გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მიმართავს მოსახლეობას, საქართველოში, აღდგომის წინა ოთხშაბათს გამართულ ტრადიციულ ე.წ. ჭიაკოკონობაზე არ დაწვან საბურავები და პლასტიკური მასალები.
სამინისტროში აცხადებენ, რომ კოცონის დასანთებად მოსახლეობა ავტომობილების საბურავებს და პლასტიკურ მასალებს იყენებს, რაც ქალაქებსა და რეგიონებში, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ ძირითად ურბანულ გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს.
ამას გარდა, რეზინის საბურავების, ფოთლების და პლასტიკური მასალების დაწვისას გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კარცეროგენული ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ამ რიტუალში.
"განსაკუთრებით სახიფათოა რეზინის საბურავები, რომელიც უამრავ საშიშ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს. არსებული მონაცემებით, 1 ტონა რეზინის საბურავის ღია წესით დაწვისას ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვადასხვა ტოქსიკური აირი.
ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენების (მათ შორის, ფოთლების, საბურავების) ღია წესით დაწვა აკრძალულია და გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 500 ლარამდე" - აცხადებს სამინისტრო.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი დააწესებს მკაცრ კონტროლს აღნიშნულ ქმედებაზე და ყველა დამრღვევის მიმართ კანონმდებლობით დადგენილ ზომებს გაატარებს.
წყარო: www.on.ge