ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ზურაბ ქადაგიძე: ალეკო ელისაშვილს მადა იმ დონეზე აქვს გახსნილი, რომ ყველაფერზეა წამსვლელი!

    საკრებულოს წევრმა ზურაბ ქადაგიძემ „რეპორტიორთან" საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ელისაშვილის მიზანი საზოგადოებაში ტემპერატურის აწევაა და მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერის დავით ნარმანიას ძმა ქალაქის ცენტრში უკონტროლო მშენებლობებს ლობირებდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

    ზურაბ ქადაგიძე ასევე შეეხო „რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებულ სიტუაციასა და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს.

    - ბოლო პერიოდში, საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილიაშკარად დაუპირისპირდა თბილისის მერს...

    - დამოუკიდებელი დეპუტატი იქნება ეს თუ რომელიმე პარტია, ვატყობთ, რომ რაც უფრო მცირდება არჩევნებამდე დრო, მით უფრო ეხსნებათ ადამიანებს მადა, რომ რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური ქულა დაიწერონ ამ პროცესებში. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ვხედავთ, რომ ადამიანები აღარ ერიდებიან ისეთ ღია ტყუილებსაც, როგორიც იყო თუნდაც დავით ნარმანიას ძმის თემა, რაზეც, ჩემდა გასაოცრად, „რუსთავი 2"-მა ბოდიშები იხადა. ეს იყო აფიორა, რომლითაც უნდოდათ, რომ საზოგადოებაში ტემპერატურა აეწიათ და ადამიანებს ჰქონოდათ განცდა, რომ თურმე დავით ნარმანია და მთელი მისი ოჯახი ჩართულები არიან სამშენებლო ბიზნესში. ვითომდა კვლევები, სოციოლოგები, თითქმის ყველა დეტალი ერთ მთლიან ჯაჭვში მოქმედებს და ემსახურება თვითმმართველობის არჩევნებს. სამწუხაროდ, მქონდა იმედი, რომ რიგი პოლიტიკოსები გაიზრდებოდნენ და გადავიდოდნენ უფრო კონსტუქციულ ურთიერთობაში, თუნდაც ხელისუფლებასთან, მეგობარ პარტიებთან და რაც მთავარია, საზოგადოებასთან. ევროპული გამოცდილება არის ზუსტად ეს დიპლომატია და კონსტრუქციულობა, საზოგადოება იზრდება და პოლიტიკოსებსაც ადეკვატური ქმედებები მოეთხოვებათ. სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების მხრიდან ამას ვერ ვხედავთ. რა თქმა უნდა, ყველას არ ვგულისხმობ, ერთი ახსენეთ თქვენ და ვიმეორებ, რომ მადა იმ დონეზეა გახსნილი, რომ ყველა ყველაფერზეა წამსველელი. საშინელებაა, როდესაც ამას საზოგადოება ხედავს. ნებისმიერ პარტიას, ეს იქნება სახელისუფლებო თუ არასახელისუფლებო, მოსცხებენ ჩირქს, ესვრიან ტალახს, ნებისმიერ ფასად, ოღონდ რამენაირად პოლიტიკაში აქტუალური ადამიანები იყვნენ.

    - ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ მერის თანამდებობაზე იყაროს კენჭი....

    - რა მნიშვნელობა აქვს, ეს მერის არჩევნები იქნება, ადგილობრივზე რომელიმე მაჟორიტარულ ოლქში თუ ზოგადად, პარტიას ჩამოაყალიბებს... შევხედოთ ნებისმიერ თოქ-შოუს, გადაცემას, ნებისმიერ აქტივობას, რა თქმა უნდა, თბილისში ცოცხალი პროცესები მიდის, ჯანსაღი საპროტესტოაქციებიც არის, მაგრამ უმეტესობა არის პოლიტიკურად მართული ზუსტად იმ ჯგუფების მიერ, რომლებსაც პოლიტიკური ქულების დაწერა უნდათ. ამიტომ, ელისაშვილი ასეც მოიქცევა და საზოგადოება ერთხელ და სამუდამოდ დაინახავს, რას ემსახურებიან ადამიანები რეალურად და რაზე არიან წამსვლელები იმისათვის, რომ  პოლიტიკაში აქტუალურ ადამიანებად დარჩნენ.

    - რამდენიმე დღის წინ „რუსთავი 2"-ის ეთერში ვიხილეთ კადრები, სადაც თანამშრომლებზე წილების გადანაწილება მიმდინარეობდა. თქვენი აზრით, რამდენად გამართლებული იყო ამ ყველაფრის საჯაროდ გამოტანა?

    - ერთი საკითხია სამართლებრივი ფორმა, მეორე - მორალური. როდესაც ნიკა გვარამიაზე ვსაუბრობთ, არც ერთი და არც მეორე ამ პიროვნებას არ მიესადაგება. გვარამია კუთხეში მიმწყვდეული ცხოველივით ყველაფერზეა წამსვლელი, ნებისმიერ ფასად - ნებისმიერ პროვოკაციაზე!ის დაპირისპირება, რასაც ვხედავთ, თვითონ „ნაციონალურ მოძრაობას" არ მოუტანს არაფერ კარგს. ნიკა გვარამია არის დანიშნული პირი, დანიშნულ პირს რა უფლება აქვს, განკარგოს სხვისი ქონება? მან 2007 წელსაც ზუსტად ასე გაანაწილა „იმედის" თუ სხვა ტელევიზიების წილები, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით იხურებოდა. მან უბრალოდ ასე გადაწყვიტა, რადგან ძალიან „ჭკვიანი" და ყველაზე „კრეატიული" პიროვნებაა. ახალი ტრენდი შემოვიდა - ფილოსოფიური გამომეტყველებით რომ დადიან და ზევიდან უყურებენ ადამიანებს, რომ თითქოს თვითონ იციან და სხვამ არავინ არ იცის. დარწმუნებული ვარ, ზუსტად ასე გაანაწილეს „იმედის" წილებიც და გვახსოვს, რამდენი ტელევიზია და გამომცემლობა დაიხურა. „რუსთავი 2"-ის ეთერით გასული კადრებით, ჩვენ ეს ყველაფერი ღიად ვნახეთ და დავინახეთ, როგორ იქცევა ასეთ სიტუაციებში ნიკა გვარამია.

    - პრეზიდენტმა წამოიწყო კამპანია „კონსტიტუცია ყველასია" და კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით რეგიონებში შეხვედრებს მართავს. ამასთან დაკავშირებით არის მოსაზრებები, რომ შესაძლოა, პრეზიდენტის ეს ნაბიჯი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყოს... თქვენ როგორ ფიქრობთ?

    - რამდენიმე ხნის წინ, ერთ-ერთ გადაცემაში დავაფიქსირე ჩემი აზრი და ვთქვი, რომ ჩვენ ვნახავთ ბელადომანიით შეპყრობილ გარკვეულ ძალებს, რომლებიც ლიდერის ძიების პროცესში არიან. როდესაცპოლიტიკურ პარტიას 4-5 არჩევნებში ქვეყნის მოსახლეობა ნდობას არ გამოგიცხადებს, როგორც მინიმუმ, მორალური უფლება არ გაქვს, კვლავ გამოდიოდე და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდე, სამარცხვინოა! ასეთი პოლიტიკური ძალები მრავლად არიან. ეს ძალები ერთიანდებიან სხვადასხვა იდეის გარშემო, რომ თითქოს ხელისუფლებამ ევროპულ კურსს გადაუხვია... ამის შემდეგ ახალ გაერთიანებას აკეთებენ ახალი ლოზუნგით - „გვისმენენ!"... რამდენიმე ორგანიზაცია იმასაც კი ითხოვდა, რომ მოსმენის გასაღები სპეცსამსახურების ნაცვლად კერძო კომპანიებს უნდა გადაეცეთ.საბოლოო ჯამში, როდესაც ეს ადამიანები ბელადს ვერ იპოვიან, მივლენ ისევ მარგველაშვილთან. მარგველაშვილი ახლა ცდილობს საკუთარი ძალის დემონსტრირებას, თავის წარმოჩენას, როგორც ლიდერის და თუ დაამტკიცებს, რომ საზოგადოებაში აქვს გარკვეული წონა, ეს ადამიანები მის გარშემო გაერთიანდებიან და შექმნიან ახალ პოლიტიკურ ძალას. რეალურად, ძალიან მიკვირს, რომ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში პრეზიდენტი არ ერთვება. რატომ? რა უფლება აქვს? პრეზიდენტი ასეთ საკითხებში უნდა ერთვებოდეს.

    დემოკრატიის პირობებში, ვალდებულები ვართ, მოვისმინოთ განსხვავებული აზრი, ეს არის დემოკრატია, ცივილიზაცია და ის, რისთვისაც ამდენი წელია მოვდივართ. ეს არის თუნდაც ის სიხარული, რაც ქართველმა ხალხმა რამდენიმე დღის წინ მიიღო ვიზა-ლიბერალიზაციის ამოქმედებით. ოპონენტების ხრიკია ფილოსოფიური სახით ჯდომა, თითქოს საკითხში ძალიან გათვითცნობიერებული არიან და საქმე საქმეზე რომ მივა, თვითონ ვერ იტანენ განსხვავებულ აზრს. ზუსტად ასეთი შთაბეჭდილება მრჩება პრეზიდენტის შემთხვევაშიც. რეალურად, როდესაც მარგველაშვილმა ნახა, რომ შეიძლება ამ კომისიაში მას არ ჰქონოდა კომისიის წევრების გარკვეული ნაწილის მხარდაჭერა, ბავშვივით დაიწყო გაბუტვა და დაიწყო ცალკე კამპანია, რომელსაც მე საარჩევნო პიარკამპანიას დავარქმევდი.საქართველო თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანაადა ყველას აქვს უფლება, აკეთოს ის, რაც უნდა, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში.

    - თქვენი შეფასებით, იყო თუ არა ბათუმში განვითარებული მოვლენები წინასწარ დაგეგმილი და რამდენად დროული იყო ხელისუფლების მოქმედება?

    - ხელისუფლებამ ძალიან მყარი და ღირსეული ტესტი ჩააბარა, რაც მეამაყება. ჩააბარა ზუსტად ის ტესტი, როგორ შეიძლება ასეთი ფორსმაჟორული სიტუაციის დროს ბალანსის დაცვა და იმ ზღვარზე გავლა, რაც არის ადამიანის ფიზიკური ხელყოფა. ჩანაწერებში ისმოდა - „ხელი არ დაარტყათ, დააკავეთ" - ეს არის ზუსტად ის ფორმა, რაც გამოარჩევს „ქართულ ოცნებას" და მის დამოკიდებულებას ადამიანების მიმართ. „ქართული ოცნების" ამომავალი წერტილი  ყოველთვის იყო ადამიანური ღირებულებები. რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესებს... „ნაციონალური მოძრაობის" წევრების ქმედებებიდან გამომდინარე, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი თბილისშიც აპირებდნენ არეულობის მოწყობას. მათ კარგად იციან, რომ საზოგადოებამ 2012 წელს ისეთი მყარი უარი უთხრა, რომ ეს გაგრძელდა შემდეგ არჩევნებშიც. პოლიტიკური თვალსაზრისით, „ნაციონალებს" საქართველოში დასაყრდენი არ აქვთ და მათთვის ილუზიაა ის, რომ ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოვლენ, ამიტომ ყველანაირად ეცდებიან, რომ ეს პროცსები დაძაბონ და დესტაბილიზაციაში გადაიყვანონ. ამ ყველაფერს გამოძიება დაადგენს.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი