პარტიზანი მებაღეების წევრი ნატა ფერაძე ასწლოვანი ხეების გადატანის საკითხზე გადაცემაში „განსხვავებული აქცენტები“ საუბრობს. მისი თქმით, ყველა აგრო ნორმის დარღვევით დენდროპარკი ვერ გაკეთდება.“რა არის დენდროპარკი? ამ კითხვას დავუსვამდი თუ იციან თვითონ. დენდროპარკი არის დენდრარიუმის ანუ სამეცნიერო კვლევითი ტერიტორიის შემადგენელი პატარა ნაწილი, რომელიც დაეთმობა სეირნობას და იქნება ღია სივრცე. დენდროპარკი ვერანაირად ვერ იქნება, ყველა აგრო ნორმის დარღვევით ამოგლეჯილი ხეების გადატანა,“ - განაცხადა ფერაძემ.
ნატა ფერაძემ ასვე „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი უძილაურის იმ განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც ის ამბობს, რომ მოსახლეობისგან არის ხეების შესყიდვის შეთავაზებები. ფერაძის თქმით, ეს შეთავაზება არსებული სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარეობს: „შია ხალხს და ყველა ამაზე შაყირობს, რა თქმა უნდა შია ხალხს და ყველაფერს ყიდიან იმისთვის, რომ რაღაცნაირად ჰქონდეთ საჭმლის ფული და ეს არის ზუსტად სარგებლობა სოციალური ფენის. ბიძინა ივანიშვილმა, რომ დაიწყოს თირკმელების შესყიდვა, ძალიან ბევრი შესთავაზებს თირკმელს იმიტომ, რომ ხალხი არის უკიდურესად გაჭირვებული,“ - აღნიშნა ფერაძემ.
მან ასევე გადაცემის მსვლელობისას განაცხადა, რომ საქართველომ დიდგორის ომი წააგო, რასაც სოციალურ ქსელში ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. „თურქ-სელჩუკი ხარ, გოგო?“, - წერენ მომხმარებლები.