ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    იტალიაში ორსული გოგონა ქართველებმა ქუჩაში გამოაგდეს...

    იტალიაში ორსული გოგონა ქართველებმა ქუჩაში გამოაგდეს. ამ შინაარსის სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს.

    როგორც სტატიიდან ირკვევა, საქართველოს მოქალაქე ახალგაზრდა გოგონა, სამუშაოდ იტალიაში წავიდა, თუმცა მოულოდნელად, იქ სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. გაირკვა, რომ გოგონა ორსულადაა, რის გამოც ის ქართველთა საერთო საცხოვრებლიდან გამოაგდეს, ოჯახი კი მისი საქართველოში დაბრუნების წინააღმდეგია.

    ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ ადვოკატმა, ლედი ტუკვაძემ აცნობა, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებს სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებს.

    „გოგონას ვინაობას, მისივე სურვილით, არ დავასახელებ, რადგან მისი მდგომარეობის შესახებ არ იციან საქართველოში მყოფმა ახლობლებმა. პირობითად რომ ვთქვათ, მას ჰქვია ნინო და არის 28 წლის. საკმაოდ რთულ სიტუაციაშია. გოგონა ჩამოვიდა იტალიაში სამუშაოდ, თუმცა მოულოდნელად გახდა ცუდად. ამ დროს ის იმყოფებოდა ქართველების საერთო საცხოვრებელში, რომელიც აღებული აქვს ერთ-ერთ ქართველ გოგოს და შემდეგ ის აქირავებს ქართველებზე, რომლებიც სამსახურს ეძებენ, ან იმ კონკრეტულ პერიოდში თავშესაფარი არ აქვთ.

    5 თვის წინ იყო ჩამოსული ნინო. მოკლედ, ამ საერთო საცხოვრებელში ხშირად იკრიბებიან ქართველები და ნინოც მოხვდა იქ. იმ მომენტში, რა დროსაც ნინო ცუდად გახდა, მე აღმოვჩნდი იქ და გავყევი საავადმყოფოში. მოკლედ, ჩაუტარდა გამოკვლევები და ორსულად აღმოჩნდა. ის საქართველოში დაორსულდა, თუმცა როგორც ჩანს, არ იცოდა ამ ორსულობის შესახებ. მას არ ჰყავს მეუღლე და შესაბამისად, როგორც ხდება ხოლმე, ძალიან რთულად მიიღო ეს ფაქტი. პრაქტიკულად, შოკში იყო, მით უმეტეს, რომ აქ არალეგალურად იმყოფება, თუმცა როდესაც ჯანმრთელობას ეხება საქმე, ძალიან გულისხმიერები არიან და, ამ მხრივ, პრობლემები არ შეჰქმნია. იმ დღეს ეს ფაქტი არ გავახმაურეთ ქართველებთან, მეორე დღეს კი დავიწყეთ სხვა საავადმყოფოს ძებნა, სადაც უკვე დეტალურ გამოკვლევებს ჩაუტარებდნენ.

    ორსულობა დავმალეთ, რადგან ეს იყო მისი სურვილი. მას ჰქონდა ნეგატიური რეაქციის მოლოდინი, რომელიც, სამწუხაროდ, გამართლდა. მოკლედ, წავედით სხვა ქალაქში გამოკვლევებზე. აღმოვჩნდით ერთ-ერთ მართლმადიდებლური ტაძრის ეზოში, სადაც შევხვდით სხვა ეროვნების მრევლს. მათ დაარწმუნეს ნინო, რომ ბავშვის მოცილებაზე არც კი უნდა ეფიქრა. უფრო მეტიც, ფინანსურადაც კი დაეხმარნენ ნინოს. მოკლედ, სრულიად სხვა განწყობით დავბრუნდით საერთო სახლში. ამ სახლის მთავარ დიასახლისს, ახალგაზრდა ქართველ გოგონას მოვუყევით, რაც მოხდა და მისი რეაქცია მართლაც შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. დაიწყეს ყვირილი, ხმამაღალი საუბრები ნინოს რეპუტაციასა და არასწორი ცხოვრების წესზე, იყო ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობაც. მოკლედ, სულ რამდენიმე დღე მოგვცეს, რომ ნინოს ის ადგილი დაეტოვებინა.
    ალბათ, ჩათვალეს, რომ ორსულზე და შემდეგ უკვე ბავშვზე მათაც მოუწევდათ გარკვეული პასუხისმგებლობის აღება. ყველას ადამიანობის თავისი საზომი აქვს. უთხრეს, რომ რაც გინდა, ის ქენი, ოღონდ აქ ვეღარ გაჩერდებიო. მოკლედ, ჩემოდანზე დასვეს და ქუჩაში გამოაგდეს. რა თქმა უნდა, მეც გავყევი. დახმარებისთვის არაერთ ქართველს შევეხმიანე, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი დახმარება ვერავინ შეძლო.

    იძულებული გავხდი, „ფეისბუკში“ დამეწერა განცხადება, რომ სასწრაფოდ მესაჭიროებოდა დახმარება. დეტალები არ დამიკონკრეტებია. გამომეხმაურა ბევრი ადამიანი, თუმცა უმრავლესობა სატელეფონო მხარდაჭერას არ გასცდენია. მხოლოდ ერთი ზარი აღმოჩნდა იღბლიანი. სხვა ქალაქიდან ერთმა ქალბატონმა დამირეკა და მითხრა, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში, ეს პრობლემა მოგვარდებოდა. მითხრა კონკრეტული მისამართი, სადაც უნდა ჩავსულიყავით და ჩვენ იქ სიხარულით დაგველოდებოდნენ. ასეც მოვიქეცით. მართლაც, ძალიან თბილ და კარგ ქართულ ოჯახში აღმოვჩნდით. პრაქტიკულად იქ შეგვიფარეს. ნინოს ეხმარებიან ყველანაირად, თავს გრძნობს კარგად, მაგრამ იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება.

    ხანგრძლივად ამ ოჯახშიც ვერ გავჩერდებით არა იმიტომ, რომ ვინმე გვაიძულებს წასვლას, არამედ, უბრალოდ, უხერხულიც კი არის, ხომ?! ნინოს სჭირდება სტაბილური სიტუაცია. ვაწყდებით ყოფით პრობლემებს, რომლის მოგვარებასაც ყოველთვის სხვას ვერ მოვთხოვთ“,- განუცხადა „პრაიმტაიმს“ ერთ-ერთმა ქართველმა ემიგრანტმა, რომელიც ერთადერთი იყო, ვინც ნინოს დახმარება გაუწია.

    მისი თქმით, ქართველები, რომლებმაც ორსული გოგონა ქუჩაში გამოაგდეს, მისი ბედით არც დაინეტერესებულან. ვართ ისევ კეთილი ადამიანების იმედად. ბავშვის დაბადების შემდეგ კი გვინდა გამოვნახოთ რაიმე თავშესაფარი, რომელიც მარტოხელა დედებისთვის არის განკუთვნილი. ეგებ როგორმე მოვახერხოთ ამ რთული სიტუაციის დაძლევა. ბავშვის მამასაც დავუკავშირდით. ის ამბობს, რომ ფინანსური პრობლემები აქვს, რის გამოც ამ ეტაპზე, ნინოს დახმარებას ვერ ახერხებს, თუმცა სიტყვიერად დაგვპირდა, რომ პრობლემების მოგვარებისთანავე, იტალიაში ჩამოვა“,-აცხადებს ორუსლის მეგობარი ემიგრანტი.
    „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ნინოს უარი უთხრეს თავშესაფარში მიღებაზე, მიზეზად კი ის გარემოება დასახელდა, რომ ქართველი გოგონა არ არის კონფლიქტური ზონიდან, კერძოდ, სირიიდან. თავშესაფრები კი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ამ ეტაპზე, მხოლოდ აღნიშნული კრიტერიუმით მუშაობენ.
    „გოგონა ძალიან რთულ სიტუაციაშია. ადრე, მსგავსი შემთხვევების დროს, აქტიურად გვეხმარებოდა დიასპორის სამინისტრო, რომელიც, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, გააუქმეს და დეპარტამენტის სახით შეუერთეს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ახლა თქვენი გაზეთის მეშვეობით მივმართავ ამ უწყებას, დაინტერესდეს საქართველოს მოქალაქის ბედით.

    ორსული გოგონა პრაქტიკულად ქუჩაშია დარჩენილი და არავინ იცის, ხვალ რა ელის მის ჯანმრთელობას. ასევე, მივმართავ იტალიაში მცხოვრებ შეძლებულ ქართველებს, გამოიჩინეთ, ხალხო, გულისხმიერება. არ გაწიროთ, როგორც ეს გოგონა, ასევე მისი ჯერ კიდევ მუცლადმყოფი ბავშვი. სამწუხაროდ, საქართველოში მყოფი მისი ოჯახი, არსებული პრობლემების გამო, უარს ამბობს ნინოს დაბრუნებაზე. როგორც ჩანს, ისინი ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებენ, რამდენად სერიოზული პრობლემის წინაშე დგას უცხო ქვეყანაში მყოფი ქართველი გოგონა“,-წერს გამოცემა.

    www.primetime.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი