ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    გამოკითხვა: უნდა შემოეშვათ თუ არა კრემლთან დაახლოებული რუსი ბაიკერები საქართველოში?

    უნდა შემოეშვათ თუ არა კრემლთან დაახლოებული რუსი ბაიკერები საქართველოში?
    რუსი ბაიკერების დაჯგუფება "ღამის მგლების" წევრის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ღონისძიების ორგანიზატორი ირაკლი ყიფიანი "რეზონანსთან" საუბრისას უარყოფს. მისი თქმით, თუკი საქართველოში რუსი ბაიკერი გადაადგილდება, ის იმ ჯუფის წევრი ვერ იქნება, ვისთანაც მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რადგან ისინი საზღვარზე არ შემოუშვეს.

    რუსი ბაიკერების საქართველოში შემოყვანის სურვილი "რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდულ კავშირს" ჰქონდა, რათა 9 მაისს მათი ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ პერფორმანსში მიეღოთ მონაწილეობა. ამ ინფორმაციამ საზოგადოების ნაწილის პროტესტი გამოიწვია და კრემლთან დაახლოებული დაჯგუფების საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის მოთხოვნით ონლაინ-პეტიციაც შეიქმნა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ "ღამის მგლების" 50-მდე ბაიკერს საქართველოში შემოსვლა გუშინწინ, ლარსის გამშვები პუნქტიდან სურდა, თუმცა მათ უარი უთხრეს, რის მიზეზადაც შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა საქართველოს კანონმდებლობა დაასახელა.

    უნდა შემოეშვათ თუ არა ბაიკერთა ჯგუფი "ღამის მგლები" საქართველოში? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.

    ირმა სოხაძე (მუსიკოსი):  სიმართლე გითხრათ, ვინ არიან ეს "ღამის მგლები" და რა მიზნები ჰქონდათ, არ ვიცი, თუკი რეაქციული ჯგუფია და რაიმე ცუდი მოლოდინი არის მათი შემოშვების შემთხვევაში, მაშინ არ უნდა შემოეშვათ. მაგრამ, 9 მაისთან დაკავშირებით მე განსხვავებული აზრი მაქვს. რამდენიმე ასეული ათასი ქართველი დაიღუპა ამ ომში, ჩვენ მაშინ საბჭოთა კავშირის შემადგენელი რესპუბლიკა ვიყავით და ჩვენ ამ ომში ფაშიზმს მოვერიეთ. ფაშიზმი ჯობდა სტალინიზმსო, ამას ნურავინ იტყვის, რადგან კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. ამიტომ ჩემთვის 9 მაისი გამარჯვების დღეა. ამ ომს ნახევარი საქართველო შეეწირა და რომ მოვიგეთ, ეს იყო გამარჯვება.

    თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის ამას. შეიძლებოდა რომ შემოეშვათ, რას დააშავებდნენ?! თუ ასეთი სუსტები ვართ, რომ ბაიკერებს ვერ გავუმკლავდებოდით, რა ვიცი...

    გია ბუღაძე (ფერმწერი):  რა თქმა უნდა, არ უნდა შემოეშვათ და კიდევ კარგი, რომ ასე მოიქცნენ. ცოტა მიკვირს კიდეც ჩვენი მთავრობისგან, ასე რომ მოიქცნენ. თუმცა იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ აქ რაიმე გარიგებას ჰქონოდა ადგილი "ქართულ ოცნებასა" და ბაიკერებს შორის. რა თქმა უნდა, არ უნდა შემოეშვათ, მაგრამ არ გამოვირცხავ, რომ ესეც წინასწარ ყოფილიყო მათთან შეთანხმებული.


    მიხეილ ღანიშნაშვილი (პოეტი): ჩემი პოზიცია ცალსახაა, რომ ამ ბაიკერების შემოშვება, რომლებიც პუტინთან არიან დაახლოებულები, არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ აღმოვაჩინე, რომ მგონი, მაინც შემოვიდნენ. მე არ ვიცი, როგორ უნდა შევუთავსო ეს ყველაფერი შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას იმის შესახებ, რომ ისინი საქართველოს ტერიტორიაზე ვერ შემოვიდოდნენ.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი