სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია გვაზავა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დღევანდელ შეხვედრაზე ტელეკომპანია “იბერიის” პირდაპირ ეთერში საუბრის დეტალებს ასაჯაროებს.
როგორც მეუფე გადაცემა “პრიორიტეტში” განმარტავს, საპატრიარქოში შეიქმნა ჯგუფი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურასთან ურთიერთობს
“დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი დალაგდება, გაირკვევა და სიმართლე აუცილებლად გამოჩნდება. რაღა თქმა უნდა საგამოძიებო ორგანოებს გააჩნიათ ხელთ ის მასალა, რომლის საფუძველზეც მოხდა მამა გიორგის დაკავება. ამის თაობაზე მე ვერაფერს გეტყვით. მამაო უარყოფს გამოძიების წინაშე ამ ნივთიერების კავშირს მასთან. მე ვარ შეზღუდული სასულიერო პირის უფლებამოსილებით, არ მაქვს უფლება აღსარების საიდუმლო გავცე. მე არ მაბარებდა მამა გიორგი აღსარებას, მაგრამ ჩვენი დღევანდელი საუბარი მისი აღსარებით დაიწყო. მე ვარ შეზღუდული საგამოძიებო ორგანოების წინაშე ვალდებულებითაც და მინდა გითხრათ, რომ საპატრიარქოში შეიქმნა ჯგუფი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურასთან ურთიერთობს და პროკურატურამ ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა ნაწილობრივ მოვახსენოთ პატრიარქს როდესაც ის ჩამობრძანდება”, – განმარტა მიტროპოლიტმა.
მან, გადაცემა “პრიორიტეტში” საგამოძიებო უწყებებისადმი მის ნდობაზე ისაუბრა და იმედოვნა, რომ ის საკითხები, რომელიც გარკვევას საჭიროებს, ბოლომდე იქნება გარკვეული.
“მიმდინარეობს გამოძიება, საგამოძიებო ორგანოებისა მწამს, რომ სრული კეთილსინდისიერებით წარიმართება. ის საკითხები, რომელიც გარკვევას საჭიროებს, იქნება ბოლომდე გარკვეული. პირადად მე საერთოდ ჯერ სასულიერო პირისაგან ამგვარი ქმედების დაჯერება მიჭირს და მიჭირს კონკრეტულად მამა გიორგის შემტხვევაში, რომ მას ჰქონდა რაიმე ბოროტი განზრახვა პატრიარქის მიმართ, რომელთანაც ის დაახლოებული იყო. პროკურატურამ გაგვაცნო ნაწილი იმ მასალისა, რომლის საფუძველზეც იქნა დაკავებული მამა გიორგი. მინდა ვთქვა, რომ მასალა, რომელიც არის პროკურატურის ხელში იძლევა საფუძველს ადამიანის დაკითხვისას. ყველაფერს ვერ გეტყვით, რადგან ვალდებულებით ვართ შეზღუდული. ის უსაფრთხოების ზომები, რომლებიც განხორციელებულია მამა გიორგის მიმართ, მაძლევს იმედს, რომ ასეთივე კეთილსინდისიერი მიდგომით იქნება გამოძიებული ეს საქმე”, – განაცხადა მეუფემ.
სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ასევე, ისაუბრა დეკანოზ მამალაძის დაკავებამდე მისი გეგმების შესახებ და დაადასტურა, რომ ამჟამად ბრალდებული დეკანოზი მართლაც აპირებდა ბერლინში წასვლას და პატრიარქის მონახულებას.
“რამდენადაც ჩემთვის ცნობილია მამა გიორგი აპირებდა ჩაეკითხა ბერლინში პატრიარქისთვის და მისი მღვდელმთავრისათვის მეუფე დიმიტრისათვის”, – აღნიშნა მან.
მეუფე ანდრიამ ტელეკომპანია “იბერიის” პირდაპირ ეთერში გიორგი მამალაძის სამომავლო სასულიერო ცხოვრების ბედზე ისაუბრა და განმარტა, რომ თუ, მას ბრალეულობა დაუმტკიცდება, დეკანოზი განკვეთილი იქნება ეკლესიისგან.
“მამა გიორგი მხოლოდ ბრალდებულია. ბრალდებულს სამღვდელო ხარისხი უნარჩუნდება. მას არ აეყრება სამღვდელო ხარისხი. მხოლოდ, როგორც ბრალდებული ინარჩუნებს ხარისხი. თუ, დანაშაული იქნება დანაშაული, მერე ეკლესია იმოქმედებს”, – განაცხადა მიტროპოლიტმა გადაცემა “პრიორიტეტში”.
წყარო
წყარო