ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ასე მიმატოვეს გონდაკარგული, შიშველი და ხელფეხგაკრული სასაფლაოზე, ორმოში - როგორ გაუსწორდნენ პოლიციის ინსპექტორს

    ასე მიმატოვეს გონდაკარგული, შიშველი და ხელფეხგაკრული სასაფლაოზე, ორმოში - როგორ გაუსწორდნენ პოლიციის ინსპექტორს
    "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მოსულმა ხელისუფლებამ სამშობლო და პარტია ერთმანეთთან გააიგივა. დამკვიდრდა აზრი, რომ თუ ემსახურებოდი პარტიას, ემსახურებოდი სამშობლოს. სწორედ სამშობლოს სახელით იღებდნენ პარტიული ფუნქციონერები არაერთ კანონთან შეუსაბამო გადაწყვეტილებას. რიგითი საჯარო მოხელეები თუ მათი უმაღლესობა ძალოვანი უწყების წარმომადგენლები დაუფიქრებლად ასრულებდნენ მაღალი ეშელონებიდან მიღებულ ბრძანებებს. ბრძანების ეუსრულებლობა პარტიის ღალატად ითვლებოდა, რისთვისაც დაუსჯელი არავინ რჩებოდა. სწორედ ასეთი ბედი გაიზიარა რუსთავის კრიმინალური პოლიციის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა ზაზა დაშნიანმა. მან 2007 წლის 7 ნოემბრის დემონსტრანტების დარბევაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და ხელმძღვანელობის რისხვა დაიმსახურა.
    - 2007 წლის 7 ნოემბერს გვიბრძანეს, თბილისში წავსულიყავით დემონსტრანტების დასარბევად. ეს უკანონო ბრძანება იყო, რასაც არ დავემორჩილე. ავღანეთის ომის ვეტერანი ვარ, ბავშვობიდან იარაღი მიჭირავს ხელში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უკანონო ბრძანებები უნდა შემესრულებინა. უფროსობას ვუთხარი, რომ არ მსურდა მონაწილეობა საკუთარ ხალხზე ძალადობაში. გაბრაზდნენ, მაგრამ ჩემთვის არავის ეცალა და ყურადღება არ მომაქციეს. 

    - მაშ, როდის დაინტერესდნენ თქვენით?

