„ღამის ნოტარიუსის საიდუმლო“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“, სადაც საუბარია ნოტარიუს ნუნუ გინტურზე, ვისთანაც არაერთი გახმაურებული საქმე ოფიციალურად გაფორმებულა, მათ შორის „რუსთავი2“-ის წილები. „უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს დაუბრუნა, თუმცა სასამართლოს არ უმსჯელია, თავად ქიბარ ხალვაშმა რამდენად კეთილსინდისიერად მიიღო ტელეკომპანიის წილები 2004 წელს, როდესაც არხის დამფუძნებლებს – დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს ნოტარიუს ნუნუ გინტურის სანოტარო ოფისში საკონტროლო პაკეტი ოფიციალურად დაათმობინეს. ვინ არის ნოტარიუსი ნუნუ გინტური, რომელსაც საზოგადოების ნაწილი ხან ოქრუაშვილის, ხანაც ადეიშვილის პირად ნოტარიუსად იცნობს, ზოგი კი მას ღამის ნოტარიუსადაც მოიხსენიებს, გამომდინარე იქიდან, რომ წინა წლებში ჩამორთმეულ ქონებებს ძირითადად ღამის საათებში აფორმებდა. მისი სახელი, „რუსთავი 2“-ის გარდა, სხვა არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს, მათ შორისაა ტელეკომპანია „იბერიისთვის“ ლიცენზიის ჩამორთმევა. „პრაიმტაიმი“ ნუნუ გინტურს პირადად დაუკავშირდა და შეეცადა, გაერკვია, რა მოხდა 2004 წლის 16 ივნისს მის სანოტარო ბიუროში? აღმოჩნდა, რომ აწ უკვე ყოფილი ნოტარიუსი „რუსთავი 2“-ის საქმეზე პროკურატურამაც დაკითხა. მოგეხსენებათ, საგამოძიებო უწყებაში საჩივარი დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ჯერ კიდევ 2012 წელს შეიტანეს, თუმცა, როგორც ირკვევა, გამოძიება გაურკვეველი მიზეზით შეჩერდა. ჩვენთან საუბრისას ნუნუ გინტური ამბობს, რომ სანოტარო მოქმედების შესახებ საიდუმლოს სიცოცხლის ბოლომდე შეინახავს. „კანონი ნოტარიუსის შესახებ მავალდებულებს სანოტარო მოქმედების საიდუმლოს შენახვას. ასე რომ, ვალდებული ვარ, ეს საიდუმლო სიცოცხლის ბოლომდე შევინახო, მიუხედავად იმისა, რომ დღეს მე ნოტარიუსი აღარ ვარ. არ მაქვს უფლება, პრესისთვის ინფორმაცია გავცე. გამოძიებასა და სასამართლოს რაც აინტერესებდა ჩემგან, ეს ინფორმაცია მათ უკვე მიღებული აქვთ. სადაც საჭირო იყო, ჩვენება ყველგან მიცემული მაქვს“, – გვითხრა ნუნუ გინტურმა. ყოფილმა ნოტარიუსმა პროკურატურაში ჩვენება ტელეკომპანია „იბერიის“ საქმეზეც მისცა, სადაც პრაქტიკულად დაადასტურა, რომ „იბერია ტვ“-ის მფლობელს, ზაზა ოქუაშვილს, ასევე, 2004 წელს ლიცენზიის დათმობას აიძულებდნენ. პროკურატურამ ტელეკომპანია „იბერიის“ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმე 2016 წლის თებერვალში გახსნა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ. კიდევ რა საქმეებში ფიგურირებს ნუნუ გინტურის სახელი და რას პასუხობს მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს. ვრცლად ამის შესახებ წაიკითხეთ გაზეთ „პრაიმტაიმის“ ორშაბათის ნომერში.
წყარო