"ამ ადამიანის სიტყვები იმდენად გულში ჩამწვდა, რომ მომინდა მის შესახებ რაც შეიძლება მეტმა მარიუპოლის მაცხოვრებელმა გაიგოს, რომლებშიც სიტყვა "მობილიზაცია" პანიკურ შიშს იწვევს", - ამ სიტყვებით აქვეყნებს უკრაინული გამოცემა newmariupol.org-ი დაღუპული გმირის გიორგი ჯანელიძის მოკლე ინტერვიუს, რომელიც მის დაღუპვამდე თვე ნახევრის წინ გამოქვეყნდა უკრაინულ მედიაში. "თავისუფალი ზონა" გთავაზობთ ამ ინტერვიუს ქართულ თარგმანს:
გიორგი ჯანელიძე, ეროვნებით ქართველი, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად ჩამოვიდა. 10 წელი ეს ადამიანი ოჯახთან ერთად თურქეთში ცხოვრობდა, თუმცა მან ყოყმანის გარეშე დატოვა აწყობილი ცხოვრება, მეუღლე და სამი შვილი და პირდაპირ იმ ქვეყანაში ჩამოვიდა, რომელიც რუსეთის აგრესიისგან იტანჯება, ისევე როგორც მისი სამშობლო საქართველო.
-როცა მე 16 წლის ვიყავი, ჩემს სამშობლოში ომი დაიწყო. მაშინ რუსეთთან ომში ჩვენ უკრაინელები გვეხმარებოდნენ. ამიტომაც მე დღეს ჩემს ძმებს ვალი უნდა დავუბრუნო.
-ეს თქვენი პირველი ომია?
-არა, მე ვმონაწილეობდი ცხინვალის, აფხაზეთის, სირიის და ავღანეთის სამხედრო კონფლიქტებში. ამიტომაც რუსი აგრესორის მიერ ომის მართვის მეთოდებს კარგად ვიცნობ. თავად ვიცი, საკუთარი გამოცდილებიდან.
-როგორ მიიღეს თქვენი გადაწყვეტილება ოჯახის წევრებმა?
-ოჯახმა მხარი დამიჭირა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მე უკვე ვერ დავბრუნდები, ვინაიდან ჩემს ამ გადაწყვეტილებას საქართველოში ღალატად ჩათვლიან (თუმცა მე აქ საქართველოს მტერს ვებრძვი, ჩვენს საერთო მტერს). მე ჩემს 14 წლის შვილს ვუთხარი: თუ დავიღუპები, შენ რუსეთის წინააღმდეგ უნდა განაგრძო ბრძოლა.
-რას იტყოდით იმ ჩეჩნებზე, რომლებიც ახლა ე.წ. "ДНР" და "ЛНР"-ის მხარეს იბრძვიან?
-ისინი ამას ფულის გამო აკეთებენ. ჩეჩნეთი ფაქტიურად სრულიად განადგურებული იყო რუსების მიერ, სხვანაირად როგორ შეიძლება აიხსნას ამ ხალხის საქციელი?
-თქვენ პირადად არაერთი ომი გაგივლიათ, რომელიც კრემლმა მოაწყო. თქვენი აზრით, შესაძლებელია აგრესორის შეჩერება ამჯერად მაინც?
-იქ სადაც რუსეთია ყოველთვის ბევრი ტკივილია. თუმცა მე ვხედავ ზოგიერთ უკრაინელ მამაკაცებს, რომლებიც საზღვარგარეთ "მობილიზაციას" გაურბიან. მე ვხედავ დონბასის მაცხოვრებელთა დიდ რაოდენობას, რომლებიც მხარს უჭერენ ე.წ. "რუსულ სამყაროს". მე ვფიქრობ რომ რუსეთის გადალახვა დიპლომატიური გზებითაა შესაძლებელი, მაგრამ ძალის მეთოდით შებრძოლება უბრალოდ აუცილებელია, და ამიტომაც ვარ აქ. მინდა უკრაინის ფრონტზე ქართული დროშის ქვეშ ვიბრძოლო. ყველამ ნახოს, რომ მთელი მსოფლიო უკრაინას უდგას გვერდში.