ნამდვილად არ ვიცი, როგორი იქნებოდა ჩვენი საყვარელი თბილისი, აქ მდინარე მტკვარი რომ არ ჩამოედინებოდეს და ქალაქს შუაზე არ ჰყოფდეს... უპირველესად ამდენი ხიდის აგება ალბათ საჭირო არ გახდებოდა, ერთი დიდი ავტობანიც ქალაქს განტვირთავდა და დაამშვენებდა, მაგრამ ლამის ყველა დიდი ქალაქი ხომ მდინარეზეა გაშენებული და არც აქ დარღვეულა ეს წესი...
სხვა მხრივ კი, როგორც ქალაქში ძველად ამბობდნენ, მტკვარი თბილისელობის ხარისხის განმსაზღვრელიც კი იყო. დიახ, იმის გამო, რომ თბილისი მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებად არის დაყოფილი, მარჯვენა სანაპიროზე ცხოვრება (არ ვიცი რატომ, მაგრამ) იმთავითვე პრესტიჟულად მიიჩნეოდა, მარცხენა შედარებით ნაკლებად პრესტიჟული იყო. ეს დამოკიდებულება სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დღემდე ცოცხალია, რომ ვითომ „მემარჯვენეები უფრო კარგი ტიპები" არიან...
უფროსი თაობისგან ისიც მსმენია, - მარცხენა-მარჯვენა ნაპირზე მცხოვრები ქალაქელები ერთმანეთს გაღმელებს ეძახდნენ. მაგალითად, თუ „პლეხანოველი" ვერაზე გადიოდა, ამას „გაღმა გასვლა" ერქვა და პირიქით... მოკლედ, მტკვარი ყველა გაგებით, ქალაქისთვის და არა მარტო მისთვის, სერიოზული „გამყოფი" აღმოჩნდა.
ლირიკული პროლოგი იქით იყოს და რეალურად მდინარე მტკვარი საქართველოს (ამიერკავკასიის) უდიდესი მდინარეა. (azer. Kür; Turq. Kura), სათავეს თურქეთში, 2742 მ-ზე, ყიზილ-გიადუკის მთის აღმოსავლეთ კალთაზე იღებს. საბოლოოდ კი, კასპიის ზღვას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ერთვის. მისი სიგრძე 1364 კმ (185 კმ თურქეთში, 390 კმ საქართველოში, 789 კმ აზერბაიჯანში), აუზის ფართობი 188 ათ. კმ2. მტკვრის აუზი მოიცავს: სომხეთის ტერიტორიას, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილს, ასევე თურქეთისა და ირანის ტერიტორიის ნაწილს. მისი ანტიკური სახელწოდებაა Cyrus, თურქები და აზერბაიჯანელები Kür-ს უწოდებენ.
„აღაშენა კვიროსმან მახლობელ მდინარისა მტკვრისა ქალაქი ჩინებული და უწოდა სახელითა თვისითა კირაპოლი. ესე ქალაქი მდგომარე იყო კიდესა ზედა მდინარისა მტკვრისასა, არა დია შორს მის ადგილისაგან, რომელსა აწ უწოდებენ ქოინა-შამახიასა. იტყვიან ვიეთნიმე, რეცა მდინარესა მტკვარსა უწოდა მან სახელილითა თვისითა კირო მდინარე, რომლისა გამო აწ სპარსნი, თურქნი და ევროპიელნი, ვითარცა რუსნიცა უმეტესნი უწოდებენ მას ქურად, მაგრამ ყოველნი ერნი ზემოისაცა და ქვემოისაცა ივერიელნი, ესე იგი სრულიად ქართლოსიანთანი, უწოდებენ მდინარესა უძველესისა სახელითა თვისითა მტკვრად, ვინაიდგან უწინარეს კიროსისაცა ეწოდა მტკვარი მრავალთასა უკუნითგან პირველ", - წერს თეიმურაზ ბატონიშვილი („დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გეორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა", გვ. 107)...
თუ რატომ ჰქვია მტკარს „მტკვარი", ან „კურა", რამდენიმე მოსაზრება არსებობს: პირველი - სპარსეთს და მის მეფეს კირუს დიდს (ძვ.წ 559-530წწ.) უკავშირდება. „კირუსი" მტკვრის ანტიკურ სახელწოდებადაა მიჩნეულია, შემდეგი მოსაზრებით: „კურა" ძველი ალბანურიდან მოდის და წყალსაცავს ნიშნავდა, ხოლო ბოლო ამბის თანახმად, სიტყვა მტკვარი, „მტკნარისგანაა" წარმოქმნილი.
* * *
მტკვარი საქართველოში ვარძიის მახლობლად შემოდის და ჯავახეთისა და ერუშეთის ვულკანურ მთიანეთებს შორის მოედინება (თმოგვის ციხესთან კანიონი 400-500 მ სიღრმისაა)... ასპინძასთან სოფელ მინაძემდე ხეობის ზოგიერთი მონაკვეთი ვიწროა. მინაძიდან მტკვარი ახალციხის ქვაბულზე გადის. ხეობა შემდეგ ისევ ვიწროვდება, მდინარე სოფელ წნისიდან ტაშისკარამდე მესხეთისა და თრიალეთის ქედებს შორის გადის და ბორჯომის ხეობას ქმნის. ტაშისკარიდან ძეგვამდე მტკვრის ხეობა განიერი და ჭალიანია, ზომიერად დაკლაკნილი და დატოტვილია, კუნძულებს წარმოქმნის. სოფელ ძეგვთან მტკვარი მცხეთის ვიწრობში შედის და ხეობა ციცაბოკალთებიანია, თბილისის ქვაბულში კი განიერი და ტერასებიანი... თბილისში, მეტეხის ხიდთან კალაპოტი შევიწროებულია, უფრო ქვემოთ კი იტოტება და განიერ კუნძულებს ქმნის...
მტკვრის მარჯვენა შენაკადები: ფარავანი, ბორჯომულა, გუჯარეთისწყალი, ძამა, ტანა, თეძამი, ალგეთი, ქცია-ხრამი, აღსთაფა, თოუზჩაი, შამქორჩაი, განჯაჩაი, ტერტერი, ხაჩინჩაი, არაქსი;
მტკვრის მარცხენა შენაკადები: ფოცხოვი შენაკად ქვაბლიანით, ლიახვი, ქსანი, არაგვი, იორი და ალაზანი მინგეჩაურის წყალსაცავის მეშვეობით, თურიანჩაი, გოქჩაი.
მტკვარს წლიურად კასპიის ზღვაში 18,1 კმ3 წყალი შეაქვს. მტკვრისა და მისი შენაკადების წყალი საქართველოს ფარგლებში 315 ათ. ჰა-ზე მეტ ფართობს რწყავს, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თითქმის 1 მლნ. ჰა-ს. მტკვარი მნიშვნელოვანი ჰიდროენერგეტიკული რესურსია. მასზე აგებულია ჩითახევჰესი, ზაჰესი, ორთაჭალჰესი, მინგენჩაურჰესი. ჰესები აგებულია მის არაერთ შენაკადზეც. მტკვარი მდიდარია თევზით. მტკვრის ნაპირებზეა გაშენებული: ბორჯომი, გორი, მცხეთა, თბილისი, რუსთავი, მინგეჩაური, ევლახი, საბირაბადი, ალი-ბაირამლი, სალიანი და სხვა ქალაქები.
* * *
თუ პრობლემებსაც შევეხებით, მტკვარს დაკარგული აქვს სოციალური და კულტურული ღირებულება, ანუ ის, რაც ადრე ჰქონდა. საკანალიზაციო სისტემების გამართვა და მტკვრის დაბინძურების მტკივნეული თემა ახალი არ არის, მაგრამ, როგორც ჩანს, არასდროს ეშველა.
„ქალაქის საბჭოს ჭკუაში დაუჯდა წინადადება ბ-ნ კალოუბნელისა, რომ მართლა აუცილებელს საჭიროებას შეადგენს ქალაქის სისუფთავეო. ამ აზრის განსახორციელებლად საბჭომ აირჩია სანიტარული კომისია, რომელმაც აიღო, დაიღო საქმე და გადასწყვიტა, რომ ტფილისის გასუფთავება ყოვლად შეუძლებელია, თუ ყველაზე უწინარეს არ გაიყვანენ არხებს მთელს ქალაქში და არ მოაწყობენ სათანადო კანალიზაციასაო", - „ივერია",#122, თიბათვე 14, ოთხშაბათი, 1889წ.
„კანალიზაციის მხრივ ჩვენი დედაქალაქი მეტად ჩამორჩენილია. არ კმარა ქალაქის საკანალიზაციო ქსელი, ვერ ვაკმაყოფილებთ მოთხოვნილებას ნიაღვარსაშვევებით, რაც ხშირად იწვევს ქალაქის მთელი რიგი ქუჩების მოსილვას და, რაც მთავარია, ქალაქის მთელ თხიად სიბინძურეს ვუშვებთ მტკვარში, რითაც იწამლება ეს მდინარე. მესამე ხუთწლედში ქალაქის საკანალიზაციო ქსელის გაფართოება ნავარაუდევია 61 კილომეტრით, გათვალისწინებულია ნიაღვარსაშვებების მოწყობაც, მაგრამ არაფერია ნავარაუდევი ქალაქიდან თხიადი სიბინძურის ქალაქს გარეთ გასატანად. აქედან გამოდის, რომ მესამე ხუთწლედშიაც საკანალიზაციო მილები კვლავ მტკვარს შეურევენ სიბინძურეს და კვლავ გაგრძელდება მდინარის წყლის გასვრა", - „კომუნისტი", #34 (5434) შაბათი, 11 თებერვალი, 1939 წ.
კანალიზაციის საკითხის აქამდე მოუგვარებლობის გარდა, მტკვარი სხვა მხრივადაც დაბინძურებულია, რადგანაც უმთავრესად, ნაგვის ბუდეა, რაც ეკოლოგიურად საფრთხესაც ქმნის... იქნებ ოდესმე მაინც შეძლოს ამ პრობლემასთან ბრძოლა...
ლალი ფაცია