სამების მგალობელთა გუნდის რეგენტი. ანსამბლ “ბასიანის” ხელმძღვანელი.
გუშინდელ თანამზრახველთა დღევანდელ, აშკარად კლანურ დაპირისპირებაში ჩართვის არანაირი სურვილი არ მაქვს ამიტომაც, მდუმარებას ვარჩევდი. მაგრამ, ერთს ვიტყვი – სასულიერო პირთა თუ საპატრიარქოს სახელით ჩადენილი დანაშაულების მხოლოდ ერთ ადამიანზე გადაბრალება და ხელების შეწმენდა ფარისევლური და უსამართლო საქციელია. შორენა თეთრუაშვილს, ისევე როგორც ყველა ადამიანს, აქვს მინუსებიც და პლიუსებიც, მისი კრიტიკის (და სხვათა შორის, ბევრი ეპისკოპოსისა და მღვდლისაგან განსხვავებით, პირადად კრიტიკის) არასდროს შემშინებია და მომრიდებია, სადაც საჭიროდ მიმაჩნდა, და არც ამის შემდეგ ვაპირებ ამის შეწყვეტას.
ეკლესიის მმართველი ორგანო არის წმინდა სინოდი. თუკი ეკლესიაში ან ეკლესიის სახელით რამე ხდება ცუდი და 40 მღვდელთმთავარი ვერაფერს აკეთებეს, ე.ი. ეს იმას ნიშნავს, რომ 40 მღვდელთმთავარი, სიტუაციის გამოსასწორებლად, უბრალოდ, არაფერს არ აკეთებს.
ყველამ ძალიან კარგად იცის, ვინ აკონტროლებს ეკლესიაში შესულ მილიონებს, ისიც ყველამ ძალიან კარგად იცის, ვის ექვემდებარება და ვინ მფარველობს ბნელ მმკ-ს, ისიც, ვინ რომელ ხელისუფლებასთან ან ბიზნესმენებთან არის “დამეგობრებული” პირადი გამორჩენის მიზნით, ისიც ცნობილია, ეპისკოპოსის წოდებას ამოფარებულს, ვის ჰქონდა და აქვს ბიზნესები, მათ შორის, სასულიერო პირისათვის სრულიად უპატიებელი – სიგარეტის, პრეზერვატივებისა და სასმელების, ჯართისა და მიწების ბიზნესები… და ეს ნამდვილად არაა შორენა თეთრუაშვილი. თუმცა, მასაც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა ყველა იმ სიცუდეზე, რაც ეკლესიაში ხდება. თუ მას აქვს დანაშაულები, მანაც უნდა აგოს პასუხი, მაგრამ, თუ თქვენ გაქვთ დანაშულები, თქვენც უნდა აგოთ პასუხი. თუმცა, ამის არანაირი სურვილი არ გაქვთ აშკარად, და გსურთ, რომ ყველაფერი ერთ ადამიანს აჰკიდოთ, რომელიც რამდენიმე წლის წინ თქვენი მეგობარი იყო…
ამასთან, შორენა ნამდვილად არ აიძულებს ზოგიერთ ეპისკოპოსს, ფაშებივით იცხოვრონ, შვილები ევროპაში აცხოვრონ, ასწავლონ, და ამავე დროს მფარველობდნენ იმ ბნელ მქადაგებლებს, ვინც ყოველგვარ დასავლურს ანტიქრისტიანულად და მტრულად წარმოგვიდგენენ.. ყველაზე სამარცხვინო კი ისაა, რომ პატრიარქი შორენას მონად გამოიყვანო და ყველა ცოდვა შორენას და ირიბად პატრიარქს შეაწმინდო და შენ პილატესავით ხელები დაიბანო.. არანაირად არ გამომყავს შორენა თეთრუაშვილი ანგელოზად – კიდევ ვამბობ, რომ მას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს ყველა სიცუდეზე, რაც ხდება მცხეთა-თბილისის ეპარქიაში და საპატრიარქოში, მაგრამ, ლოგიკურად გამოდის, რომ რაც არ უნდა არ გვიყვარდეს იგი, იძულებულნი ვართ ვაღიაროთ, რომ ასევე, მას თავისი წილი დამსახურება აქვს ყველა სიკეთეშიც, რაც აქ ხდება. ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა კი აქვს სამღვდელოებას, და განსაკუთრებით ეპისკოპატს, იმაში, რომ ჩუმად არიან, როდესაც უნდა მოქმედებდნენ და სიტყვას ამბობდნენ, და არადექვატურები არიან, როდესაც ლაპარაკობენ… ბოლო დროის მოვლენებმა საბოლოოდ დასცა ეკლესიის ავტორიტეტი.
ხოდა, მეუფენო, მამებო, დედებო (და განსაკუთრებით, სადედოებოც), სჯობია გაჩუმდეთ და მხოლოდ სიყვარული და სიკეთე იქადაგოთ, ხალხის დაზაფვრას შეეშვათ, მეტი იკითხოთ, ხალხის კულტურული და ეთიკური დონის ამაღლებაზე იზრუნოთ, ხელოვნებას დაეხმაროთ, განათლებას დაეხმაროთ.. ნუ, ლოცვა, არ გაკლიათ, ვხედავთ.. ყველაზე დასანანი ისაა, რომ პატრიარქის უზარმარაზი ავტორიტეტი და ეკლესიის ძლიერება და შემოსავლები უაზროდ გაიფლანგა. ამ წლებში უნდა გაგეხსნათ სკოლები, გაჭირვებულთა თავშესაფრები, მოხუცთა და ბავშვთა ბევრი (და არა 6 და 8 მილიონის გასათეთრებელი თითო-ოროლა, საჩვენებელი) სახლი.. მართლა ქვეყნის მომავალსა და განათლებაზე გეზრუნათ… საშვილიშვილო სახელიც გექნებოდათ და, ჩვენში დარჩეს, მეტი და დაუყვედრებელი შემოსავალიც.. ვიდრე ეკლესიაში არსებობს მმკ, ვიდრე ეკლესიაში მფარველობენ აგრესიასა და სიბნელეს, ვიდრე სასულიერო პირის ბიზნესმენობა ნორმალური და მისაღები მოვლენაა, არაფერი არ გვეშველება… ერთი შორენა არ იქნება, მის ადგილს სხვა, მამრობითი სქესის შორენი დაიკავებს – ამ შორენასგან განსხვავებით, გაუნათლებელი და უკულტურო.
პრობლემა უფრო ღრმაა და კომპლექსური, ვიდრე ერთი ქალი, რომელიც ახლა განტევების ვაცად გინდათ აქციოთ, რომ საკუთარი მდგომარეობა და განსაკუთრებით – მომავალი გაიპრავოთ. ხალხი შოკირებულია და შემდეგი ეტაპი იქნება, რომ ხალხი დაგცინებთ. ფრთხილად იყავით, თავზე დაგვექცევა ეკლესია. პატრიარქს რომ არ ვუფრთხილდებით, ეკლესიასა და ჩვენი ხალხის გულებს რომ არ ვუფრთხილდებით, ეს კიდევ სხვა თემაა…
P.S. ქართული გალობა დაიცავით, მმკ-ს მფარველო მეუფეებო, თქვენი მონა მმკ-ელებისაგან, თორემ ჰეროსტრატეების სახელით შეხვალთ ისტორიაში… დავამატებ, რომ ვუცდი გამოძიების შედეგებს, ისევე, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი. და გავრცელებული ჭორების საწინააღმდეგოდ, რამდენადაც მე მათ ვიცნობ და ვუყურებ, მჯერა, რომ უწმიდესის დაცვა და მისი ხელმძღვანელი, თავგანწირულად ერთგულნი არიან პატრიარქისა. სოსოს ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, და ვიცი, რომ უზომოდ უყვარს პატრიარქი. ეს სამსახურიც მისი შექმნილია და პატრიარქის ერთგულება აქვს დეკლარირებული მიზნად. ჩემი პოსტი სასულიერო პირთა არა-ადექვატურ ურთიერთბრალდებებსა და პირდაპირ ეთერში ერთმანეთის ჭამას ეძღვნება.
P.P.S. კიდევ დავამატებ, რომ საბედნიეროდ, არსებობენ ღირსეული და გულმხურვალე სასულიერო პირებიც, რომლებიც არ ტელევარსკვლავობენ და არ ერევიან „სამეფო კარის თამაშებში“. სამწუხაროდ, ყველაზე მეტად, ისინი ზარალდებიან ამ ყველაფრით…
წყარო