- მამაო, რას იტყვით მამა გიორგი მამალაძეზე, რომელსაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობა ედება ბრალად?
- რაც ხდება მამა გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით, ეს არის ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის დაგეგმილი სპექტაკლი. ამჯერად მათ მოახერხეს და არეულობა შეიტანეს, როგორც საპატრიარქოში, ასევე პროკურატურაში. როგორც ჩანს, ირაკლი მამალაძეს „რუსთავი 2"-მა გადაუხადა, რათა დაესმინა პროკურატურაში თავისი მოგვარე. პარალელურად, „რუსთავი2"-ს აწვდიდა ინფორმაციას.
უნდა ითქვას, რომ საქართველოს საპატრიარქოში განუკითხაობამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. პატრიარქი ვერ მორჩილებს, როგორც ეპისკოპოსებს, ასევე მღვდლებს. ფაქტი სახეზეა, შეიძლება სასულიერო პირი ეწოდოს მღვდელს, რომელიც ღია ეთერში თამამად აცხადებს, რომ მარიხუანა სახლში აქვს დათესილი და ეწევა კიდეც? ყოვლად მიუღებელია ე. წ. მეუფე პეტრეს სატელევიზიო გამოსვლები. ღვთის მსახური, რა იერარქიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, უნდა განიცდიდეს ეკლესიის წიაღში არსებულ სავალალო მდგომარეობას, ცრემლებად უნდა იღვრებოდეს და გამოსავალს ეძიებდეს. ნაცვლად ამისა, ეპისკოპოსი გამოდის საზოგადოების წინაშე და სიცილ-ხარხარით ჰყვება ამ საშინელებას. ეს ხომ ერის დაცინვაა, შეურაცხყოფაა სარწმუნოებისა, რომელსაც, როგორც ვხედავთ, ფორმალურად ემსახურება. ასე წარმოაჩენენ უღირსი სასულიერო პირნი ეკლესიის სახეს, საუბედუროდ, მსგავსნი მრავლად არიან საპატრიარქოს წიაღში.
რაც შეეხება პატრიარქის მოწამ ვლის მცდელობას, ეს შესაძლებელი იყო, რამეთუ უწყით, რომ საქართველოს ეკლესიის ისტორიის მიხედვით, მოყოლებული 1917 წლიდან, ყველა პატრიარქი საეჭვო ვითარებაშია გარდაცვლილი და რატომღაც ამას შემდგომ პატრიარქს აბრალებენ. ხშირად ვიხსენებ დავით დევდარიანის ბურუსით მოცულ გარდაცვალებას (ამის შესახებ თქვენს გაზეთშიც იწერებოდა). მის მიერ დაწერილი ანდერძი ხელიდან ხელში გადადიოდა თურმე.
თქვენს გაზეთში გამოქვეყნებული წერილების შემდეგ ჩემთან მოვიდა ერთი მოხუცებული ქალბატონი, რომელიც ქაშვეთის ეკლესიაში მსახურობდა და პატრიარქთან დაახლოებული პირი იყო. მან მომითხრო, რომ პატრიარქის დაწერილ ანდერძს არავინ უყურებდა, რამეთუ სეიფის გასაღები 3-4 პიროვნებას ჰქონდა, კერძოდ, რელიგიური საბჭოს წარმომადგენელს გაიოზ კერატიშვილს, ილია II-ის წარმომადგენელს. ყველამ უწყოდა, რომ პატრიარქად ილარიონ სამხარაძე მოიაზრებოდა, მაგრამ სეიფის გახსნის შემდეგ პატრიარქად ილია II ვიხილეთ; კერატიშვილი ციხეში, ხოლო სამხარაძე - საგიჟეთში. დღეს წვლილებების ჟამი დადგა. საინტერესოა, ვის ვიხილავთ პატრიარქის სავარძელში, ვის ფსიქიატრიულში და ვის - ციხეში... ასე რომ, წარსული მეორდება, ჩემო კარგო.
- კვლავ გიორგი მამალაძეს დავუბრუნდეთ.
- დიახ. მინდა პარალელი გავავლოთ წარსულსა და აწმყოს შორის. დღესავით ნათელია, რამდენი ეპისკოპოსი იბრძვის პატრიარქობისთვის. არც მალავენ. სიმართლეს თვალები გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ დღეს ეკლესიაში ისეთი არეულობაა, აუცილებელია დავით აღმაშენებლისნაირი ან თუნდაც ზვიად გამსახურდიასნაირი მეთაური, რათა სასწრაფოდ მოიწვიონ რუის-ურბნისის მსგავსი კრება. განიწმიდოს ეკლესია უღირსთაგან და შემდეგ იწყონ მსჯელობა, ვინ დაიკავებს პატრიარქის სავარძელს, რომლისკენაც ასე გამალებით მიილტვიან. ერთი ვერსიით, სწორედ ახლა ნახეს ადვილი გზა მიზნის მისაღწევად. თითქოს პატრიარქმა ოპერაცია ვერ გადაიტანა და დაბრკოლებაც გადალახული იქნებოდა, მაგრამ კიდევ უფრო სხვა ინფორმაცია მაქვს. საპატრიარქოში ყველაზე მკაცრი და უმსგავსოების მიმართ დაუნდობელი მებრძოლი ეპისკოპოსი იაკობ იაკობაშვილია, რომელიც ვერ იტანს უღირს სასულიერო პირებს, მკაცრად ამხელს მთავრობის ყოფილ თუ ფაქტობრივი ხელისუფლების უნიათო წარმომადგენლებს.
იქედან გამომდინარე, რომ კონკრეტულად არ იყო დასახელებული სასულიერო იერარქი პიროვნულად, იკვეთება, რომ საწამლავი სწორედ მეუფე იაკობისთვის იყო გამიზნული. „რუსთავი 2"- ის ღია ეთერში წაიკითხეს მამა გიორგი მამალაძის წერილი, რომლითაც სინოდისთვის უნდა მიემართა. როგორც განაცხადეს, ეს წერილი დაუბლოკავს მეუფე იაკობს.
მოვიყვან ფრაზის ციტირებას, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა წაიკითხა: „ეს წერილი დაბლოკა იაკობ იაკობიძემ..."
ისმის კითხვა: მამა გიორგიმ მეუფე იაკობის გვარი არ იცოდა, რომ ის იაკობაშვილია და არა იაკობიძე? აღნიშნული ტელევიზია რომ ეკლესიის დაუძინებელი მტერია, ყველამ უწყით. ასევე უწყით, რომ მართლმადიდებლობის დაუძინებელი მტრები ტელეკომპანიას, როგორც უნდათ, ისე იყენებენ.
ამ შოკისმომგვრელმა ფაქტმა, რომელიც მთელი ერის სალაპარაკო და განსასჯელი გახდა, ბუნებრივია, ოკეანის გაღმელთა და დასავლეთის წისქვილზე დაასხა წყალი, რამეთუ, რაც ჩვენს ქვეყანაში სარწმუნოებისა და ერის საწინააღმდეგო მოვლენები ხდება, გარკვეულწილად, სწორედ იქიდან იმართება.
იეღოველთა სექტის წარმომადგენელნი შემოესივნენ საქართველოს და ყოველგვარი მზაკვრული ხერხებით ცდილობენ ამორალიზმი, გარყვნილება დანერგონ ერში და ასე „მომზადებული" წაიყვანონ ევროპისკენ. შორს არ მივდივართ. სულისწამწყმედელი სოროსის ფონდის დამაარსებელი თვით პრეზიდენტი მარგველაშვილი არ არის? ყოფილი პარლამენტის თითქმის მთლიანი შემადგენლობა სარწმუნოების მტრები არ იყვნენ ნაციონალების სახით, რომელთაც დღესაც ჰყავთ დასაყრდენი ძალა საპატრიარქოში, სასულიერო იერარქიაში, ისინი ახლაც სააკაშვილს მისტირიან და კვლავ ცდილობენ, დააბრუნონ ამორალური რეჟიმი საქართველოში, მაგრამ ამას ღმერთი არ დაუშვებს. მათი სახელები არაერთხელ ვაუწყე მოსახლეობას და ამჯერად აღარ გავიმეორებ.
პირწავარდნილმა სოროსმა, რომელსაც ამერიკის ახლადარჩეულმა პრეზიდენტამ დონალდ ტრამპმა „სახელმწიფოს საშიშროება" უწოდა, ბინძური გრანტებით მოსიყიდა საქართველოს მოღალატენი ბოკერიას თამადობით და სააკაშვილის დახმარებით ბრძოლა გამოუცხადეს მართლმადიდებლობას.
მე თავს უფლებას ვერ მივცემ, ვხედავდე დანაშაულს და პირში წყალი ჩავიგუბო, რამეთუ დუმილით დამნაშავეთა თანაზიარი ხდები. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ მე, პირადად, ათეული წლების წინ, 1995 წლიდან განვეშორე საპატრიარქოში არსებულ უმსგავსობას. ვგრძნობდი, რა შავი ღრუბელი გროვდებოდა ჩვენი ერის, სარწუნოების თავზე. აქედან მოყოლებული, მრავალრიცხოვან მრევლთან ერთად ვიბრძოდით, რათა გამოსულიყო საქართველო მსოფლიო ეკუმენისტური საბჭოდან, აგველაგმა იეღოველთა სექტის აღვირახსნილი ქმედება. მაშინ დუმდა საქართველო, დუმდა ეკლესიაც. არ ელოდნენ, თუ ამ დღეში ჩავცვივდებოდით. უკომპრომისოდ ვამხელდი მათ, საქართველოს ეკლესიამ ლომის წილი დადო 1991-92 წლების სახელმწიფო გადატრიალების და საქართველოს პირველი ღვთივკურთხეული პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას განდევნაში.
როცა ნახეს, რომ მე ვერ შევეგუებოდი არაქრისტიანულ ქმედებებს, აქეთ დამიწყეს შემოტევა და ყოველი ღონე იხმარეს, რათა დაგვეტოვებინა ჩვენივე აშენებული ლომისის წმიდა გიორგის ტაძარი. ამ პროცესს მაშინ ხელმძღვანელობდა პატრიარქის სიძე მიქაელ წურწუმია, რომელსაც ერთი აგურიც კი არ დაუდვია ამ ეკლესიის მშენებლობაში.
- მამაო, როგორ ფიქრობთ, რითი დამთავრდება ყოველივე ეს?
- რა გითხრათ. როგორც თავად აღნიშნავენ, მართლაც დიდ შარში გაეხვია საპატრიარქო. ეს მოსალოდნელიც იყო. ნუთუ არ დაფიქრებულან მაღალი იერარქიის სასულიერო პირნი, რომ ისინი პირად ინტერესებს სამშობლოზე, სარწმუნოებაზე მაღლა აყენებენ? უფალი ჩვენთვის ეცვა ჯვარს, ჩვენ კი ასე ვპასუხობთ? ასეთი შავბნელი გზით მოპოვებული სავარძელი რად უნდათ, ნუთუ არ განიცდიან სინდისის ქენჯნას, რა ფასი ექნება მათ ქადაგებას, რა უნდა ასწავლონ ერს.
დარწმუნებით გეტყვით, ახლო მომავალში აირჩევენ პატრიარქის თანამოსაყდრეს, რამეთუ მართლმორწმუნე ერის ჭეშმარიტ ნაწილს წინამძღოლი სჭირდება. ასეთი ქაოსი დამაბრკოლებელია ეკლესიის და მრევლის. თუ პირველ საუკუნეებში ხორციელად ეწამებოდნენ ქრისტეს სჯულისთვის, ახლა თითოეული ჩვენგანის რთული სულიერი გამოცდა ხდება, რათა სულიერად განწმენდილნი მივაბიჯებდეთ ქრისტეს ეკლიან ბილიკზე და არა შეწყდეს მადლიანი გზა მიმყვანებელი უფალთან, არა ჩაქრეს სარწმუნოების ჩირაღდანი, რომელიც თითოეული ჩვენგანის გულში ანთია, რომელიც აცისკროვნებს ჩვენს აწმყოს და იმედს გვიტოვებს მომავლისას.
ღმერთმა დაგლოცოთ!