ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ ტელეკომპანია ICTV-ის გადაცემის ეთერში მიწვეულ სტუმრებს იმ დაწესებულებების ჩამონათვალსა და ფოტოებს აჩვენებს, რაც მან, მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტობის დროს ააშენა.
"საქართველოს პრეზიდენტი რამდენიმე წლის განმავლობაში ვიყავი. საქართველო უკრაინაზე 10-ჯერ პატარაა.
მინდა ნახოთ, თუ რა ავაშენე საქართველოში: პარლამენტის ახალი შენობა სხვა ქალაქში, პრაქტიკულად ახალ ქალაქში, გერმანული დონის 150 ახალი საავადმყოფო, დაახლოებით ათასი ახალი სკოლა, იუსტიციის სახლი, სადაც მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მომსახურებაა და საბუთებს ყველაზე სწრაფად გასცემენ, ათობით ახალი სამხედრო განყოფილება, როგორიც უკრაინაში საერთოდ არაა, მაგრამ ამას გულისტკივილით ვამბობ, რადგან მე უკრაინის პასპორტს ამაყად ვატარებ. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ რამდენიმე ოპერის თეატრი, სტადიონები, ათასობით სახლი ავაშენეთ, ამასთან ჩემთვის ავიშენე ბინა, 75 კვადრატული მეტრის და ესაა ჩემი დეკლარაცია. ქვეყნისთვის (საქართველოსთვის) ყველაფერი ავაშენე, ხოლო ჩემთვის - არაფერი", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.