    - 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ, როცა საგანგებო მდგომარეობა დასრულდა და ქვეყანა ძველ რიტმს დაუბრუნდა, სააკაშვილი რუსთავში ჩამოვიდა. პრეზიდენტის ჩამოსვლამდე ჩემს კაბინეტში ოთხი ნიღბიანი სპეცრაზმელი და ერთი დაბალი ქერათმიანი ბიჭი შემოვიდნენ. ქერათმიანმა მკითხა, დაშნიანი შენ ხარო? კი-მეთქი. ნარკოლოგიურში შესამოწმებლად უნდა წაგიყვანოთო. გამიკვირდა, მაგრამ გავყევი, გულში ვფიქრობ, ნეტავ რა შემატყვეს ნარკომანობის-მეთქი. ჩამსვეს "ოპელის" მარკის ავტომანქანაში, რომელსაც სანომრე ნიშნები მოხსნილი ჰქონდა. ქერათმიანი, რომელიც ამათ ხელმძღვანელობდა, თეთრ "ნივაში" ჩაჯდა. გზაში შევამჩნიე, რომ კურსი ნარკოლოგიურისკენ კი არა, სულ სხვა მიმართულებით აიღეს. ვუთხარი, ნარკოლოგიური მაგ მხარეს არ არის-მეთქი. ერთი მომიბრუნდა და ნიღბიდან შემომიღრინა, "ბიჭო, ენა გააჩერეო." ვკითხე, სად მიგყავართ, მითხარით, რა დავაშავე-მეთქი. თურმე ჩემი სამაგალითოდ დასჯა გადაუწყვეტიათ, რისთვისაც გაჩიანის სასაფლაოზე ამიყვანეს. გადმომიყვანეს მანქანიდან და რკინის ხელჯოხებით უმოწყალოდ მცემეს. ოთხი ნიღბიანი სპეცრაზმელი მირტყამდა. ამ ყველაფერს რუსთავის სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე, კახა ორდენიძე ვიდეოკამერით იღებდა. გონის დაკარგვამდე ორმოში ჩამაგდეს და სათითაოდ დამაშარდა ყველამ. ასე მიმატოვეს გონდაკარგული, შიშველი და ხელფეხგაკრული სასაფლაოზე, ორმოში. 
    - როდის მოხვედით გონზე, როგორ მოახერხეთ ნაცემმა სახლამდე მიღწევა?
    - შემთხვევით ერთმა აზერბაიჯანელმა ჩამოიარა, ეტყობა, ცხვარი გამოატარა და თავზე წამომადგა. ის რომ არ ყოფილიყო, ისე მოვკვდებოდი, ვერავინ მნახავდა. ზურგზე მომიკიდა და გზამდე ჩამომიყვანა. ერთ მძღოლს შევეცოდე, ამ მდგომარეობაში რომ დამინახა, მანქანა გაგვიჩერა და სამადლოდ რუსთავში, ჩემს სახლთან მიმიყვანა. ისეთი ნაბეგვი ვიყავი, მესამე სართულზე ფორთხვით ავედი. ყველაფერი მტკიოდა, ვერ ვინძრეოდი და თავს სულ ერთ კითხვას ვუსვამდი, რა დავაშავე ამის ფასი-მეთქი. ვერ წარმოიდგენთ, ის დღეები რა ჯოჯოხეთი იყო ჩემი ოჯახისთვის. ცემის დღიდან ხუთი წელიწადი ყოველდღე შიშში, თვალთვალსა და შეურაცხყოფაში ვიცხოვრეთ. ყველაზე დიდ სიცარიელეს ცემის გამო კი არ ვგრძნობდი, არამედ ის მაწუხებდა, რომ იმ დღეს ღირსება შემილახეს. მთელი ცხოვრება ფორმა მეცვა, ავღანეთიდან მოყოლებული ყველა ომის მონაწილე ვარ, მაგრამ რა მივიღე სანაცვლოდ? კანონი არ დავარღვიე და ჩემი ხალხის ჩეხვაში მონაწილეობაზე უარი ვთქვი, რისთვისაც ლამის მომკლეს.

    - თქვენს უფროსს არ მოსთხოვეთ პასუხი, თუ რატომ მოგექცნენ ასე მკაცრად?
    - როცა გამოვკეთდი, მივედი სამმართველოში და უფროსს ვკითხე, რა დაგიშავეთ-მეთქი. მაგიდის ქვეშ რომ შეყო თავი, აღარ შემოუხედავს ჩემთვის. სხვები კი რას არ იგონებდნენ თავის გასამართლებლად. ისიც კი მითხრეს, პატარკაციშვილის ოფისში დაგირეკავს და შენს ანგარიშზე ოპოზიციას 300 ლარი აქვს გადმორიცხულიო. ვუთხარი, არც სატელეფონო საუბრების ჩანაწერის მოპოვება გაგიჭირდებათ და არც ბანკის ამონაწერის, მაჩვენეთ, ვის ველაპარაკე ან რა თანხა მივიღე-მეთქი.  

    - სამსახურში დაგტოვეს?
    - არა. პირადი პატაკი დაბეჭდეს და მითხრეს, ხელი მოაწერე, თორემ უფრო მეტი პრობლემა გელისო. ნუ მოაწერდი, თუ ბიჭი იყავი, სამსახურს ხომ არ შევეწირებოდი?.. 

    - გათავისუფლების შემდეგ თუ დაგანებეს თავი?
    - არა, სულ ცდილობდნენ, რამეში გამოვეჭირე. სახლთან ყოველდღე მყარაულობდნენ. გარეთ ვერ გავდიოდი, რომ არ ამდევნებოდნენ. ერთხელ საქმეზე უნდა წავსულიყავი. ეზოში დასუფთავების სამსახური მუშაობდა, დავუძახე ერთს, უნიფორმა გამოვართვი, გადავიცვი, მათ მანქანაში ჩავჯექი და ისე გავიპარე სახლიდან. ეს ვერ მოინელეს, აბსურდული ბრალდებით დამაკავეს და 20 დღით საკანში ჩამსვეს.

