მაია რჩეულიშვილი მისთვის ახალი ბრალის წაყენებას, წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადის ამოწურვას უკავშირებს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”ცენტრ პოინტის” დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის ადვოკატმა მარიამ ცუცქირიძემ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, მაია რჩეულიშვილს ახალი ბრალი ოფიციალურად დღეს, პენიტენციურ დაწესებულებაში წაუყენეს.”რა თქმა უნდა, ბრალს არ აღიარებს. ნამდვილად ვფიქრობთ, რომ ეს ახალი ბრალი 9-თვიანი პატიმრობის ვადის ამოწურვას უკავშირდება. ალბათ, პროკურატურა მოითხოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას და ამით გააგრძელებს მაია რჩეულიშვილის პატიმრობას კიდევ 9 თვით”, - განაცხადა მარიამ ცუცქირიძემ.
”ცენტრ პოინტის” დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, მაია რჩეულიშვილს ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 9-თვიანი ვადა მარტში ეწურება. მთავარმა პროკურატურამ შპს „ცენტრ-პოინტ ჯგუფის“ დამფუძნებელი და დირექტორი მაია რჩეულიშვილი და შპს „დიღომი დისთრიქთ აფართმენთის“ საორგანიზაციო განყოფილების ყოფილი უფროსი ქეთევან ჟორდანია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. საქმე დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტს ეხება. გამოძიება ”ცენტრ პოინტის” დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს 236 177 ლარის მითვისებას ედავება.
წყარო