„საქართველოს ზუსტად ისეთი პოლიტიკური სისტემა ექნება, როგორიც აქვს ყველაფერი - განათლება, ჯანმრთელობა, ჯანდაცვა, ცხოვრების წესი, მუშაობის კულტურა და სხვ. წინააღმდეგ შემთხვევაში სრულიად დაირღვევა პოლიტიკური სისტემა. არავინ არავის არ ენდობა, რაც ნიშნავს რევოლუციას და გადატრიალებას. ვერ გეტყვით ვინ, რევოლუცია ისეთი რამ არის, რომელსაც არავინ არ აწყობს, ხელს კი ითბობენ ხოლმე პოლიტიკოსები. მე არ მჯერა, რომ რევოლუცია მოაწყოს ერთმა კაცმა, ან მხოლოდ ბოლშევიკებს მოეწყოთ ან მიშა სააკაშვილს. რევოლუცია გაცილებით რთული მოვლენაა. თუ საქართველოში იქნება გასაჭირი და ეს გასაჭირი მივა უკიდურესობამდე, რევოლუციას ლიდერი არ დასჭირდება, შიმშილი მოაწყობს რევოლუციას. იმ ვითარებაში, რაშიც დღეს ვართ ამის პროგნოზირება შეიძლება. თუ ხელისუფლება ვერ მოერევა პრობლემებს, არაფერია გამორიცხული.
ვერ მოერევა ერთია და თვალს არ უსწორებს მეორე უბედურება. რეალურად კი მართლაც გაუსაძლის დღეში ვვარდებით. სურსათი, ყველაფერი დღითიდღე ძვირდება. ხელფასი იკლებს, უმუშევრობა იმატებს. არამგონია ივანიშვილი იყოს ყველაფრის მოთავე. არ არის უბრალოდ ამხელა ფიგურა, მაპატიეთ რა. ივანიშვილი არის ოლიგარქი და იქცევა ოლიგარქივით. ქართველმა ხალხმა აღიარა ისიც, მისი პარტიაც, მისი გუნდიც. რათქმაუნდა ივანიშვილის ბრალია დღეს რა რეალობაც გვაქვს, მაგრამ ხალხზე უფრო დამნაშავე ხომ არ იქნება. ყველას მაგივრად მან ხომ არ მისცა ხმა ოცნებას. დიახ, ივანიშვილმა ძალიან ცუდი სამსახური გაუწია საარჩევნო სისტემას. დიახ, ივანიშვილმა ძალიან ცუდი ხალხი მოგვიყვანა, მაგრამ არჩევანი ხომ საზოგადოებამ გააკეთა. ერთ კაცზე ივანიშვილზე გადატეხო და დააბრალო ყველაფერი, ძალიან მარტივი იქნება. საზოგადოებამ უნდა იგრძნოს თავისი დანაშაული. ამაში დამნაშავეა ის მომღერალი, რომელიც იმის სანაცვლოდ, რომ რესტორანში მღეროდეს ზის და არჩევს ლარის ამბავს. ამაში დამნაშავეა ის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც არის ექიმი და მეუბნება როგორი უნდა იყოს განათლების სისტემა. ამაში დამნაშავეა მინისტრი, რომელმაც წერა-კითხვა არ იცის და ქართული კულტურის წინააღმდეგ იბრძვის. ვიღაცეებს კი ჰგონიათ, რომ ეს ინტელექტუალური და სერიოზული საუბარია. ივანიშვილი რომ უარყოფით როლს ასრულებს დღევანდელ საზოგადოებაში თავის გავლენით ამას რად უნდა „იწილო-ბიწილო.“ ბევრი ადამიანი თავისი უპასუხისმგებლობით როდესაც ფეხბურთელს ირჩევს პარლამენტში და იურისტს გარეთ ტოვებს, ეს სიბრიყვეა. აი ასეთი ადამიანების ბრალი უფრო მეტია, ვიდრე ერთი ოლიგარქისა, რომელიც ხან ხეს გადარგავს, ხან შუშას გააღმერთებს. ოლიგარქები სხვაგანაც არიან, მაგრამ ყველა ქვეყანას ვერ მოაჯდა თავზე გაუნათლებელი და ნახევრად გიჟური იდეებით შეპყრობილი ოლიგარქი.“ -აცხადებს „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ლევან ბერძენიშვილი გაზეთ „ალია“-სთან ინტერვიუში
წყარო: „ალია“