    - რა ბრალდებით დაგაპატიმრეს?
    - გამაჩერეს და მითხრეს, მთვრალი ხარ და რამდენიმე საათის წინ ქუჩაში უაზროდ იგინებოდიო. მოსამართლე ეკა ფართელაშვილს ვუთხარი, შემამოწმეთ ან ის ხალხი დაჰკითხეთ, მანქანაში ვინც მიზის, წვეთი არა მაქვს დალეული, მშიერ-მწყურვალი ვარ-მეთქი, მაგრამ ამაოდ. უნდოდათ ჩემი დაპატიმრება და შეასრულეს კიდეც. ამ ბრალდებაზე ადმინისტრაციული ჯარიმაც შეეძლოთ გამოეწერათ, მაგრამ ესეც არ გააკეთეს. მოკლედ, ჩემი ცემითა და დაპატიმრებით მთელი პოლიცია დააშინეს. სამაგალითოდ დამსაჯეს მათ თვალწინ, რომ სხვებს გულშიაც არ გაევლოთ დაუმორჩილებლობა. 
    მაია დაშნიანი, გიორგი დაშნიანის მეუღლე: - ეს იყო საშინელი წლები ჩემი ოჯახისთვის. იმ დღეს, როცა პრეზიდენტი ჩამოვიდა რუსთავში, პოლიციელებში ვათვალიერებდი ჩემს მეუღლეს. თურმე რას დაინახავ, სასაფლაოზე ცემით კლავენ კაცს. რომ მოვიდა, სულ დალურჯებული ჰქონდა სხეული, ვეღარ ინძრეოდა. სასწრაფო გამოვიძახეთ და ექიმებიც კი უგულოდ ექცეოდნენ. იცოდნენ, ეტყობა, რაც მოხდა. იმ პერიოდში სრულ კონტროლზე იყო ჩემი ოჯახი აყვანილი. გამწარებული მივედი ჩემი ქმრის უფროსთან და ვუთხარი, რატომ კლავდით ამ კაცს, თუ დააშავა, უნდა დაგეჭირათ, ცემით კი არ უნდა მოგეკლათ-მეთქი. მითხრა, ჩვენ არაფერ შუაში ვართ, მაგის საქმე ზემოთ გადაწყდაო. საქმე ყოფილა, კაცს რომ სასიკვდილოდ გაიმეტებ. 

    გიორგი დაშნიანი (ზაზა დაშნიანის შვილი): - ამის შემდეგ დავუპირისპირდითY სააკაშვილის რეჟიმს. მამაჩემი ოპოზიციონერი და დემონსტრანტი არასდროს ყოფილა, მაგრამ იძულებული გახადეს, გააქტიურებულიყო. 2011 წლის 26 მაისის ღამეს ორივე იმ დარბევაში მოვყევით, საიდანაც, მადლობა ღმერთს, ცოცხლებმა გამოვაღწიეთ. ვინც რუსთავიდან იყო, დააპატიმრეს. თურმე მამაჩემის სურათს აჩვენებდნენ და ეკითხებოდნენ, სად წავიდა ეს კაციო. მეორე დღეს დაკითხვაზეც დაგვიბარეს, სადაც ხუთი კაცი არარსებული იარაღის გამოჩენას მთხოვდა. ყურში ერთდროულად ჩამყვიროდნენ, აღიარე, სად წაიღე იარაღიო. როცა კითხვებს მისვამდნენ, ყველა პასუხზე სახესა და თავში გამეტებით მირტყამდნენ. გვიყვიროდნენ, 4 წელია, თქვენ გყარაულობთ, თქვენი დედაო. ყველანი დღემდე თანამდებობებზე არიან, მათ შორის რუსთავის სამმართველოს ყოფილი უფროსი გიორგი ჭყონია. ის თბილისში ანტიკონსტიტუციურში გადაიყვანეს და დააწინაურეს კიდეც.იმ წლების გახსენება ძალიან მიჭირს. როგორ წარმოვიდგენდი, ასე თუ მოექცეოდნენ ხელისუფლება და სამართალდამცველები ხალხს?!

    კვირის პალიტრა
    ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი