაიწყო – ყარამანიშვილებმა არხის ფინანსური დირექტორი მოხსნეს. გიგა სულაძე ნიკა გვარამიას შუამდგომლობით დაინიშნა.
    არხის მფლობელსა და გენერალურ დირექტორს შორის დაძაბულობაც, როგორც ითქვა, სწორედ ფინანსებით დაიწყო. ლევან ყარამანიშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა ფინანსების ხარჯვის გამო და სულაძის მოხსნა მოითხოვა, რაც ნიკა გვარამიამ გააპროტესტა.
    როგორც ითქვა, ყარამანიშვილსა და გვარამიას შორის ურთიერთობები ამ უკანასკნელის ზურაბ ადეიშვილთან სატელეფონო მოსმენების შემდეგ დაიძაბა. ჩანაწერში გენერალური დირექტორი „რუსთავი 2“-ის მფლობელს აკრიტიკებდა.
    „რუსთავი 2“-ის მფლობელის წერილობითი მიმართვებისა და არხის გენერალური დირექტორის სატელევიზიო შოუების შემდეგ ყველაფერი სწორედ ამ დირექტორის მოხსნის შემდეგ ჩაცხრა. ახლა ორივე მხარე დუმს. კულისებში მხოლოდ პოლიტიკოსები გამოთქვამენ საკუთარ ეჭვებსა და ვერსიებს.
    ამ ხმების ეპიცენტრში კი ისევ და ისევ ნიკა გვარამია დგას. სააკაშვილს უკვე დიდი ხანია, გაუჩნდა ეჭვი გენერალური დირექტორის მიმართ. მას არ მოსწონს გვარამიას კავშირები ხელისუფლებასთან (მას არწმუნებენ, რომ ნიკა ვერტიკალთან გარიგებულია), უფრო მეტად კი მისი დამოკიდებულება „ევროპული საქართველოს“ წევრებთან. არ არის გამორიცხული, „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული ზოგიერთი ლიდერი „რუსთავი 2“-ის ეთერში ამიტომაც არ ჩნდება. მაგალითად, გიგი უგულავა. ფრაზა: „ჩვენ, პოლიტიკოსები, ყველანი ვართ მანქანებივით, რომლებიც გემსახურებით თქვენ. როცა მანქანა დაკარგავს თავის ფუნქციას, მაგრამ კიდევ გიყვარს, შეიძლება ის დააყენო და მოუარო, როგორც ანტიკვარს, და შემდეგ ოჯახის წევრები შაბათ-კვირას გაასეირნო, მაგრამ, თუ ის ანტიკვარად არ იქცა და თუ ეს მანქანა ისევ გაწუხებს, მაშინ შეიძლება, სხვა გადაწყვეტილება მიიღო, მაშინ შეიძლება, ეს მანქანა ჯართში მოისროლო“.
    როგორც ამბობენ, სააკაშვილი უგულავას ამ სკანდალურ მეტაფორას არ პატიობს. ის ჯერ ისევ ნაწყენია იმის გამო, რომ მისმა გუნდმა რევოლუციის აგორება ვერ შეძლო და ის საქართველოში ვერ დაბრუნდა. ბუნებრივია, მისი განწყობები ახლა ნაციონალებიდან წასულ ფიგურებზე აისახება. ჯერჯერობით ნიკა გვარამია ახერხებს ეკრანზე „ევროპული საქართველოს“ წევრების ჩვენებას. არ არის გამორიცხული, არხიდან მისი წასვლის შემდეგ, „აბუნტებული“ და „ხელისუფლებასთან შეკრული“ პოლიტიკოსებისთვის „რუსთავი 2“-ის კარი დაიხუროს, ყოველ შემთხვევაში, ამის მცდელობა იყოს.
    ამიტომაც გაისმის მოწოდებები იმის თაობაზე, რომ არხი არ უნდა იყოს აფილირებული რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან. რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს. ისიც ფაქტია, რომ ნაციონალები არხს მაინც იყენებენ პოლიტიკური ვაჭრობის დროს – თუ გინდა არხის კარი გაგიხსნან, მაშინ მათთვის, „ნაციონალური მოძრაობისთვის“, მომგებიანი პოზიცია უნდა დააფიქსირო. არის შემთხვევები, როცა ექსპერტები პირად საუბრებში გეტყვიან: ეს პოზიცია სწორია, მაგრამ რომ ვთქვა, „რუსთავი 2“-ზე აღარ მაჩვენებენო. ბუნებრივია, არხი გაცილებით საინტერესო იქნება ასეთი პოლიტიკური დაკვეთების გარეშე.
    ნიკა გვარამიას მიმართ კითხვის ნიშნები არამხოლოდ სააკაშვილს აქვს, კულისებში პალიკო კუბლაშვილთან მის ფარულ შეხვედრებზეც საუბრობენ. ოდესაში მყოფ სააკაშვილს არწმუნებენ, რომ ის ფარულად ყველას ესაუბრება და ურიგდება. ოდესის ყოფილ გუბერნატორს კი „ბუნტავშიკები“ არ უყვარს. პალიკომ „ნაციონალური მოძრაობა“ პირველმა დატოვა. სხვათა შორის, მაშინ მას და ზურაბ ჯაფარიძეს მოღალატეებს ისინიც ეძახდნენ, ვინც ახლა თავად გახდა „მოღალატე“ – „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა.
    ახლა ყველა ელის, როდის დატოვებს არხს ნიკა გვარამია. ამბობენ, რომ ეს თითქმის გარდაუვალია, არხის გენერალური დირექტორი კი, თავის მხრივ, რა თქმა უნდა, ცდილობს, ამ ომიდან მაქსიმალური მოგებით გავიდეს.
    „რუსთავი 2“-ზე პროცესი გაჩერდა, თუმცა, ვითარება ისევ დაძაბული ჩანს.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი