ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ„გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრი“-ს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი განმეორებით 16 მარტს გამოაცხადა. 6 კანდიდატიდან სარეკომენდაციო საბჭომ, წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, 1 კანდიდატი უკვე შეარჩია და დასამტკიცებლად მერს წარუდგენს.თემაზე „ინფო რუსთავი“ მთელი დღე მუშაობდა და გაარკვია, რომ კონკურსში მონაწილეობას 6 კანდიდატი იღებდა, ესენი არიან: გოგა თავაძე, მაია შენგელია, ეკა კვირკველია, ნუკრი არჩვაძე, ლალი ნიკოლაძე და ნანუკა ხუსკივაძე. საბჭომ არჩევანი ნანუკა ხუსკივაძეზე შეაჩერა, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, წევრების უმრავლესობას მსახიობის თეატრის 4 წლიანი სტრატეგიის გეგმა მოეწონა. კონკურსი გუშინ დასრულდა და მასში გამარჯვებული ჯერ ოფიციალურად არ დასახელებულა.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე პირველი კონკურსი იანვარში გამოცხადდა, თუმცა მალევე ჩაიშალა და მეორე კონკურსი უკვე მარტის თვეში გამოცხადდა. „ინფო რუსთავისთვის“ ცნობილია, რომ პირველ კონკურსში მონაწილეობას იღებდა რეჟისორი გოგი ქავთარაძე, თუმცა მეორე კონკურსში მონაწილეობისთვის რეჟისორს საბუთები უკვე აღარ შეუტანია. როგორც გოგი ქავთარაძე აცხადებს - „იმდენად არასწორად წარიმართა ყველაფერი, რომ მე ჩავთვალე, მაგ თამაშში მონაწილეობას არ მივიღებდი, ამიტომ წამოვიღე ჩემი საბუთები“. ნანუკა ხუსკივაძე რუსთავის თეატრში მისი კონკურსში ოფიციალურად გამარჯვებულად დასახელების შემდეგ მივა, რამდენიმე დღეში მსახიობს და რეჟისორს ქალაქის მერი სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე ოფიციალურად დანიშნავს.