ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    6 წელი უხელფასოდ ვმუშაობდი, ხმა არ ამომიღია და ახლა რაში მჭირდება აჟიოტაჟი? დახმარებას რომ გვაძლევენ, იმაზეც გვაჭრიან

    6 წელი უხელფასოდ ვმუშაობდი, ხმა არ ამომიღია და ახლა რაში მჭირდება აჟიოტაჟი? დახმარებას რომ გვაძლევენ, იმაზეც გვაჭრიან
    ორი დღეა წარმოუდგენელი აჟიოტაჟი ატყდა მსახიობების ხელფასების შემცირების გამო... მართალია, კულტურის სამინისტროს რამდენიმე თვის წინანდელი გადაწყვეტილებით, ქართული თეატრების დაფინანსება მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა თემა აქტუალური მხოლოდ ბოლო დღეებია გახდა. შესაბამისად, შემცირდა მსახიობების ანაზღაურებაც. ამ ფაქტს რამდენიმე ცნობილი მსახიობის მხრიდან კრიტიკული განცხადებები მოჰყვა. ისინი კულტურის მინისტრისგან დროულ და ადეკვატურ რეაგირებას ითხოვენ. გავრცელებული ინფორმაციით, ამ მოვლენების ფონზე მსახიობმა ნოდარ მგალობლიშვილმა მარჯანიშვილის თეატრი პროტესტის ნიშნად დატოვა. ამ საკითხზე სასაუბროდ AMBEBI.GE კოტე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობ თამარ სხირტლაძეს დაუკავშირდა, რომელიც 70 წელია თეატრის სცენაზე დგას... თუმცა, ამ თემის გარდა, ქალბატონმა თამარმა სხვა გულისტკივილიც გაგვიმხილა, რომელიც 6 წელზე მეტია აწუხებს:

    "ხელფასი ექვსი წელია აღარ მაქვს. თვალცრემლიანი ვიყავი ეს წლები, მაგრამ მე ფულს არ ვტიროდი - იმ მდგომარეობას განვიცდიდი, რომელშიც ჩამაყენეს! 70 წელია მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ვდგავარ და ოღონდაც დასის წევრი ვყოფილიყავი, სხვა არაფერი მსურდა! ეს მას შემდეგ გამიმძაფრდა, რაც მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე გავდიოდი ერთხელ და მორიგემ მომაძახა, ქალბატონო თამარ თქვენს ტელეფონის ნომერს კითხულობენო... გაოცებული მოვუტრიალდი და ვუთხარი მანდ რამხელა სია დევს და ნახეთ ჩემი ტელეფონი-მეთქი და არაო, ეს დასის სიაა და სიაში არ არის, თქვენ ხომ დასის წევრი არ ხართო... აი მაშინ დავკარგე ყველაფერი! ამდენი დრო გავიდა და ახლაც მიჭირს იმ წუთების გახსენება. 70 წელი თეატრში ვმუშაობ და ყველას ჰქონდა უფლება ჩემს გარდა დასის წევრი ყოფილიყო... ბევრი ვიტირე, ბევრი ვიგლოვე, მაგრამ არაფერი გამომივიდა... მე არ ვარ ის ქალი, რომელიც კაბინეტებში და სამინისტროებში დარბის...

    ...პირველად თქვენ გეუბნებით რაც მოხდა. ჩემზე ყველაზე მტკივნეულად იმოქმედა იმ ქალბატონის სიტყვებმა, დასის სიაა და თქვენ ხომ დასის წევრი არ ხართო... 70 წელი ვიმუშავე თეატრში და დასის წევრი აღარ ხარო ამ სიტყვებმა ჩამცა ლახვარი, თორემ ისედაც ეგრე იყო, შტატგარეშედ გამიშვეს და მითხრეს თავისუფალი მსახიობი ხარ, როცა გინდა გამოდიო... ვერაფრით ვერ შევძელი თეატრის გარეშე ცხოვრება. სპექტაკლები მქონდა, რასაც ყველაზე დიდი სიხარული და სითბო მოაქვს ჩემთვის... ფულის გამო არსად არ მსურს საუბარი და ინგა გრიგოლიას გადაცემაშიც არ მივიდოდი, წინასწარ რომ მცოდნოდა, რაზეც იქ იყო საუბარი. გივი ბერიკაშვილი ჩემთვის უახლოესი იყო, სად აღარ მეძახიან და ამჯერადაც გივი ბერიკაშვილზე მეგონა გადაცემა...

    არანაირი აზრი არ აქვს იმაზე საუბარს, თუ რა პირობებში ვართ დღეს მსახიობები. ტყუილად რატომ უნდა გავანაწყენოთ ხალხი?! - 6 წელი უხელფასოდ ვმუშაობდი, ხმა არ ამომიღია და ახლა რაში მჭირდება აჟიოტაჟი ავტეხო? - არავითარი შედეგი არ მოყვება! დახმარებას რომ გვაძლევენ, იმაზეც გვიჭრიან. თუ არ გჯერავთ 6 წელი რომ უხელფასოდ ვმუშაობდი, თეატრი და ბუღალტერია მანდ არის და შეგიძლიათ იკითხოთ! არასოდეს ტყუილი არ მითქვამს! ჩემს ცხოვრებაში სპექტაკლი და რეპეტიციაც კი არ გამიცდენია და ამიტომაც მტკიოდა გული! არსებობენ მსახიობები, რომლებსაც ავადმყოფურად უყვართ თეატრი... მსახიობისთვის მთავარია იყოს დასის წევრი და მაყურებლის ტაში არ აკლდეს. სხვა მსახიობს არაფერი არ უნდა! 
    მშიერი მოკვდება, ოღონდ თავის საქმე აკეთოს! ეს არის ჩვენი უბედურება! არაფერზე პრეტენზიას არ გვაქვს, რა პირობებშიც არ უნდა ჩაგვაყენონ! მითუმეტეს მე, ჩემს სიცოცხლეში თეატრის ხელმძღვანელთან არ შევსულვარ. ერთადერთი შემთხვევა იყო, მაშინ როცა მითხრეს დასის წევრი აღარ ხარო, დირექტორთან შევედი, მაგრამ ნერვიულობისგან ხმას ვერ ვიღებდი. კი ძალიან შეწუხდა, ყველაფერს გავარკვევო, მაგრამ წელიწადნახევარია პასუხი აღარ მომცა... 

    შტატგარეშე მსახიობი ვიყავი და გამოსვლებზე ვიღებდი 80 ლარს... მთელი წლის განმავლობაში 700 ლარი მაქვს აღებული, როცა სხვებს 1800 ლარი თვეში ჰქონდათ ხელფასი... ამბობენ კულტურის მინისტრი ნოდარ მგალობლიშვილს ვერ ცნობს და არც ესალმებაო და ასეა, არც მე მესალმება... შეხვედრა გვქონდა ივანიშვილთან ფუნიკულიორზე და მინისტრმა ისე ჩამიარა და ამომიარა გვერდით, თითქოს 70 წელი კი არა, 70 დღეც არ ვიყო თეატრის სცენაზე ნამყოფი... არ მცნობს და არც მესალმება! რას ვიზამთ, ასე გავიდა ეს ცხოვრება! აი წავიდა გივი და ალბათ მეც მალე მივყვები! ასაკიც ხელს მიწყობს და ის დიდი ტკივილიც, რასაც ვატარებდი ამ 7 წლის განმავლობაში! არავინ არ დაიჯეროთ, რომ რამე შეიცვლება სასიკეთოდ მსახიობების მიმართ!"

    წყარო:AMBEBI.GE

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი