ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ოჯახური ძალადობის სტატისტიკა საქართველოში - რას ნიშნავს შემაკავებელი ორდერი და როგორ უნდა დაიცვათ თავი მოძალადისგან?

    ოჯახური ძალადობა საქართველოში სამწუხაროდ, წლებია პრობლემად რჩება. ოჯახში ძალადობად ითვლება ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი სახის ძალადობა: ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური თუ სექსუალური ძალადობა.

    2012 წლის მაისში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც მოხდა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია. ძალადობის ფაქტის დაფიქსირებისას, პოლიციელი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვის და ძალადობის განმეორების თავიდან აცილების მიზნით გამოსცეს შემაკავებელი ორდერი.

    შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლით 175-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით 381 პირველი ნაწილით.

    მართალია, პოლიციის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, თუმცა სპეციალისტების შეფასებით ძალადობის მაჩვენებელი რეალურად ბევრად მაღალია.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2013-2017 წლების მონაცემებით, გამოცემულია შემდეგი რაოდენობის შემაკავებელი ორდერები (იგულისხმება ოჯახის ნებისმიერ წევრზე ძალადობის შემთხვევაში გამოცემული ორდერები):
    • 2013 წელს 227 შემაკავებელი ორდერი გამოიცა
    • 2014 წელს რაოდენობა თითქმის გაოთხმაგდა და 817 გახდა
    • 2015 წელს კიდევ სამჯერ გაიზარდა შემაკავებელი ორდერების რაოდენობა - 2 598
    • რაც შეეხება 2016 წლის სტატისტიკას, პოლიციამ 2 877 ორდერი გამოსცა
    • 2017 წლის 24 აპრილის მდგომარეობით კი უკვე 752 ორდერია გაცემული
    AMBEBI.GE დაინტერესდა რა შემთხვევაში გაიცემა შემაკავებელი ორდერი, რამდენად ეფექტურია იგი და როგორ მოქმედებს. გვესაუბრება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის კოორდინატორი ნინო ჩიხლაძე:

    "საქართველოს კანონმდებლობით ორი დამცავი მექანიზმია განსაზღვრული - ესაა შემაკავებელი და დამცავი ორდერი.

    შემაკავებელ ორდერს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ფაქტზე რეაგირების დროს გამოსცემს. პატრული მისვლის შემდეგ, თუკი ჩათვლის საჭიროდ, შემაკავებელ ორდერს აფორმებს, რის შემდეგადაც ის სასამართლოში დასამტკიცებლად იგზავნება. მას სასამართლო ერთ თვემდე ვადით ამტკიცებს.

    თუ მსხვერპლი არ მიმართავს პატრულს და მიმართავს სასამართლოს, სასამართლო მიმართვიდან 10 დღის ვადაში ჩანიშნავს პროცესს და სამ თვემდე ვადით გამოსცემს დამცავ ორდერს, რომელიც შესაძლებელია გაგრძელდეს 6 თვის ვადით. ჯამში ეს ორდერი 9 თვე მოქმედებს.

    - რას გულისხმობს ეს ორი ორდერი და რით განსხვავდება ერთმანეთისგან?
    - შინაარსობრივად ეს ორი ორდერი იდენტურია. მათი საშუალებით, მოძალადეს გარკვეული ქმედებები ეკრძალება, როგორიცაა: მსხვერპლის სამსახურთან და საცხოვრებელ ადგილას მიახლოება, ან სატელეფონო ზარები. თუ ამ შეზღუდვებიდან რომელიმე დაირღვა, მსხვერპლმა შესაბამის ორგანოს უნდა აცნობოს.

    - როგორ მოქმედებს ორდერი და რეალურად რამდენად იცავს მსხვერპლს მოძალადისგან?
    - არის შემთხვევები, როდესაც ეს ორდერი მოქმედებს და მოძალადეს ამის ეშინია. თუმცა, შესაძლოა ორდერის გამოწერის შემდეგ, მოძალადე კიდევ უფრო გაღიზიანდეს. რეალურად ეს არის დაცვითი მექანიზმი და ხშირ შემთხვევაში ამას იმისთვის იყენებენ, რომ მსხვეპლი თავშესაფარში გადავიდეს.

    - როდესაც ორდერის მოქმედება სრულდება და მოძალადე ძალადობას კვლავ აგრძელებს, მსხვერპლი როგორ უნდა მოიქცეს?
    - დროის გასვლის შემდეგ მან იგივე პროცედურა უნდა გაიაროს. რეალურად, ჩვენ წრეზე ვტრიალებთ. თუ ორდერის მოქმედება გავიდა და მოძალადემ ისევ დაიწყო ძალადობა, მაშინ ისევ ან საპატრულოს ან სასამართლოს უნდა მიმართოს.

