გამომძიებელმა გამაფრთხილა, რომ თუ ხელს არ მოვაწერდი გაუთქმელობის ხელშეკრულებას, ჩემს წინააღმდეგ აღიძვრებოდა სისხლის სამართლის საქმე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ახალმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძესთან კლინიკაში იმყოფებოდა. როგორც მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, დღეს კლინიკაში საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გამომძიებელი ექსპერტებთან ერთად იმყოფებოდა. ”გამომძიებელმა კატეგორიულად მომთხოვა ხელწერილის დადება გაუთქმელობის თაობაზე, რაზეც მე მას უარი ვუთხარი. აღნიშნულმა პირმა გამაფრთხილა, რომ თუ ხელს არ მოვაწერდი ხელწერილს, რაზეც ჩემს კოლეგებს აქვთ ხელი მოწერილი, ანუ გაუთქმელობის პირობაზე, მაშინ ჩემს წინააღმდეგ აღიძვრებოდა სისხლის სამართლის საქმე. მე ხელმეორედ ვუთხარი უარი და დავუფიქსირე, რომ სანამ საგამოძიებო ორგანოებიდან მე სრულ მასალას არ მივიღებ, არ ვაპირებ არანაირი ხელწერილის დადებას გაუთქმელობის თაობაზე. მაგათ თუ მიაჩნიათ ის ფაქტი, რომ მე უფლება არ მაქვს ბრალდებულთან ურთიერთობის, შესაბამისად, მისგან გარკვეული ინფორმაციის მიღების შემდეგ ის საჯარო გავხადო, ეს მაგათი პრობლემაა. ასე რომ, ნუ ეცდებიან ჩემს დაშინებას ან შეშინებას ხელწერილებით ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემით“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge