ავტოავარიის შემდეგ მძიმედ დაშავებული ქალი თითქმის მთელი თვე იყო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებული და ექიმებსაც არ ჰქონდათ მისი გადარჩენის იმედი, რადგან ოპერაცია გახეთქილ თავზეც კი გაუკეთდა. ერთი თვის თავზე მოვიდა გონს და ლაპარაკი მხოლოდ მესამე თვის გასვლის შემდეგ დაიწყო. პირველი სიტყვები, რაც მისგან გაიგონეს, იყო: "ღმერთო, რამდენ შეცდომას ვუშვებთ ადამიანები და შენ მაინც ჩვენს დაცვას ცდილობ..."
დეიდა ცარო ჩემი მეგობრის დედაა და მეც, ნინუცას მსგავსად განვიცდიდი მის ავადმყოფობას. ლოგინად ჩავარდნილსაც არ ვშორდებოდი გვერდიდან და როცა გონს მოვიდა, მას მერეც ხშირად მივდიოდი მათთან. ერთ-ერთ ღამეს, 67 წლის ქალბატონმა უცნაური რამ გვიამბო:
- მხოლოდ ის მახსოვს, ავარიამდე მძღოლმა რომ იყვირა: გვღუპავს ეს პატრონძაღლიო (მსუბუქ მანქანას სატვირთო დაეჯახა. მძღოლი ადგილზე დაიღუპა. მძიმედ დაშავებული დეიდა ცარო კი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს! - ავტ.), მერე არც ტკივილი მიგრძნია და არც შიში. "გონს რომ მოვედი", თეთრ ნისლში ვიყავი გახვეული და საოცარ სიმშვიდეს ვგრძნობდი. მივხვდი, გზა უნდა გამეგრძელებინა, მაგრამ გასასვლელს ვერ ვხედავდი და ამიტომ გაუბედავად დავიძახე: არის აქ ვინმე?! - მე სულ შენთან ვარ და სამწუხაროა, რომ ამის შესახებ თითქმის არასოდეს გახსენდებათ ადამიანებს! - გავიგონე ზურგს უკან. ულამაზესი ახალგაზრდა იყო. მოგრძო კულულები ჰქონდა. მივხვდი, რომ მფარველ ანგელოზს ვხედავდი. შემეშინდა. მან ეს იგრძნო დამამშვიდა: სანამ შენთან ვარ, ნურაფრის გეშინიაო...
- ნუ მიმატოვებ! - დავაპირე დაჩოქება და არ დამანება:
- ჩემზე არაფერია დამოკიდებული. ყოველი ადამიანი თავად ქმნის თავის ბედისწერას და ისიც მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, უფლის გზას დაადგება თუ ეშმაკს ჩაუგდებს სულს ხელში...
ეშმაკი ახსენა თუ არა, კიდევ ერთი მომხიბვლელი ახალგაზრდა გამოჩნდა, რომელმაც გამიღიმა და რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ მფარველი ანგელოზი ჩამომეფარა და მკაცრად გააფრთხილა: ჯერ მისი ცოდვა-ბრალი არავის აუწონია და არც ის გადაწყვეტილა, გაქვს თუ არა მასთან მიახლოების უფლებაო, მერე მე მომიბრუნდა:
- მისი მომხიბვლელობა მხოლოდ ნიღაბია და სიყალბე. ცოცხალ ადამიანებს გარეგნული ბრწყინვალებით აბრუებს და გარდაცვლილების გადაბირებასაც ტყუილით ცდილობს...
- მე მოვკვდი?! - ვიკითხე და პირჯვარი გადავისახე. ეშმაკმა საზარლად დაიწივლა და გაქრა. მფარველმა ანგელოზმა კი მთხოვა: ყველა ის კეთილი საქმე გაიხსენე, რაც სიცოცხლეში გიკეთებია, თუ გსურს, უფალი იხილოო და უცებ უზარმაზარსაფეხურებიანი კიბის წინ აღმოვჩნდი - რამდენ კეთილ საქმეს გაიხსენებ, იმდენ საფეხურს აივლი და ღმერთს მიუახლოვდებიო...
მეც დავიწყე იმისი გახსენება, რა გამიკეთებია სასიკეთო. რა აღარ ამოტივტივდა: მათხოვრისთვის თუ ათი თეთრი მიმიცია ოდესმე, ისიც კი სიკეთეში ჩამითვალეს და კარგა ბლომად საფეხურები ავიარე, მაგრამ ვერც ღმერთი დავინახე და ვერც იმ კიბის ბოლოს მოვკარი თვალი. სასოწარკვეთილება რომ დამეუფლა, მაშინ გამოჩნდა ჩემი მფარველი ანგელოზი და მითხრა: შენი ნაკეთები სიკეთე არაა საკმარისი ღმერთთან მისასვლელად, მაგრამ არც ისე ცოტაა, რომ ეშმაკმა შეძლოს შენი წაყვანა. იმედია, დარჩენილ წლებს ისე გაატარებ, რომ მომდევნო "მოსვლაზე" მაინც შეძლო ამ კიბის ავლა და უფალთან მიახლოებაო...
რაც გონს მოვედი, დაბნეული და გაორებული ვარ. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რას განვიცდი, მაგრამ ვიცი, რომ ადამიანები ძალიან ვართ დაშორებულები ღმერთს და არაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გარდაცვალების შემდეგ მასთან დაბრუნება შევძლოთ...
- სხვა არაფერი გინახავთ?! - ვკითხე უნებურად.
- არაფერი. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ იმ კიბეს, რომლის ავლასაც ასე მონდომებით ვცდილობდი, უამრავი ადამიანი მიუყვებოდა. ზოგი საოცრად მსუბუქად, ზოგი მძიმედ და ტანჯვით. სანამ გონს მოვიდოდი, მფარველმა ანგელოზმა ასეთი რამ მითხრა:
- ნუ მოყვები აქ ნახულსა და განცდილზე, ბევრი მაინც არ დაგიჯერებს და ბოდვად ჩაგითვლის. ეცადე, საკუთარი ცხოვრება გააკეთილშობილო და შენზე დამოკიდებული ადამიანები შეცვალო სასიკეთოდ... ახლა, ვინც დამიჯერებს და ცხოვრების წესად სიკეთის კეთებას იქცევს, ისევ მას წაადგება, თუ არა და, ყველამ თავად იცის თავისი საქმის...
როგორც დეიდა ცარომ მითხრა: უფლისკენ მიმავალი გზა საოცრად ძნელია და უფლის ნახვაც თითქმის შეუძლებელი ჩვენი სულმდაბლობის გამო, მაგრამ ვცადოთ მაინც, სანამ ცოცხლები ვართ და უამრავი კარგის გაკეთება შეგვიძლია.
ინგა ჯაყელი
წყარო