ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    "14 წლის ვიყავი, როდესაც მამინაცვალმა ჩემთან სექსულური კავშირის დამყარება სცადა"

    დიდი ხანი არ არის, რაც ამ ისტორიაზე საუბარი დავიწყე, თუმცა საჭირო დროს და საჭირო ადგილას არაფერი მითქვამს. ალბათ, ეს არის მიზეზი ბევრი იმ ფსიქოლოგიური და სექსუალური ტრავმის, რომლებმაც ამ ამბიდან საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ იჩინა თავი და ნაწილობრივ ჩემი ცხოვრება განსაზღვრა.
    14 წლის ვიყავი, როდესაც ჩემმა მამინაცვალმა ჩემთან სექსულური კავშირის დამყარება სცადა. ამ დღის შემდეგ კიდევ 8 წელი ერთად ვცხოვრობდით და სახლში მარტო დარჩენისას ოთახის კარს მუდმივად ვკეტავდი, შეშინებული ველოდებოდი სახლში ოჯახის სხვა წევრების მოსვლას. არც მაშინ და არც ახლა ოჯახის წევრებისთვის არაფერი მითქვამს - მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. 12 წელია ამ გამოცდილებით ვცხოვრობ და 12 წლის განმავლობაში დღე არ გასულა, ის კადრები თვალწინ არ დამიდგეს. ასე ხდებოდა მაშინაც, როდესაც ქორწინებაში ვიმყოფებოდი. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგთან თერაპიებიც მქონდა, ალბათ დიდი ხნის წინანდელი დალექილი ტრავმების მოსაშუშებლად საჭირო უფრო მეტი დრო და მუშაობა იყო. სექსის მიმართ გავხდი აბსოლუტურად ინდიფერენტული. 
    ჩემი გამოცდილების შესახებ ჩემმა ყოფილქმა ქმარმა იცოდა. პრინციპში, დიდი ხნის მანძილზე ის იყო ერთადერთი, ვინც ეს ისტორია იცოდა. ხედავდა პრობლემებსაც, რომელიც მასთან მქონდა, მას ჩემთან და ორივეს ერთად ურთიერთობაში. თუმცა, დაახლოებით ნახევარი წლის წინ ერთმანეთს გავშორდით და ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, რომ დღეს ის არის სხვასთან, სწორედ წლების განმავლობაში არაჯანსაღ სექსუალურ ურთიერთობას ასახელებს. მთელი ეს პერიოდი არასდროს არაფერი უცდია პრობლემების მოსაგვარებლად. მას უბრალოდ უნდოდა სექსი! მე არ მახსოვს მისგან მცდელობა, რომ ყველაფერი მომხდარიყო ისე, როგორც მინდოდა მე! პირიქით, ჩემს ინიციატივებს ცოტა წყენით ხვდებოდა... 
    ურთიერთობაში ტაიმ აუტის აღებისას (ყოველ შემთხვევაში მაშინ ასე იძახდა) მრავალფეროვანი სექსუალური ცხოვრებისკენაც მიბიძგა და შემომთავაზა, სხვებთან წადიო. არ ვიცი, შეიძლება მაშინ ვერ მიხვდა და წლების განმავლობაში ვერ ხვდებოდა ამ გამოცდილების სიმძიმეს. თვითონ ფაქტი, რაც მოხდა და შემდეგ კიდევ 8 წელი - მუდმივი შიში, ზიზღი და კადრები... ასე მარტივი არ არის, წახვიდე სხვასთან და სექსუალურ თავგადასავლებში გადაეშვა. ვიღაცისთვის პირიქით, შეიძლება მსგავსს გამოცდილებას პოლიგამიისკენ მიეყვანა, მე არა- მონოგამი ვარ. მის გვერდით დღეს ბევრად მარტივი წარსულის მქონე გოგოა და მხოლოდ ბედნიერებას და ჯანსაღ სექსს ვუსურვებ. ჩემნაირი გამოციდლების მქონე ადამიანს სხვა კაცი სჭირდება გვერდით - საბედნიეროდ, ამას მივხვდი. 
    დღეს ჩემი მამინაცვალი შორს არის. ჩემი ქმარი - სხვასთან. იყო დრო, რომ ამას განვიცდიდი, თუმცა დღეს ვეღარ ვხვდები, ამ ორი ადამიანისგან ვინ უფრო მეტი ზიანი მომაყენა?! კაცმა, ვინც იძალადა, თუ კაცმა, ვინც არაფერი ქნა იმისთვის, რომ ძველი გამოცდილება ცოტათი მაინც შეემსუბუქებინა... 
    ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი: ძალიან მიხარია ამ ადამიანების წასვლა ჩემი ცხოვრებიდან. როდესაც ჩემი ყოფილი ქმარი მახსენდება, სულ მაქვს განცდა - რა მაგარია, ღმერთო... რა მაგარია, რომ მომაშორე! 
    საბედნიეროდ. დღეს ჩემს ცხოვრებაში არის ადამიანი, სულ რაღაც 2 თვის გაცნობილი, რომელმაც ეს ისტორია ჯერ არ იცის, მაგრამ პრობლემებს მიხვდა და ცდილობს, რომ გადაჭრას. მათ შორის, ექიმის ჩარევითაც. 2 თვის გაცნობილი ადამიანი დღეს ისე მიყვარს, მგონია, სიყვარული მისით ვისწავლე. 
    ბოლო 2 კვირაა საკმაოდ ჯანსაღი სექსუალური ცხოვრება მაქვს, საკმაოდ ღირსეულ ბიჭთან. და მგონია, ეს ბიჭი მთელი ამ წლების და დიდი ტკივილის კომპენსაციაა!!!
    მართლა ნუ მოითმენთ, მართლა ნუ გაჩერდებით! არავის მისცეთ უფლება, დაგჩაგრონ! არავის მისცეთ უფლება, ბოდიშები მოგახდევინონ, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ცხოვრების რაღაც ეტაპზე უდიდესი ტკივილის გადატანამ მოგიწიათ. და რაც მთავარია, არასდროს არავის მისცეთ უფლება, იფიქრონ, რომ მათ გარეშე ვერ იარსებებთ. ჩვენ, ქალები ბევრად ძლიერები ვართ! 
    აუცილებლად შეიყვარეთ საკუთარი თავები! ადამიანი, რომელიც ამ გამოცდილებას უძლებს, მისთვის დაუძლეველი არაფერია! ამას ლაღი ბავშვობის მქონენი ვერ მიხვდებიან... მხოლოდ ჩვენ ვიცით ამ კადრების, ამ განცდების, იმ სუნის და იმ შიშის სიმძიმე! 
    მაკა, 26 წლის

    წყარო: droni.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი