ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    სააკაშვილის რა მითითებითა და თანხით დაბრუნდა ელისო კილაძე უკრაინიდან

    სანამ სტრასბურგის სასამართლო ქართული მართლმსაჯულების მიერ „რუსთავი 2"-ის მესაკუთრედ ქიბარ ხალვაშის დასახელებას სამართლიანად მიიჩნევს ან არ მიიჩნევს, ტელეკომპანია „კავკასიური ცარცის წრეშია" მოქცეული. „რუსთავი 2" დღესაც ის მთავარი იარაღია ნაციონალების ხელში, როგორც 2003 წლამდე იყო. ამდენად მნიშვნელოვანია, ვინ დაისაკუთრებს ტელეკომპანიას - მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია თუ ნაციონალებისგან გამიჯნული გიგა ბოკერიას ფრთა.

    სტრასბურგის სასამართლოში „რუსთავი 2"-ის საქმის გასაჩივრება სულაც არ ნიშნავს, რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება ვინმემ გააუქმა, ვინაიდან ამის უფლება არც სტრასბურგს აქვს. იმ შემთხვევაშიც, თუნდაც სტრასბურგმა ჩათვალოს, რომ ხალვაშთან დავისას „რუსთავი 2"-ის მხარეს წაერთვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, საქმე ხელახლა საქართველოს სასამართლოში დაბრუნდება განსახილველად. რით დასრულდება ხელახალი პროცესი, არავინ იცის და, ამდენად, ცოტა გაუგებარია, რას იყოფენ სააკაშვილი და გვარამია. სავარაუდოდ, ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ „რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე სასამართლო პროცესი დიდ ხანს გაგრძელდება და სანამ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ტელეკომპანიის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობენ.

    გვარამია ბოკერიას (ფრთის) ქვეშ

    For.ge-ს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი აქტიურად ცდილობს ტელეკომპანიიდან ნიკა გვარამიას ჩამოშორებას. სააკაშვილი ბოკერიაზე ეჭვიანობს და დარწმუნებულია, რომ გენპროკურორის ყოფილი მოადგილე გვარამია საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ბოკერიას ფრთის ქვეშ აპირებს გამაგრებას. შესაძლოა, ასეცაა, მაგრამ როგორც იტყვიან, ყველაფერს თავისი დრო აქვს. უფრო სწორი იქნება, თუ ვივარაუდებთ, რომ გვარამია საკუთარ თამაშს თამაშობს და ცდილობს, თავად კარნახობდეს ყველას საკუთარი პირობებს. ფაქტი ისაა, რომ გვარამიას სააკაშვილთან დაპირისპირების ნიშნები უკვე ნათლად შეინიშნებოდა, როცა იგი ძმებს, გიორგი და ლევან ყარამანაშვილებს საჯაროდ დაუპირისპირდა.

    23 მარტს ძმებმა, ლევან და გიორგი ყარამანაშვილებმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ში საკუთარი წილების 40%-ის კოლექტივისთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ განაცხადეს. ამ შეთავაზებას არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ კონტრწინადადებით უპასუხა და ყარამანაშვილებს მათ მფლობელობაში არსებული „ტელეკომპანია საქართველოს" 51%-იანი წილის დათმობა მოთხოვა. გვარამია თვლიდა, რომ ყარამანაშვილების შეთავაზება არსებულ ვითარებას არ ცვლიდა. გვარამიას განცხადებას ისევ განცხადება მოჰყვა - ყარამანაშვილების მხრიდან და ეჭვების გასაქარწყლებლად „რუსთავი 2"-ის კოლექტივს „ტელეკომპანია საქართველოს" 51% შეთავაზეს.

    გვარამიამ მეტი მოინდომა და ყარამანაშვილებს წილების გადასაფორმებლად ახალი შპს -„რუსთავი 2 ჩემია" შეთავაზა. მოთხოვნა ამჯერად ყარამანაშვილებისთვის აღმოჩნდა მიუღებელი, რამაც შიდა დაპირისპირება კიდევ უფრო ცხადი გახადა.

    „ძვირფასო დამფუძნებლებო, მოელაპარაკეთ, ვისაც და რა ფორმითაც გნებავთ. კოლექტივის უმრავლესობამ პასუხი გაგცათ ღია ეთერით. აწი ვისაც გნებავთ, იმას გადაეცით თქვენი წილები და რა ოდენობითაც გნებავთ... ამ დისკუსიაში წარმოვაჩინეთ ერთი მკაფიო პოზიცია - წილების გადმოცემა თვალის ასახვევად, რომ კოლექტივი წყვეტს ამიერიდან ყველაფერს, არ გამოვა. არ ვაპირებთ ლეღვის ფოთლობას", - შეუთვალა ყარამანიშვილებს გვარამიამ და ამით გასრულდა ეს გულისამაჩუყებელი ისტორია.

    ცხადია, „რუსთავი 2 ჩემია"-ს შექმნის შემთხვევაში გვარამია „ტელეკომპანია საქართველოს"დირექტორობას უმიზნებდა და მას უკვე, როგორც დირექტორს, შესაძლებლობა ექნებოდა, მონაწილეობა მიეღო „რუსთავი 2"-ის პარტნიორთა კრებაში.

    რა თქმა უნდა, გულუბრყვილობა იქნება იმის მტკიცება, რომ ყარამანაშვილებისა გვარამიას დაპირისპირება ყარამანაშვილებსა და გვარამიას დაპირისპირებას ნიშნავს. ყარამანაშვილების როლი ტელეკომპანიაში იმთავითვე ნომინალური იყო, რამეთუ ძმები იმთავითვე სააკაშვილს ახმოვანებდნენ.

    თავის დროზე, გვარამიამ წარმატებით მოახერხა სააკაშვილის დარწმუნება და ტელეკომპანიის მართვას ჩამოაცილა ისედაც ფიქტიურად მმართველი ყარამანაშვილები და „რუსთავი 2"-ის ფინანსებზე კონტროლი სრულად აიღო. გვარამია დიდძალ შემოსავალს იღებდა „რუსთავი 2"-დან და, რაც მთავარია, მას ფინანსურ ნაკადებს არავინ უკონტროლებდა.

    მას შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით „რუსთავი 2"-ის კანონიერ მფლობელად ქიბარ ხალვაში დასახელდა, ყველაფერი საბოლოოდ თავდაყირა დადგა - ნაციონალებს ხელიდან ეცლებოდათ პოლიტიკური ბრძოლის ყველაზე მძლავრი იარაღი. თუმცა, ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ნაციონალების პოლიტიკურ მომავალი  „რუსთავი 2"-ის სასამართლო გადაწყვეტილებამდეც ბევრად ადრე დადგა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ.

    დიდი განხეთქილება

    2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმა, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი როლი ითამაშა ნაციონალების მომავალში. ჯერ კიდევ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, 2015 წლის მაისში „ნაციონალური მოძრაობა" დატოვეს ზურაბ ჯაფარიძემ, პავლე კუბლაშვილმა, გოგა ხაჩიძემ, გიორგი მელაძემ და პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი" დააფუძნეს; ზუსტად ერთი წლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა" დატოვა გიორგი ვაშაძემ; 2017 წლის 12 იანვარს სააკაშვილის გუნდი ბოკერია-უგულავა-ბაქრაძის ფრთამ მიატოვა და ახალი მოძრაობა - „ევროპული საქართველო" დააარსეს; პოლიტიკიდან საერთოდ წავიდა „ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი.

    „როდესაც მანქანა დაკარგავს ფუნქციას, მაგრამ ის მანქანა კიდევ გიყვარს, შეიძლება დააყენო და მოუარო, როგორც ანტიკვარს, მაგრამ თუ ეს მანქანა ანტიკვარად მაინც არ იქცა, მაშინ მეორე გადაწყვეტილება შეიძლება მიიღო - მოისროლო ჯართში", - ასე გაიმეტა უტილიზაციისთვის გიგი უგულავამ თავისი მშობელი პარტია და სააკაშვილი თავის მშობლებიანად, რასაც უკრაინის მოქალაქისგან მყისიერი რეაქცია მოჰყვა.

    „ეს იყო კარგი გაკვეთილი, რომელიც მე ჩამიტარეს. გიგი უგულავამ, რომელმაც ჩემზე უფრო მეტი ისაუბრა, ვიდრე მის ციხეში ჩამსმელ ოლიგარქზე, ოქრუაშვილი გამახსენა და ადამიანურად შემეცოდა. დამთავრდა ნაცრის თავზე დაყრა და ლუზერების მმართველობა. პარტია ერთიანი და ძლიერია, როგორც არასდროს ბოლო 4 წლის განმავლობაში. მისი კონტროლი დაიბრუნა რამდენიმე ათეულმა ათასმა აქტივისტმა", - საკუთარი მომხრეები გაამხნევა მიხეილ სააკაშვილმა.

    მაოხრებელი გზირი

    ამ ეტაპზე სააკაშვილის პოზიციები საკმაოდ სუსტია - გვარამია არ ემორჩილება, „რუსთავი 2" კი, „ნაციონალურ მოძრაობას" უკვე ღიად დაუპირისპიდა. ეკა კვესიტაძემ საკუთარ გადაცემაში დაუფარავად გააკრიტიკა მიხეილ სააკაშვილი და ეთერში სტუმრად მისული ზაზა ბიბილაშვილი ისეთ წნეხში გაატარა, ალბათ, „ოცნებაც" კი შოკში ჩააგდო.

    ამის მიუხედავად, სააკაშვილი უკრაინიდან მაინც ცდილობს, რომ პოლიტიკური დესტაბილიზაცია მოაწყოს ქვეყანაში. სხვათა შორის, ყოფილი ნაციონალები შიდა საუბრებში ირწმუნებიან, რომ ბათუმის ინციდენტის გაღვივებაში სწორედ სააკაშვილის ხელი ურევია. 

    უფრო მეტიც, ახლახან კიევიდან დაბრუნებული, გაზეთ „ქრონიკა+"-ის რედაქტორი ელისო კილაძე 100 ათასი კაცის შეკრებას და საპროტესტო აქციის გამართვას რომ აანონსებდა, ესეც სააკაშვილის გეგმად შეფასდა.

    სწორედ ერთ-ერთი ყოფილი ნაციონალი გვარწმუნებს იმაში, რომ კილაძე უკრაინიდან გარკვეულ თანხასთან ერთად, სააკაშვილის ახალი მითითებებით დაბრუნდა. კიევში ვიზიტს კილაძე არც თავად უარყოფს, თუმცა for.ge-სთან საუბარში აზუსტებს, რომ უკრაინაში ვიზიტი საკუთარ გეგმებს უკავშირდებოდა.

    „უკრაინაში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად არ ვყოფილვარ, უკრაინაში შევხვდი ამერიკელებს, ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს. დაიგეგმა ჩემი ვიზიტი აშშ-ში. მაისში ეს ოფიციალური ვიზიტი აუცილებლად შედგება", - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ელისო კილაძემ.

    კილაძისგან განსხვავებით, ნაციონალებთან დაახლოებული წყარო იმაშიც გვარწმუნებს, რომ კილაძე უკრაინაში ძმები ყარამანაშვილების შვილების ნათლობაზე იყო. კილაძის უკრაინაში ვიზიტი ნამდვილად ემთხვევა ყარამანაშვილების შვილების ნათლობის დროს, თუმცა გადაჭრით თქმა იმისა, რომ სააკაშვილის და კილაძის შეხვედრა შედგა, არ შეგვიძლია. იმის თქმაც რთულია, კილაძისა და სააკაშვილის ურთიერთობის მიუხედავად, არის თუ არა კილაძე საქართველოში სააკაშვილის დასაყრდენი.

    ნიშანდობლივია, რომ სულ ახლახან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პროკურატურას დაცვის პროგრამაში ელისო კილაძის ჩართვისკენ მოუწოდა. თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ ელისო კილაძის მიმართ გარკვეული პროვოკაცია განხორციელდეს და ეს გამოყენებული იქნას სუს-ისა და სუს-ის უფროსის მოადგილის, სოსო გოგაშვილის დისკრედიტაციისთვის.

    „მესმის ელისო კილაძის, როგორც დედის წუხილები, მაგრამ ამ ეტაპზე აშკარაა, რომ ის ცდილობს, შვილის საკითხი მთლიანად სუს-ს და გოგაშვილს დაუკავშიროს. ამ ფონზე ჩნდება მაღალი ალბათობა, რომ ეს ფონი ვინმემ გამოიყენოს, „ნაციონალურმა მოძრაობამ" ან სხვა დესტრუქციულმა ძალებმა დაგეგმონ გარკვეული პროვოკაცია ქალბატონი ელისოს წინააღმდეგ და მერე ეს გამოიყენონ სუს-ის და გოგაშვილის დისკრედიტაციისთვის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ პროკურატურამ უნდა განიხილოს ელისო კილაძის დაცვის პროგრამაში ჩართვის საკითხი", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

    დადებს თუ არა სააკაშვილი ელისო კილაძის გვამს?

    სააკაშვილი-კილაძე-გოგაშვილი - ეს ის მოზაიკაა, რომლის აწყობა ამ შემთხვევაში ლოგიკის წყალობით იქნება შესაძლებელი. რა კავშირია ამ სამ პერსონას შორის, ამის გასარკვევად შესაძლოა, ისევ წარსულის ფრაგმენტები გამოვიყენოთ.

    თავდაპირველად, როცა სოსო გოგაშვილის სუს-ში დანიშვნის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ელისო კილაძემ ფაქტი კმაყოფილებით შეაფასა სოციალურ ქსელში და გოგაშვილიც დადებითად მოიხსენია (რატომღაც მისი ეს კომენტარი უკვე გამქრალია „ფეისბუქიდან"). რაც შეეხება კილაძის გოგაშვილთან დაპირისპირებას, ამის საფუძვლად სახელდება ის ფაქტი, რომ კილაძეს გოგაშვილთან თანამშრომლობის მცდელობა ჰქონდა, მაგრამ გოგაშვილმა კილაძე ახლოსაც არ გაიკარა. სხვათა შორის, გოგაშვილს ნაცებთან ყველაზე დაპირისპირებულ მაღალჩინოსნად მოიხსენიებენ, რადგან შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გელა ხვედელიძის მიერ ჩანერგილი კადრებისგან უწყება სწორედ გოგაშვილმა გაათავისუფლა და ნაციონალებისა და ხვედელიძის კადრების აღზევების ხანა დაასრულა. ამით ჩავარდა ნაციონალების პროგრამა და მაშინვე აქტიურად დაიწყო შავი პიარის აგორება გოგაშვილის წინააღმდეგ.

    დროთა განმავლობაში გოგაშვილთან დაპირისპირების ესტაფეტა კილაძეს ხვდა წილად - კილაძე მისი თუ ნაციონალების ყველა წარუმატებელ ნაბიჯს და თავსდატეხილ უბედურებას გოგაშვილს უკავშირებს. დღეს უკვე სააკაშვილისგან გამიჯნული მისი ყოფილი თანაგუნდელები კილაძის და გოგაშვილის დაპირისპირებას შორიდან, როგორც მოსეირეები ადევნებენ თვალს.

    ერთ-ერთი ყოფილი ნაციონალი გვარწმუნებს, რომ ამჟამად გოგაშვილთან დაპირისპირება არ შედის ბოკერიას ინტერესებში. უფრო მეტიც - „რუსთავი 2"-ზე გოგაშვილის მაკომპრომეტირებელი მასალების გასვლას სააკაშვილსა და გვარამიას შორის უთანხმოებაც კი მოჰყვა, თუმცა სააკაშვილმა მაინც შეძლო, თავისი გაეტანა.

    რაც შეეხება სააკაშვილის ინტერესს გოგაშვილის მიმართ, ეს, ალბათ, სწორედ ის ინტერესია, რაზეც არჩილ თალაკვაძე მიანიშნებს. ჩვენი წყარო, ყოფილი ნაციონალი, გვარწმუნებს, რომ „სააკაშვილი კილაძესაც ისე გაწირავს, როგორც გივი თარგამაძე გაწირა. გივი გადარჩა, მაგრამ კილაძის შემთხვევაში სააკაშვილი ალბათ, მეტ სიფრთხილეს გამოიჩენს და იმ გვამს დაუდებს საზოგადოებას, რომელსაც „რუსთავი 2"-ის აქციების დროს სთხოვდა გვარამიას, შემდეგ ამას სუს-ს და გოგაშვილს გადააბრალებს და საეჭვოც არაფერი იქნება. როდესაც უცხოური არასამთავრობოები დაინტერესდებიან და იკითხავენ - ვისთან იყო კილაძე დაპირისპირებული, ნახავენ, რომ კილაძე ყველა მის „უბედურებაში" გოგაშვილს ადანაშაულებდა. ასე რომ, „დამნაშავეც" წინასწარ შერჩეული ჰყავს და ახალ სკანდალს ააგორებს. ესაა ავადმყოფი სააკაშვილის ჩანაფიქრი".

    თავად ელისო კილაძე კი, ალბათ, პროცესებს სხვაგვარად აფასებს და მოწმეთა დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვაზე უარს აცხადებს.

    „არ ვენდობი ხელისუფლებას, არ ვიღებ მის შემოთვაზებას, არ მჭირდება დაცვა და არანაირ პროვოკაციას პარტიების მხრიდან არ ველოდები... თუ რამე საფრთხეა მოსალოდნელი, მოსალოდნელია სწორედ სუს-ისგან იმიტომ, რომ ერთხელ უკვე მსგავსი პროვოკაცია დაიგეგმა და განხორციელდა ჩემი შვილისთვის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების ჩადებით და არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ იგივე გოგაშვილი შეიძლება რამეს გეგმავდეს და თალაკვაძის განცხადება იყოს მხოლოდ პრევენცია, რომ ეს შემდეგ ხელისუფლების და გოგაშვილის მისამართით არ წავიდეს", - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ელისო კილაძემ.

    როგორც იტყვიან, „შუბი ხალთაში არ დაიმალება", მაგრამ კიდევ ერთი ქართული ანდაზაა: „მგელს მგლობა ერქვა, ტურამ ქვეყანა დააქციაო".


    მართა ლაბაძე




    წყარო : wyaro

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი