„მე არ შემიძლია დავასახელო ხელფასის ზუსტი ოდენობა", - განაცხადა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მედიაკომუნიკაციის სამმართველოს უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა „რეპორტიორთან" მსახიობ ზურა ყიფშიძის შემოსავლებზე საუბრისას. თუმცა, ლევან ჟორჟოლიანმა აქვე განმარტა, რომ ზურა ყიფშიძეს ყოველთვიურად ხელფასი რამდენიმე ინსტიტუციიდან ერიცხება.
„ზურა ყიფშიძესთან დაკავშირებით მეორე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისი ხელფასი 400 ლარს შეადგენს. სამწუხაროდ, გუშინ როდესაც კულტურის მინისტრი ჩაერთო ტელეკომპანია „TV პირველის" ეთერში, მას არ ჰქონდა უფლება, დაესახელებინა ხელფასის ზუსტი ოდენობა, ინფორმაცია არის პირადი და ამას კანონი კრძალავს.
თუ ზურა ყიფშიძე წერილობით განაცხადებს, გაასაჯაროებს ან ნებას მოგვცემს, რომ ჩვენ გავასაჯაროოთ ეს ინფორმაცია, ამას სიამოვნებით გავაკეთებთ, რადგან საზოგადოების ინტერესი ძალიან დიდია.
თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ მას ყოველთვიურად ხელფასი რამდენიმე ინსტიტუციიდან ერიცხება. აქედან ორი თეატრია: თუმანიშვილის და მარჯანიშვილის, მას ასევე აფინანსებს ფონდი „ქართუ" და შემოსავალი აქვს ასევე „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან", სადაც ის გადაცემის წამყვანია" , - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.