„ალილოს“ წევრი ბექა ჩხაიძე მეორედ დაოჯახდა. ბექას სასიყვარულო ისტორიები ხშირად ხვდებოდა ყვითელი პრესის ფურცლებზე. პირველი ქორწინებიდან ბექას ერთი ქალიშვილი ჰყავს. შემდეგი სასიყვარულო ისტორია ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის შვილს უკავშირდება. როგორც ამბობენ, მაშინ ბიზნესმენმა შვილი აიძულა, ჩვენება ბექას წინააღმდეგ მიეცა და მომღერალი 2 თვით ციხეშიც იჯდა.
რომანი ვანო ჩხარტიშვილის შვილთან
მაშინ „პრაიმტაიმი“ წერდა, „ბექა ჩხაიძის საქმეში დევს ტაქსის მძღოლის ჩვენება. ის ამბობს, რომ ბიჭი, რომელიც მისი მანქანით მგზავრობდა, კარგი ვოკალური მონაცემებით გამოირჩეოდა, ხოლო გოგოს მოტაცებულის არაფერი ეტყობოდა, ერთმანეთს ეფერებოდნენო… თუმცა, როგორც ჩანს, ეს ჩვენება საკმარისი არ არის ჩხარტიშვილის შელახული პატივმოყვარეობისთვის, რადგან ჩხაიძის ახლობლების კომენტარებში მისი მხრიდან ზეწოლა აშკარად იგრძნობა.
„სირცხვილია, ამ კითხვაზე როგორ გაგცეთ პასუხი, რა სერიოზული თემა ეს არის, რომ გაზეთის ფურცლებზე გამოვიტანოთ რაღაც ჩვეულებრივი ინციდენტი. მიმაჩნია, რომ ეს არ არის საერთოდ საგაზეთო სტატია. თქვენ თუ თვლით ასე, მე გეუბნებით, რომ ამ კითხვაზე სირცხვილია პასუხის გაცემა“. – ასეთი კომენტარი გააკეთა მაშინ ვანო ჩხარტიშვილმა „პრაიმტაიმთან“.
მომღერლისა და ტელეწამყვანის სიყვარულის ისტორია
ბექა ჩხაიძის შემდეგი სიყვარული ტელეწამყვან ეკო ფანგანს უკავშირდება. მაშინ ბექა და ეკო „პრაიმტაიმთან“ ყვებოდნენ თავიანთი რომანის ამბებს.
„ბექა: მოკლედ. ერთად ვართ.
ეკა: ერთად ვართ რა წინადადებაა? ვერ ვხვდები, ეს რას ნიშნავს.
ბექა: კარგი, შეყვარებულები ვართ. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ „შევასებულები“. ერთმანეთს ძალიან დიდი ხანია ვიცნობთ, მაგრამ მოწონებით „ფეშენ ვიკის“ After Farty-ზე მომეწონა. იქ გამოცხვა ერთი დიდი ტორტი და ახლა ბედნიერი ვარ. ხანდახან ვჩხუბობთ ხოლმე, მაგრამ ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ. ჯერჯერობით სერიოზულს არაფერს ვაპირებთ და თუ დავაპირებთ, აუცილებლად ვიტყვით.
ეკა: აი, ასეთი უნდა იყოს ბიჭი, როგორიც ბექაა. ძალიან კარგი ხასიათი აქვს და რა, არ უნდა მომწონებოდა? სად ვიყავი აქამდე, თურმე ოზურგეთში უნდა ჩავსულიყავი და იქ მომეძებნა:) ერთხელ ვარ ნამყოფი ზალიკოს ჩვენებაზე, მაგრამ მაშინ ბექა იქ არ იყო.
ბექა: ახლა ჩემთან ერთად წამოვა. მალე ჩავალთ და უნდა დავათვალიერებინო.
– ბექას შენთვის თუ უმღერია?
ეკა: როგორ არა. ცოტა ხნის წინ ფანჯრებთან მომაკითხა, 15 კაცი მომაყენა. მრავალჟამიერი და სხვა სიმღერებიც მიმღერა. სიმღერებს ყოველდღე მიძღვნის, მაგრამ ფანჯარასთან სიმღერა ჩემთვის მაინც ყველაზე კარგი შეგრძნება იყო.
ბექას ახლა მარტო ვეღარსად დაინახავთ. ყველგან თითქმის ერთად დადიან. ეკას ხათრით გარკვეულ საკითხებში ბექა საკმაოდ დამთმობი გახდა.
ეკა: ბექას ძალიან ვთხოვე, აღარ დალიო-მეთქი და შემისრულა. მე არც აქამდე ვსვამდი. ზოგადად, დალევის წინააღმდეგი არა ვარ. როცა კაცი ხარ, რესტორანში ხარ და მღერი, უნდა დალიო, აბა, რა უნდა ქნა? უბრალოდ, ბევრი არ უნდა მოგივიდეს. ამხელა კაცია, სულ ქეიფში ხომ არ იქნება?
სულ ხუმრობენ და კარგ ხასიათზე არიან. ერთმანეთისთვის ერთი მეტსახელიც აქვთ მოფიქრებული – „ფუფი“.
ეკა: არ ვიცი, საიდან მოიტანა. ერთ მშვენიერ დღეს დამიწყო „ფუფის“ დაძახება. სათამაშო მაჩუქა და იმასაც „ფუფი“ დაარქვა. სულ ასე ვხუმრობთ და უკვე ერთმანეთს „ფუფის“ ვეძახით.
ბექა: არადა, ეკას მეტსახელია და მერე მე შემომიბრუნა
– შენთვის არაფერი უჩუქებია ეკას?
ბექა: როგორ არა, თავისი თავი მაჩუქა. შეხედეთ, რა კარგი გოგოა, მეტი საჩუქარი რაღად მინდა.
– ერთმანეთის თაყვანისმცემლებზე არ ეჭვიანობთ?
ეკა: ყველა ნორმალურ ადამიანს ჰყავს თაყვანისმცემელი და იმათ თუ ვდიეთ მე და ბექამ, ერთმანეთს ვეღარ შევხვდებით“.
რომანი სუხიშვილების მოცეკვავესთან
ბექასა და ეკოს სიყვარული ოჯახური თანაცხოვრებით არ დამთავრდა. როგორც ამბობენ, წყვილი ეკო ფანგანის ინიციატივით დაშორდა. მიზეზი კი ის გარემოება გახდა, რომ ბექა ქალებთან ფლირტს ვერ გადაეჩვია. ბექამ ისევ დაიწყო ახალი სიყვარულის ძებნა. მალე მომღერლის ახალი სიყვარულიც გამოჩნდა. სუხიშვილების ყოფილ მოცეკვავეს, ლიკა თორიას ბექა 5 თვის განმავლობაში ხვდებოდა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ლიკას პირველი ქორწინებიდან 11 წლის შვილი ჰყავს. იმ პერიოდში, როცა ბექამ გოგონას მიმართ ინტერესი გამოხატა, ლიკას ამერიკაში სასწავლებლად წასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი და დიდი ხნის განმავლობაში ბიჭს სიყვარულზე სიყვარულითვე ვერ პასუხობდა. ბექა ოჯახის შექმნაზე ელაპარაკებოდა ლიკას, დაჰყავდა მეგობრების წრეში, გააცნო მშობლები, ნათესავები, უძღვნიდა სიმღერებს (ერთ-ერთი ასეთი ვიდეო მომღერლის „ფეისბუკზე“ დღესაც დევს მინაწერით, – „ლ…ას <3“), მის ფოტოებს დებდა „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე. ბოლოს ლიკამაც გააცნო მშობლები ბექას და როცა უკვე ყველაფერი ნიშნობამდე მივიდა, ბექა დაქორწინდა… ოღონდ სხვაზე. მომღერლის რჩეული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი თეონა ჯაფარიძეა.
ერთდროულად ორი ქალი და ერთი არჩევანი
როგორც ჩვენი წყარო გვატყობინებს, ლიკამ ბექას ახალი სიყვარულის შესახებ ბოლო დრომდე არაფერი იცოდა. მეგობრები ლიკას გაბედნიერებას ულოცავდნენ და სწორედ აქედან გაიგო მოცეკვავემ, რომ მისმა შეყვარებულმა ცოლი მოიყვანა. „პრაიმტაიმმა“ ისიც გაარკვია, რომ არანაირი ახსნა-განმარტება ბექას ლიკასთან არ გაუკეთებია, მარტივად დაბლოკა ყველგან შეყვარებული და ტელეფონის ნომერიც გამოცვალა.
ამ ინფორმაციის გადამოწმება ლიკასთან ვცადეთ.
– ლიკა, „პრაიმტაიმიდან“ გაწუხებთ. ბექა ჩხაიძეზე მინდა გკითხოთ…
– ამ თემაზე კომენტარს არ ვაკეთებ.
– ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ბექას შეყვარებული მის დაოჯახებამდე თქვენ იყავით, ასეა?
– ასეა.
– მართალია, რომ ბექას დაოჯახების ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, თქვენი მეგობრები გათხოვებას თქვენ გილოცავდნენ?
– ხომ გთხოვეთ, ამაზე ლაპარაკი არ მინდა. ბედნიერებას ვუსურვებ წყვილს.
ჩვენ ბექასაც დავუკავშირდით.
– ბექა, „პრაიმტაიმიდან“ გირეკავთ…
– როგორ ხართ?
– მადლობა, კარგად. პირველ რიგში, გილოცავთ გაბედნიერებას.
– დიდი მადლობა. გაიხარეთ.
– რამდენიმე კითხვა მაქვს, პირდაპირ საქმეზე გადავალ…
– გისმენთ.
– ლიკა თორიას თუ იცნობთ.
– ლიკა თორია? აზრზე არა ვარ… გვარი გეშლებათ, მგონი… ერთი მეგობარი იყო და ყველას ეშლება მისი გვარი.
– რა გვარია თქვენი მეგობარი?
– მოიცა, ახლავე დავგუგლავ და მოგწერ ზუსტად მაგ გვარს… ვისთან ერთად ხარ?
– ვისთან ერთად ვარ? ვერ მივხვდი…
– რომელი ხარ?
– ნინო მჭედლიშვილი, ჟურნალისტი „პრაიტაიმიდან“. მე და თქვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ.
– აა, არა? კარგი, მაპატიე, ორ წუთში დაგირეკავ და გეტყვი ყველაფერს.
ჩვენი საუბარი სოციალურ ქსელში გაგრძელდა.
– მე მითხრეს რომ ლიკა თორია შენი შეყვარებული იყო…
– ჩემი შეყვარებული ვინც იყო ცოლად მოვიყანე, რას მეკითხებით.
– ანუ ამ გოგონას არ იცნობ (ფოტო გავუგზავნე.ავტ.)?
– ეტყობა სხვა ბექას წერდით და შეგეშალათ…
– კარგი.
– ვიცნობ როგორ არა, მაგარი გოგია, ძალიან კარგი, მაგრამ სუხიშვილებში თუ ცეკვავდა არ ვიცოდი.
ნინო მჭედლიშვილი
„პრაიმტაიმი“
წყარო