_ მაშინ რატომ ფიქრობთ, რომ თანხები არაეფექტურად იხარჯება?
_ 2014 წელს გადაწყდა, რომ ის დევნილები, ვისაც ხელფასი 1250 ლარზე მეტი აქვთ, აღარ აიღებდნენ 45-ლარიან დახმარებას, რადგან აღმოჩნდა, რომ მას იღებდნენ ის ბიზნესმენებიც, რომელთა შემოსავალი წელიწადში 3 მილიონ ლარზე მეტია (გვარებს სპეციალურად არ დავასახელებ). რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთი მილიონერის სიმამრი იყო მოსული, რომელსაც დახმარება შეუწყდა, რადგან 2 თვით იყო გასული ქვეყნიდან და სკანდალი მოაწყო.
_ დევნილი საზღვარგარეთ თუ წავა, დახმარება უწყდება?
_ 2 თვეზე მეტხანს თუ გავა, დახმარება დროებით უჩერდება, სტატუსი არ უწყდება. დიდი ხნით სამუშაოდ ან საცხოვრებლად მიდის. ანუ მას იმ ქვეყანაში აქვს შემოსავალი, ან საერთოდ არ უნდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა. დაფინანსება იმ შემთხვევაში არ უწყდება, თუ სამკურნალოდ ან სასწავლებლად მიდის.
_ 1250-ლარიანი ბარიერი რის საფუძველზე დააწესეთ, სამომხმარებლო კალათასთან არის დაკავშირებული?
_ არა, ასე რომ იყოს, 165 ლარი იქნებოდა. ახალ რეფორმაზე რამდენიმე თვეა ვმუშაობთ. დაახლოებითი მონახაზი გვაქვს, თუმცა ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება. ფართო დისკუსია მოჰყვება და შემდეგ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას.
_ და როგორია ეს მონახაზი?
_ დევნილი, რომელმაც სახელმწიფოსგან მიიღო ბინა, თუ სოციალურად დაუცველია, მიიღებს ამ დახმარებას, თუ დაცულია _ შეუწყდება. გასაგებია, ეს არაა საკმარისი იმ დანაკარგის ასანაზღაურებლად, რაც აფხაზეთში განიცადეს. სოხუმში რაც მე დავკარგე, ვერავინ ამინაზღაურებს. ვიბრძოლე, უამრავი ადამიანი ჩემ თვალწინ დასახიჩრდა ან გარდაიცვალა და მივიღე სერიოზული ფსიქიკური ტრავმა. ამის ანაზღაურება შეუძლებელია. დევნილებს უნდა შევუქმნათ ნორმალური, ღირსეული საცხოვრებელი პირობები, რათა ისინი გაუთანაბრდნენ ქვეყნის დანარჩენ მოქალაქეებს. მათი სტატუსი კი, ნარჩუნდება დაბრუნებამდე და ამას არავინ ეხება.
წყარო: ვერსია