არავითარი ბერკეტი, ”რუსთავი 2”-ზე ზედამხედველობის გაწევის ჩვენ აღარ გვაქვს - აცხადებს ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია. მისი თქმით, ბერკეტების არქონა ქიბარ ხალვაშის მხარის ფინანსურ ინტერესებს პირდაპირ აყენებს ზიანს და ამის დასაბუთებას სტრასბურგის სასამართლოში ეცდებიან.
”სტრასბურგის სასამართლოს ჩვენთვის არაფერი არ აუკრძალავს. ჩვენ შეგვიძლია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ჩავიბაროთ და წარვადგინოთ საჯარო რეესტრში, მაგრამ საჯარო რეესტრმა ვერ უნდა აღასრულოს ამ შეზღუდვის გამო. ჩვენ სტრასბურგში მიმდინარე დავის მონაწილე ჯერ არ ვართ. წარვადგინეთ მოთხოვნა და გვინდა, რომ გვქონდეს ჩვენი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა ევროკონვენციის 36-ე მუხლის შესაბამისად, მაგრამ ჯერ ველოდებით, რას გადაწყვეტს ამ საკითხზე.
არავითარი ბერკეტი, ”რუსთავი 2”-ზე ზედამხედველობის გაწევის ჩვენ აღარ გვაქვს. ეს ჩვენ ფინანსურ ინტერესებს პირდაპირ აყენებს ზიანს და ალბათ მოგვეცემა ამის შესაძლებლობა, რომ ეს სტრასბურგის სასამართლოში დავასაბუთოთ. საბოლოო ჯამში, შეიძლება საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დარჩეს და იმის გამო, რომ შეიძლება სტრასბურგში დავა წლობით გაიჭიმოს, ვერ ვისარგებლოთ ქონებით, მოგვადგეს ფინანსური ზარალი და ა.შ” - განაცხადა პაატა სალიამ.
ამის მიუხედავად ადვოკატი განმარტავს, რომ მოდავე მხარე ”მოთმინებით დაელოდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას”
”ჩვენ მოთმინებით ვართ აღვსილი. ბრძოლა არ დასრულებულა. ეროვნულ სასამართლოებში გავიმარჯვეთ. დაველოდებით სტრასბურგის სასამართლოს და ალბათ სტრასბურგის სასამართლო დაადგენს, რომ არ ჰქონია ადგილი არსებით დარღვევებს, რამაც გავლენა იქონია საქმის გადაწყვეტაზე. იმედი გვაქვს, უფრო დიდი ლეგიტიმაციის გადაწყვეტილება იქნება ჩვენს სასარგებლოდ”, - აღნიშნა ქიბარ ხალვაში ადვოკატმა.
წყარო "ინტერპრესნიუსი"