On.ge-სთან საუბრისას სამნიძე აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მიზეზი სხვადასხვა ბიზნესში საერო და სასულიერო პირების ინტერესების კვეთაა. გარდა ამისა, მისი თქმით, არცერთმა ხელისუფლებამ დათმო ის გავლენები, რომელიც ჰქონდა ეკლესიაზე. გავლენებს ხელისუფლება კი კრიზისებისა და არჩევნების დროს იყენებდა.
"წერია, რომ 25 მილიონი ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მას ჰქვია კომპენსაცია, მაგრამ არ არის დასაბუთებული და არ შესწავლილა. გარდა ამისა, პირდაპირი დაფინანსებაც მიდის - სარეზერვო ფონდებიდან, მუნიციპალიტეტებიდან. ხდება უსასყიდლოდ მატერიალური ქონების გადაცემა," - აღნიშნა ხათუნა სამნიძემ, რომელსაც მიაჩნია, რომ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა სცდება კონკორდატის ფარგლებს.
მისი აზრით, იმისთვის, რომ ეკლესია დამოუკიდებელი გახდეს, სახელმწიფო კი სეკულარული, რაც დეკლარირებულია, აუცილებელია შეწყდეს ეკლესიის დღევანდელი სახით დაფინანსება და ნებისმიერი სახის ფინანსები, რაც ეკლესიას გადაეცემა, იყოს დასაბუთებული.
კითხვაზე, უნდა დაფინანსდეს თუ არა ეკლესია განსაკუთრებულ შემთხვევებში დამატებით, სამნიძე ასე პასუხობს:
"კონკრეტულ ვითარებაში უნდა მიიღოს მთავრობამ გადაწყვეტილება. მე არ ვთვლი, რომ ეკლესიას არ აქვს იმის ფინანსები, რომ ვერ შეძლოს განსაკუთრებულ ვითარებაშიც კი საკუთარი ხარჯებიდან დაფინანსება,".
რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ ხელისუფლება არ თმობს შესაძლებლობას, მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ, გარკვეული სასულიერო პირების ლოიალობა მოიპოვოს. მისი მოსაზრებით, ეკლესიის ფინანსური დამოუკიდებლობა დაიცავს მას არ გამოიყენოს ხელისუფლებამ პოლიტიკური ინტერესებისთვის. დღეს კი ფინანსური საკითხები ეკლესიასა და სახელმწიფოს არ აძლევს საშუალებას, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები.
"ეკლესია, რომ ერევა სახელმწიფოს საქმიანობაში გვინახავს - ანტიდისკრიმანციული კანონის განხილვის დროს - აგრესია და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. დღეს უკვე ვხედავთ, ხელისუფლების ჩარევას ეკლესიის საქმიანობაში. მხარედ წარმოჩინდება პრემიერმინისტრი, რომელთანაც დაახლოებული პირია იაკობი. დღეს ეს უფრო გამოჩნდა, როცა აღმოჩნდა, რომ თურმე, სხვა რამეზე იყო საუბარი და ამდენი დღის განმავლობაში ის გამოჩნდა მხარედ. ეს ნიშნავს, რომ მხარე ერევა ერთმანეთის საქმიანობაში," - ამბობს სამნიძე.
მისი თქმით, ეკლესიის თემაზე რესპუბლიკურ პარტიას არაერთხელ გამოუთქვამს მოსაზრებები, რაც პოლიტიკურ ოპონენტებს სპეკულაციის საგნად გაუხდიათ. ის ამბობს, რომ მათი მიზანი არც კონკორდატის გაუქმებაა და არც ეკლესიის დაფინანსების შეწყვეტაა, რესპუბლიკურ პარტიას სურს ეკლესიასთან მსგავსი ურთიერთობები ჩარჩოში მოექცეს.
"ჩვენ როცა ვიყავით ხელისუფლების ნაწილი, იქაც ვსვამდით ამ საკითხს. მას შემდეგ, რაც შეიქმნა პარტია, ჩვენი მიზანი იყო სეკულარული და დამოუკიდებელი სახელმწიფო და ეკლესია. საკმაოდ ხმამაღლა ვერ ვსაუბრობდით, ამაზე გაგვცა პასუხი ამომრჩეველმა არჩევნებზე, როცა ვერ დაინახა ამ პრინციპების მკვეთრი და ხმამაღალი დაცვა," - ამბობს სამნიძე, რომლის თქმითაც, ეკლესიას ებრძვიან ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს სეკულარულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას და ეკლესიის დამოუკიდებლობას უშლიან ხელს.