„ერთი მხრივ, კარგია, ცხოვრების ბოლოსკენ მაინც რომ გაიგებ, ვინ ვინ არის", - განაცხადა კომპოზიტორ-შემსრულებელმა მამუკა ჩარკვიანმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან" საუბრისას.
„ვერ დავდივარ, იმედია, გავივლი. ექიმები მაიმედებენ, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებაო. დავიღალე...ასეთ დროს იგებ, ვინ ყოფილა შენი ახლობელი. ისე, ერთი მხრივ, კარგია, ცხოვრების ბოლოსკენ მაინც რომ გაიგებ, ვინ ვინ არის. კაცი რომ ორი წელი არ მოვა შენს სანახავად, ის არ შეიძლება შენი ახლობელი იყოს. ვერ ახერხებენ... მინდა, გავამართლო. გადაფასდა მშობლებთან ურთიერთობაც... როცა ბიჭი ვიყავი, ჯანსუღს ძალიან ვაბრაზებდი. ერთხელ დილის 6 საათზე მივედი შინ. კარი გამიღო. მამა, ძალიან გვიან მოვედი-მეთქი, მოვუბოდიშე. ამაზე ადრე როგორ უნდა მოსულიყავიო, მითხრა. ერთხელ სადღაც მივდივარ და კლასიკური სტილის პიჯაკი მჭირდება. ავდექი და ჯანსუღის პიჯაკი წავიღე მკერავთან, გადავაკეთე. ჩამომისწრო, რაიონში იყო წასული. დილით გამოაღო გარდერობი, ჩაიცვა პიჯაკი და გაიჭედა, სახელოებიც იდაყვებს ძლივს უფარავდა. დგას, ხელებს ატრიალებს, რა არის ესო?! დედაჩემმა, გავრეცხე და ეტყობა შეითელაო. კი არ გარეცხე, იმის ნამოქმედარიაო! მერე ისევ მივიტანე მკერავთან და შეკეცილი მკლავები ჩამოვაშვებინე. მეორე დღეს ჯანსუღს ვუთხარი, მიდი, აბა, ის პიჯაკი მოირგე-მეთქი. ჩაიცვა, კარგად ჰქონდა. რას მეფოკუსებიო, ჩაიცინა და სულ მაჩუქა", - აღნიშნა მამუკა ჩარკვიანმა.