ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ვინ შეცვლის ნიკა გვარამიას?!

    „რუსთავი 2"-ში დიდი რეორგანიზაცია დაიწყო. ინფორმაციას არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ადასტურებს. მისი თქმით, ჰოლდინგში შემავალ ტელეარხებზე, მათ შორის „მარაოსა" და „კომედი არხზე" რეორგანიზაცია ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება. გვარამია გამორიცხავს რომელიმე არხის მთლიანად დახურვას, თუმცა, მისი განმარტებით, რეორგანიზაცია კონკრეტული გადაცემების დახურვას გულისხმობს.

    „ჩვენი ქონება დაყადაღებულია. ამ დროის განმავლობაში ინვესტირება არავის გაუკეთებია. შესაბამისად, გვაქვს ფინანსური პრობლემები, რასაც არხის რეორგანიზაციის საჭიროებამდე მივყავართ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან" საუბრისას.

    „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი არ აკონკრეტებს იმ გადაცემებს, რომლებიც შესაძლოა, დაიხუროს. ნიკა გვარამიას განცხადებით, ეს დეტალები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

    გვარამია ამბობს, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში „რუსთავი 2"-ზე ინვესტირება არავის გაუკეთებია. ცხადია, აქ, პირველ რიგში, არხის მფლობელებს, ძმებ ყარამანიშვილებს გულისხმობს, რომლებთანაც ბოლო პერიოდში ურთიერთობა საკმაოდ დაეძება.

    ურთიერთდაპირისპირებამ ორად გაყო მოსაზრებები „რუსთავი 2"-ის სტაფშიც. კულუარებში ამბობენ, რომ ჟურნალისტების ნაწილი, მათ შორის ნოდარ მელაძე, გიორგი გაბუნია და საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი მხარს ნიკა გვარამიას უჭერენ. მეორე ნაწილი კი, ძირითადად „კურიერის" ჟურნალისტები და რამდენიმე შოუს წამყვანი, ძმები ყარამანიშვილების მხარეს დგანან. ამბობენ იმასაც, რომ ძმები ყარამანიშვილები მალე ნიკა გვარამიას დირექტორის თანამდებობიდან გაუშვებენ. ჟურნალისტურ წრეებში გვარამიას შემცვლელად რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, მათ შორის არიან ჟურნალისტები - ნანუკა ჟორჟოლიანი და ზაალ უდუმაშვილი.

    „პრაიმტაიმმა" გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ორივე მათგანთან სცადა. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ზაალ უდუმაშვილთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ნანუკა ჟორჟოლიანი კი გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მის შესაძლო დანიშვნას გამორიცხავს.

    „სრული ბოდვაა. არ ვაპირებ, ოდესმე რამის გენერალური დირექტორი გავხდე. ეს გამორიცხულია. ახლა ცხოვრების იმ ეტაპზე ვარ, რომ ჩემს შვილებთან ურთიერთობით ვტკბები", - განგვიმარტა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

    საზოგადოების ნაწილს კი „რუსთავი 2"-ში არსებული სიტუაცია „ნაციონალური მოძრაობის" ორად გაყოფის პროცესს აგონებს. მაგალითად, „ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია „არხის სააკაშვილისგან დისტანცირება".

    „ვხედავ, რომ მფლობელებმა დაახლოებით იგივე გზა აირჩიეს, რაც სააკაშვილმა. გუნდის გათიშვის გზით მიდიან და დაიწყეს რაღაც კონსულტაციები. ეს ძალიან სამწუხარო პროცესია და იმედი მაქვს, წარმატებული არ აღმოჩნდება", - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.



    ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი




    წყარო : wyaro

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი