ჟურნალისტ ელისო კილაძის ინფორმაციით, მისი შვილის დაკავების სპეცოპერაციის დაგეგმვაში უშუალოდ მონაწილეობდა სუს-ის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილი. კილაძე ამბობს, რომ დაკავებისას სამართალდამცველების მხრიდან ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცყოფას და ნივთმტკიცებულებების გაყალბებას, ოჯახმა კი დაკავების შესახებ მხოლოდ 4 საათის შემდეგ შეიტყო. მისივე ინფომრაციით, ჩატარდა ნარკოლოგიური შემოწმება, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ დაკავებული ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა.
„ის არის სუფთა, ნარკოტიკული ზეგავლენის ქვეშ არ იმყოფება, დამატებით გადატანილია ეს ნიმუშები დალუქულ მდგომარეობაში ექსპერტიზაზე. ორი პაკეტი არ ვიცით ჩვენ ჯერჯერობით რა არის, გაურკვეველი ფხვნილია და ამიტომ სრულიად გაუგებარია რატომ დაიწყო 260-ე მუხლით გამოძიება. არ მომხდარა მისი არც საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, ისევე როგორც არ მომხდარა მისი ავტომობილის ჩხრეკა, რომლითაც ის გადაადგილდებოდა.
ავტომანქანა არც დალუქული არ არის, ის ჩვენ ჩვეულებრივად წამოვიყვანეთ და დგას მის საცხოვრებელ სახლთან. რაც შეეხება სხვა დეტალებს, პირდაპირ გეუბნებით, რომ სპეცოპერაციის დაგეგმვაში უშუალოდ იყო ჩართული სუს-ის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილი, რომელთანაც მე მაქვს ძალიან დიდი ხნის დაპირისპირება. ვიცი იმ ორი ინფორმატორის ვინაობა, სახელებით და გვარებით, ფოტოები მაქვს მათი და სახეებზე. თვითმხილველებმა მითხრეს, რომ მთელი დღის განმავლობაში დილიდან იქ იყო პოლიცია მობილიზებული, მე ვიცი ვისთან ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია ჩემს შვილს, ერთი მათგანი დაკავებული იყო სწორედ ნარკოტიკებზე, საკმაოდ დიდი ოდენობით ნარკოტიკზე და ის გაათავისუფლეს ორი კვირის წინ,“-განაცხადა ელისო კილაძემ.
ადვოკატის განცხადებით, დაკავებული ამბობს, რომ მისი დაკავება მოხდა არაპროპორციული ძალის გამოყენებით. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. მისვე თქმით, დაკავებულს შუბლის არეში აღენიშნება მცირე დაზიანებაც, რომელიც, კილაძის შვილის თქმით, დაკავების დროს მიიღო. დღეს 14:00 საათზე დაკავებულის ახლობელები დიღომში, პოლიციის სამმართველოს შენობასთან შეიკრიბებიან.