    - დარღვევის შემთხვევაში რა ხდება?
    - მოძალადეს ადმინისტრაციული პატიმრობა ან გამოსასწორებელი სამუშაოები ელოდება. შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის 7 დღემდე პატიმრობაა გათვალისწინებული, ხოლო დამცავი ორდერის დარღვევისთვის - 15-დღიანი პატიმრობა ან გამოსასწორებელი სამუშაოები.

    - ორდერის დარღვევის შემთხვევები რამდენად ხშირია?
    - ჩემს პრაქტიკაში ასეთი შემთხვევები არ ფიქსირდება. საერთოდ, რამდენად ხშირად ირღვევა ამ ორდერის მოქმედება ან ირღვევა თუ არა, ამის მონიტორინგი არ ხდება. თუმცა, თუ გავიხსნებთ იგივე 2014 წლის ქალთა მკვლელობების სერიას, რომელიც საია-მ შეისწავლა და იმ საქმეების სასამართლო გადაწყვეტილებებს თუ გადავხედავთ, აღმოჩნდა, რომ მსხვერპლებს სამართალდამცავი ორგანოებისთვის რამდენჯერმე ჰქონდათ მიმართული, თუმცა მათ შესაბამისი რეაგირება ვერ მოახდინეს, ანუ შემაკავებელი ორდერი გამოწერილი არ იყო. ეს ორდერი რომ ყოფილიყო გამოწერილი,  ვერ გეტყვით ამ შემთხვევაში მოხდებოდა თუ არა მკვლელობა, ყოველ შემთხვევაში საჭირო რეაგირება არ მომხდარა.

    - თუ მსხვერპლმა პოლიციას მიმართა, რა შემთხვევაში არ წერენ ორდერს?
    - ხშირად თვლიან, რომ საჭირო არ არის. როგორც წესი, თუ ფაქტი არ დაფიქსირდა და პოლიციას ორივე მათგანი ადგილზე არ დახვდა, ორდერს არ წერენ ხოლმე. ფაქტი როდესაც ხდება, მაშინ უნდა გამოიძახო პატრული, რომელიც ორივე მხარეს დაკითხავს. თუ მოძალადე ადგილზე არ ხვდება, ასეთ შემთხვევაში ვერ წერენ.

    ხშირად რეგიონში, სადაც ყველა ყველას იცნობს, ცდილობენ, საქმე ისე მოაგვარონ, რომ ორდერი არ გამოიყენონ და სიტყვიერ გაფრთხილებას აძლევენ, ან ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ხელწერილების წერის პრაქტიკა.

    - პოლიციას თუ მოძალადე ადგილზე ხვდება და ძალადობას არ ადასტურებს, ორდერს არ წერენ?
    - ხშირ შემთხვევაში მოძალადე ძალადობას არასდროს არ ადასტურებს, უნდა მოხდეს იდენტიფიცირება, რამდენად შეესაბამება ძალადობას. სამწუხაროდ, ჩვენს პოლიციელებს შეფასებითი ფორმა, რითიც ისინი შეაფასებდნენ თუ რამდენად მაღალია ძალადობის რისკი, არ აქვთ. რისკის შეფასებას ძალიან ბევრი ქვეყანა იყენებს. ეს იმას გულისხმობს, რომ არსებობს სპეციალური კითხვარი და პროგრამა, რისი საშუალებითაც ხდება გარკვევა, ვინ არის მსხვერპლი და ვინ მოძალადე. 

    ამიტომაც საია-ს აქვს ახალი პროექტი, რომელიც ამ რისკის შეფასებას ითვალისწინებს, რომელიც პრაქტიკაში უნდა დაინერგოს. პროექტი თვის ბოლოს იქნება მზად.

    - როგორ ფიქრობთ, ასახავს თუ არა რეალობას სტატისტიკა?
    - რა თქმა უნდა, ოფიციალური სტატისტიკისგან განსხვავებით არაოფიციალური სტატისტიკა ბევრად მაღალია. ბევრ მსხვერპლს ძალადობის შესახებ საუბარი არ სურს. მაგალითად, თუ წლიურად 2 000 ორდერია გამოწერილი, რა თქმა უნდა, ეს სრულყოფილი სურათი არ არის, შესაბამისად სტატისტიკაც ბევრად მაღალია.

    ლიკა ამირაშვილი
    AMBEBI.GE

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი