ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში, გადაცემა ”იმედის დროსთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს პრემიერ მინისტრსა და საპატრიარქოში შექმნილ მოვლენებზე ისაუბრა:”პრემიერის გამოსვლას რაც შეეხება, ძალიან ვწუხვარ. მე მას ვიცნობდი, როგორც პატიოსან, მორწმუნე და ეკლესიურად მოაზროვნე ადამიანს. მაგრამ რაც აშკარაა ქვეყანაში, ერშიც და ბერშიც, საეკლესიო და სახელისუფლებო მმართველობაში ჩვენ გვაქვს პრობლემა პრინციპულობის. უპრინციპო ადამიანები არიან წარმოჩენილი. ამის გამო ვართ ამ მძიმე მდგომარეობაში და მე ვფიქრობ, რომ დღეს ქვეყანა როგორც არასდროს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიყოს პარტიულ მიმდინარეობებად. დღეს ქვეყანა უნდა დადგეს ფეხზე და უნდა დაიყოს პრინციპულებად და უპრინციპო ადამიანებად. მართლებად და ფარისევლებად. ორი ვარიანტია ან ის არის დეზინფორმირებული, როგორც პატრიარქი და ეს გარემოცვის ბრალია და მაშინ მან უნდა გადადგას სასწრაფო ნაბიჯები და დაგვიმტკიცოს, რომ მართავს პროცესებს. ხოლო თუ მას აქვს სწორი ინფორმაცია, თუ რა უდანაშაულო მღვდლის გაწირვის მცდელობასთან აქვს საქართველოს ბოროტ ძალებს და ამას აკეთებს, მაშინ ეს უკვე დიდი დანაშაულია”, - განაცხადა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ.
”პატრიარქის ვიდეოს არასრულ ვერსიას რაც შეეხება, დარწმუნებული ვარ კვალი მიგვიყვანს ისევ გათავხედებულ მდგომარეობამდე რუხი კარდინალისა, ეკლესიაში არსებულისა. დარწმუნებული ვარ, სხვა ვერც ერთი ადამიანი ამ პასუხისმგებლობას ვერ აიღებდა. დარწმუნებული ვარ, რომ პატრიარქი ბევრად უფრო კეთილად მოიხსენიებდა მამა გიორგი მამალაძეს თავის საუბარში და მან მისცა თავს უფლება, თავისი ოქროს თევზების მეშვეობით გადაეჭრათ და ისე გამოეგზავნათ. ძალიან ადვილია გამოძიება ჩატარდეს. როგორც ვიცი ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიიდან აიტვირთა. იქ ვკითხოთ, ვინც ატვირთა და როგორი სახით მიიღო. ან გამომგზავნმა გადაჭრა, მაგრამ კვალი აუცილებლად მიგვიყვანს, იმიტომ, რომ პატრიარქის გარემოცვაში სხვა პასუხისმგებლობის მქონე პირი ამ საკითხთან მიმართებაში მე არ მეგულება.ეს არის ფაქტი იმისა, თუ რის უფლებას აძლევს თავს პატრიარქის გარემოცვა. როგორ იზოლაციაშია პატრიარქი და როგორ არასრულყოფილად ხდება პატრიარქის სიტყვის ჩვენამდე მოსვლა”, - განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ.