ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    დეკანოზ მამალაძის სკანდალური ჩვენება – ვის დაადო ხელი „ციანიდის საქმეზე“ დაკავებულმა პირმა



    ავტორი: ქეთი ხატიაშვილი
    ძნელია, კონკრეტულად რაიმეს მტკიცება, თუმცა, როგორც ჩანს, ადვოკატების განცხადებები, – დეკანოზი მამალაძე ისეთ რამეს იტყვის, რომ საქმეს თავდაყირა დააყენებსო, – შემთხვევითი არ იყო. ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ დეკანოზმა პროკურატურასთან იქამდე ითანამშრომლა, სადამდეც ეს მის ინტერესებში შედიოდა. როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, დეკანოზი მამალაძე ხელს ადებს პროკურატურის მთავარ მოწმეს ირაკლი მამალაძეს და ამბობს, რომ იარაღი, რომელიც საქმეში ფიგურირებს, მას სწორედ ჟურნალისტმა მამალაძემ მიაბარა.
    ირაკლი მამალაძე ამ ინფორმაციას სისულელეს უწოდებს და კომენტარისგან თავს იკავებს.
    პროკურატურის კრიტიკულ კითხვებზე პასუხის ნაცვლად – წყევლა-კრულვა (ტექსტი სოციალური ქსელებით გავრცელდა. ჩვენ მის შინაარსს არ შემოგთავაზებთ, თუმცა ქვემოთ ამ თემას შევეხებით). პროკურორის ნაცვლად – სასულიერო პირი. დეკანოზი მამალაძე აღსარების უფლებას ითხოვს.
    მოთხოვნა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პროკურატურას მან თანამშრომლობა შესთავაზა. ეს მოთხოვნა კიდევ ერთ ფაქტს დაემთხვა – გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პატიმრის ნახვის უფლება სასულიერო პირებს აეკრძალათ.
    პროცესში ჯერ მეუფე პეტრე აქტიურობდა. დაპატიმრებული დეკანოზის მონახულების შემდეგ ის ხმამაღალ და ხმაურიან განცხადებებსაც კი აკეთებდა. ჩაითვალა, რომ ეს პროცესს ხელს უშლიდა, ამიტომაც, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სასულიერო პირებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის უფლება აღარ მისცეს. საპატრიარქომ ამ წინადადებას მხარი დაუჭირა და სასულიერო პირებს მოუწოდა, თავი შეეკავებინათ ზედმეტი აქტიურობისა და განცხადებების გაკეთებისგან.
    მოგვიანებით საინტერესო ფრაზა გაისმა დაკავებული დეკანოზის ერთ-ერთი ადვოკატისგან. მიხეილ რამიშვილმა ემოციური და თითქოს მუქარანარევი ტონით თქვა: „მივმართავ სასულიერო პირებს, სანამ კიდევ რწმენა შემრჩენია, კეთილი ინებეთ და თქვენი სულიერი ძმის სიცოცხლეზე იფიქრეთ“.
    ამ განცხადების შემდეგ ვრცელი პრესკონფერენცია გამართა მეუფე დიმიტრიმ, რომელიც ხმაურიანი პროცესიდან გავიდა. ციანიდის სკანდალის ფონზე მან პირველად თქვა, რომ არ აპირებს პატრიარქობას, უკვე პრესკონფერენციაზეც მკვეთრი დისტანცირება მოახდინა როგორც მეუფე პეტრესგან, ისე სოსო ოხანაშვილისგან:
    „მე მეუფე პეტრეს შეფასებებს არ ვეთანხმები. არ ვიცი, თქვენ რას ეძახით დაპირისპირებას, მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩვენ საკმაოდ ცხარედ ვკამათობთ სინოდის სხდომების დროს და ეს ჩვეულებრივი რამეა, როცა ხდება, ხანდახან ძალიან მძიმე, რთულ საკითხებთან შეხება“.
    „ჩვენ [იგულისხმება ოხანაშვილი] არაერთხელ გვქონია ცხარე კამათი მასთან. მოგეხსენებათ, პატრიარქის უსაფრთხოება და მთელი საპატრიარქოსი არ არის იოლი საქმე. ჩვენ დაახლოებით ერთ წლის წინ გქონდა საუბარი, ხომ არ სჯობდა დაეტოვებინა ეს სამსახური, იმიტომ რომ, როგორც ახლა ხდება, ხშირ შემთხვევებში ხდებოდა, რომ მის ყველა ნათქვამსა და მოქმედებას, რატომღაც ჩემთან აიგივებდნენ და აიგივებენ. ის ზრდასრული ადამიანია და თვითონ იღებს ყველანაირ გადაწყვეტილებას“.
    რაც შეეხება ზიარებას, მეუფე დიმიტრის განმარტებით, ის დაელოდება კურთხევას და თუ პატრიარქი უფლებას მისცემს, მაშინ დეკანოზს მოინახულებს.
    თუმცა, ვარაუდობენ, რომ ბევრი ფაქტორის გამო გამოძიებაც და საპატრიარქოს დეკანოზის აღსარებას არ დასთანხმდება. ვარაუდობენ, რომ, სანამ დაკავებული დეკანოზი პროკურატურის შეკითხვებს არ უპასუხებს, მანამდე შესაძლოა, სასულიერო პირებმა თავი შეიკავონ ყოველგვარი აქტიურობისგან.
    ექსპერტი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, აღსარების რიტუალი ჯობია, არ ჩატარდეს. ექსპერტი სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებსაც ასახელებს:
    – აღსარების საკითხი ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, ეს არის საეკლესიო სივრცე, თუმცა, რამდენადაც საქმე გვაქვს ატიპურ მოცემულობასთან – სასულიერო პირი საკმაოდ მძიმე ბრალდებით არის დაპატიმრებული, მისი უსაფრთხოება გაძლიერებულია – ამ შემთხვევაში ეს საეკლესიო სივრცის ფარგლებიდან გადის და ის მთლიანად სახელმწიფოებრივი პროცესის ნაწილი ხდება. ამიტომაც ძალიან საფრთხილოა ეს თემა. მით უფრო, რომ მიტროპოლიტმა დიმიტრიმ უნდა ჩაიბაროს აღსარება. აღსარება, როგორც ინფორმაციის გაცვლისა და დიალოგის ფორმა საფრთხილოდ მიმაჩნია. ეს ბევრი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. უმჯობესია, არ იყოს ზიარებაზე ნებართვა, სანამ პროცესის ძირითადი ნაწილი საკვანძო ადგილამდე არ გაიხსნება, არის რისკები.
    მაგალითად, პირველი, რის თქმას აპირებს ის მიტროპოლიტისთვის, ან მიტროპოლიტი რას ეტყვის, ხომ არ იქნება ზეწოლა, ხომ არ არის ეს დიალოგი ერთიანი შეთქმულების ნაწილის რაღაც სივრცე, სადაც გარკვეულ გეგმებსა და მოსაზრებებს ათანხმებენ და ასე შემდეგ… ძალიან ბევრ ეჭვს აღძრავს თავად შეხვედრა.
    ეს იმ პერიოდს დაემთხვა, როცა სინოდი შეთანხმდა, რომ ჯერჯერობით სასულიერო პირებს თავი შეეკავებინათ დაკავებულთან შეხვედრაზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. მით უფრო, რომ გამოძიებას საქმისთვის ჯერ ზუსტი კვალიფიკაციაც არ მიუცია. ამ ფონზე აღსარება ინტერპრეტაციებისთვის დიდ სივრცეს აჩენს. ახლა ეს შეხვედრა ძალიან დამაფიქრებელი, საფრთხილო და დასაეჭვებელია.
    – მით უფრო, რომ, როგორც ადვოკატების, ისე სოსო ოხანაშვილის მხრიდან გაკეთდა სკანდალური მინიშნებები ვიღაცების მიმართ, როცა მათ სკანდალურ თემებზე საუბარი დააანონსეს, თუმცა, კონკრეტული ჯერ არაფერი მოგვისმენია.
    – და თითქოს მიტროპოლიტი პეტრე ნაწილობრივ ჩაეხსნა პროცესს და ახლა კი მიტროპოლიტი დიმიტრი იძულებული გახდა, პირადად ჩაერთოს პროცესში… თითქოს, რაც ვერ მოახერხა მეუფე პეტრემ რამდენიმე შეხვედრით, ახლა მეუფე დიმიტრი შეძლებს… აქამდე დიმიტრი კომენტარებზეც კი თავს იკავებდა. საერთოდ, გვერდზე იყო დამდგარი და ახლა მისი ინტერესი პროცესში ჩართულობაზე ჩანს. თანაც დიმიტრი არის პროცესში ერთ-ერთ შესაძლო ფიგურანტად დასახელებული.
    როგორც გითხარით, ატიპური მოცემულობა გვაქვს. ნებისმიერმა კომუნიკაციამ შესაძლოა, დაპატიმრებული დეკანოზის ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედოს. ერთხელ მეუფე პეტრესთან საუბრის დროს დეკანოზს გული ცუდად გაუხდა. ის ისედაც მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ არის – დაკავებულია, მისი მომავალი გაუგებარია… პროკურატურა იყო შესული და საუბრის დროს შეუძლოდ გახდა. მაშინ თავად აღსარების პროცესიც შეიძლება საშიში აღმოჩნდეს ფიზიკურად, თუკი მას ძალიან მნიშვნელოვანი რამ აქვს სათქმელი.
    იმასაც გეტყვით, რომ დეკანოზის ვალდებულება, სახელმწიფოსთან ისაუბროს, უფრო მაღალია, ვიდრე მოძღვართან, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ასეა… აღსარების უფლება დატოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს ის გარკვეულ თემებზე აპირებს, შეუთანხმდეს მეუფე დიმიტრის და შემდეგ გააგრძელოს პროკურატურასთან შეხვედრა. მოკლედ, შეხვედრა ბევრ კითხვის ნიშანს და ინტერპრეტაციების სივრცეს გააჩენს, ამიტომაც აჯობებს, ამ ეტაპზე საპატრიარქომ ამ რიტუალისგან თავი შეიკავოს.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი