3 წლიდან კონკურსებში დაიარება. ეს ბებოს დიდი დამსახურებაა. ბოლო მუსიკალური კონკურსი „იქს ფაქტორი“ იყო, რომელმაც დიდი გამოცდილება და ცოტაოდენი წყენაც მოუტანა მომღერალს. გახსოვთ, ალბათ, ფეხმძიმე, საყვარელი, ფუმფულა ლინდა „იქს ფაქტორის“ სცენაზე, ანრი ჯოხაძეს რომ მიახარა, გათხოვებაც მოვასწარი და მუცელში პატარაც მყავსო. ეს პატარა ახლა უკვე წლინახევრის ბიჭია.
გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან მომღერალ, ლინდა ადამიასთან, რომელიც „პრაიმტაიმში“ დაიბეჭდა.
– მამა არ მყავს. მე რომ თვეების ვიყავი, მამამ მიგვატოვა. ყველამ ზურგი შეაქცია დედას, მისმა ოჯახმაც არ მიიღო. დედამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მე არაფერი მომკლებოდა. მე ბიოლოგიური მამა არ მყავს.
– ურთიერთობა არ გაქვთ?
– ძალიან ცუდი. მას უნდა, მაგრამ საბოლოოდ ჩვენი ლაპარაკი ცუდად დასრულდა. არ მჭირდება ადამიანი, რომელმაც ზრდასრულ ასაკში გამიცნო და მომიკითხა. 18 წლის ვიყავი, რომ ჩამოვიდა. დიდი ხანი ციხეში იჯდა. პირველი შეხვედრა ძალიან უემოციო იყო. დედა სულ მეუბნებოდა, რომ ის მამაა ჩემი და უნდა მიმეღო. ვერ შევძელი. დედამ იწვალა, რომ ჩემთვის უმაღლესი განათლება მოეცა, ლუკმაპური ეშოვა, დიდი გაჭირვება გამოვიარეთ ერთად. რომ არა ჩემი მამობილი, მამუკა, არ ვიცი, რა იქნებოდა. მეორე კლასში ვიყავი, დედა რომ მეორედ გათხოვდა.
– მამასთან ბოლო საუბარი ახსენე, რა მოხდა?
– მე ვარ დევნილი, ბინა არ მაქვს და ვცხოვრობ ქირით, ქმართან და შვილთან ერთად. მოვითხოვე ბინა და სახელმწიფომ უარი მითხრა. მამაჩემმა მიიღო ბინა და მე დამტოვა ისე. მას რომ უარი ეთქვა, მე ბინას მივიღებდი. გამოვიდა, რომ ჩემს შვილთან ერთად გამწირა მამამაც და სახელმწიფომაც.
– მამას სხვა თავშესაფარი აქვს?
– ხელი და ფეხი აქვს. ესეც რომ არ ყოფილიყო, მე მივიღებდი, ჩემთან ვაცხოვრებდი. ამ ნაბიჯით გააფუჭა ურთიერთობა.
– მე და დედამ ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთო, მითხარი, რას გულისხმობდი?
– ფილტვებში წყალი ჰქონდა დედას და არანაირი სახსარი არ გვქონდა იმის, რომ ემკურნალა. სწორედ ამ პერიოდში გაიცნო მამუკა. მე 1-2 კლასში ვიყავი. რომ არა ჩემი მამობილი, დედა აღარ მეყოლებოდა. ფაქტობრივად, მამუკამ დედა მეორედ მაჩუქა.
ნინო მჭედლიშვილი
„პრაიმტაიმი“
წყარო