ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    დასავლეთის სახელმწიფოები მეექვსე თაობის საბრძოლო თვითმფრინავის შემუშავებას იწყებენ

    დასავლეთის სახელმწიფოები მეექვსე თაობის საბრძოლო თვითმფრინავის შემუშავებას იწყებენ
    შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, გერმანია და იაპონია ეგრეთ წოდებული მეექვსე თაობის საბრძოლო თვითმფრინავების შემუშავების პროცესს იწყებენ. 

    სამუშაოები საწყის ეტაპზეა, რა დროსაც ხდება იმ ამოცანების დასახვა, რომელთა შესრულებაც ახალ თვითმფრინავებს დაევალებათ. ამ ეტაპზე ასევე მიმდინარეობს მომავალი თვითმფრინავების დიზაინის შერჩევა. მეექვსე თაობის საბრძოლო თვითმფრინავების ექსპლუატაციაში ჩადგომა, 2030 წლამდე მოსალოდნელი არ არის.


    მეხუთე თაობის თვითმფრინავების მთავარი განმასხვავებელი წინა თაობისგან ისაა, რომ მათ აქვთ სტელთის ტიპის გლუვი ზედაპირი, ავზები და საბრძოლო ეკიპირება კი ტანის შიგნით არის დამალული, რაც რადარების მიერ მათ დაფიქსირებას ართულებს. მათ ჭურვების და გარე ავზების ტარებაც შეუძლიათ, მაგრამ ეს უხილაობის მახასიათებლების გაუარესებას იწვევს. მეხუთე თაობის თვითმფრინავების სხვა დამახასიათებელი თავისებურებანია აქტიური ელექტრონიკა, სკანირების რადარები და მძლავრი ძრავები, რომლებიც ასევე სტელთის ტექნოლოგიის შესაბამისად, რადარებისათვის ნაკლებად შესამჩნევად არის განლაგებული.


    მეექვსე თაობის საბრძოლო თვითმფრინავებისათვის მოთხოვნები ჯერ ჩამოყალიბებული არ არის. ამ ეტაპზე ორი მოთხოვნა გამოიკვეთა - ფრენის გაზრდილი სიშორე და გაზრდილი ტვირთამწეობა. სავარაუდოდ, მასზე ხელოვნური ინტელექტის ელემენტებსაც გამოიყენებენ. ასეთი სისტემები მონაწილეობას მიიღებენ თვითმფრინავის მდგომარეობის შეფასებაში და გარე საფრთხის დაფიქსირებასა და თავიდან აცილების შესაძლებლობებში. საერთო ჯამში, ხელოვნური ინტელექტი პილოტის სამუშაოს გააადვილებს.


    შეიცვლება მეორე პილოტის მოვალეობაც. თუ თანამედროვე ორადგილიან თვითმფრინავებში, პილოტის ასისტენტი რადარებს აკონტროლებს, ახალი თაობის თვითმფრინავში მისი მოვალეობა, თანმხლები უპილოტო თვითმფრინავების კონტროლი და მართვა იქნება.

    ამჟამად შეერთებული შტატები 147 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს „შემღწევი ავიასაწინააღმდეგო გამანადგურებლის“ (PCA) შემუშავების დასაწყებად. ეს არის საჰაერო ძალების ახალი პროგრამა, რომელიც „F-22 რეპტორის“ შემცვლელის შექმნას ითვალისწინებს. საჰაერო ძალები საჯაროდ ჯერ არ აზუსტებენ, თუ რა მოთხოვნებს უყენებენ ახალ თვითმფრინავს. თუმცა ცნობილია, რომ ორი ძირითადი მოთხოვნა, ფრენის და ტვირთამწეობის გაზრდაა. ფრენის სიშორის გაზრდამ, საჰაერო ძალებს მისი შორეული მისიების შესრულების საშუალება უნდა მისცეს. გარდა ამისა, ახალ საბრძოლო თვითმფრინავს, ბომბდამშენ „B-21 რაიდერის“ ესკორტირების უნარიც უნდა ჰქონდეს. სავარაუდოდ, PCA ამერიკელთა შეიარაღებაში 2028 წლისთვის შევა.


    პარალელურად, იაპონიამ და ბრიტანეთმა გააფორმეს ხელშეკრულება, რომელმაც ისინი შესაძლოა, ახალი ტიპის საბრძოლო თვითმფრინავის ერთობლივად შემუშავებამდე მიიყვანოს. თუ ასე მოხდა, ის ამ ქვეყნების შეიარაღებაში 2030 წლამდე შევა. გამოცემა „ევიაეიშნ უიკ ენდ სპეის ტექნოლოჯის“ ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, ეს ორი ქვეყანა ინფორმაციების გაცვლას და ტექნიკური სახის კონსულტაციებს გეგმავს.

    იაპონიას გადაწყვეტილი აქვს დიდი, ორძრავიანი, ორადგილიანი თვითმფრინავის შექმნა, რომლითაც „მიცუბიშის“ საბრძოლო F-2-ს შეცვლის. ამომავალი მზის ქვეყნის მეექვსე თაობის საბრძოლო თვითმფრინავის კონცეპციას ამ ეტაპზე მეტსახელად „ფიუჩა ფაითერი“ შეარქვეს. მას პოტენციური მტრების წინააღმდეგ (ასეთებად ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი მოიაზრებიან), შორეული მისიების შესრულება უნდა შეეძლოს. ამჟამად იაპონიის შეიარაღებაში შედის F-15 და F-2 თვითმფრინავები, რომლებიც მისიას აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში ასრულებენ და ბაზირებული არიან ახლომდებარე სამხედრო აეროდრომებზე.

    ბრიტანეთის პროგრამას ჰქვია „მომავლის საბრძოლო საჰაერო სისტემა“ (FCAS) და მის მიზანს, „ევროფაითერ ტაიფუნის“ შეცვლა წარმოადგენს. პროგრამა ახალი საბრძოლო თვითმფრინავის წარმოების დაწყებას 2040 წლისთვის ითვალისწინებს. არაა გამორიცხული, რომ ახალ თვითმფრინავს უპილოტოდ ოპერირების უნარიც ჰქონდეს. ცნობისათვის, ბრიტანეთი საიდუმლოდ მუშაობს უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავზე (დრონ) „ტერანისზე“, რომელიც არსებული საბრძოლო დრონებისგან იმით განსხვავება, რომ სახმელეთო მიზნების გარდა, საჰაერო მიზნების განადგურების უნარიც აქვს.


    გერმანიის მეექვსე თაობის თვითმფრინავის სახელიც არის „მომავლის საბრძოლო საჰაერო სისტემა“ (FCAS) და მისით დაგეგმილია გერმანიის საჰაერო ძალებში „ტორნადოს“„ევროფაითერ ტაიფუნის“ შეცვლა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს თვითმფრინავი უნდა იყოს ორძრავიანი, ორადგილიანი და უნდა ჰქონდეს ორი კილი. ის გერმანიის თავდაცვის სამსახურში 2030-2040 წლებში უნდა ჩადგეს. ბრიტანული თვითმფრინავის მსგავსად, გერმანულიც შეიძლება იყოს პილოტირებულიც და უპილოტოც. ამასთან, მისი მეშვეობით, სხვა უპილოტო თვითმფრინავების კონტროლიც იქნება შესაძლებელი.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი