ძალიან მძიმე სურათი დაიხატა პრეზიდენტის მოხსენებაში და ვფიქრობ, ეს სურათი არ ასახავს იმ სინამდვილეს, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პრეზიდენტის წლიური ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
კობახიძე ეთანხმება უმრავლესობის დეპუტატების შეფასებას იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის მოხსენებას აკლდა ობიექტურობა.
”ძალიან მძიმე სურათი დაიხატა პრეზიდენტის მოხსენებაში და მე ვფიქრობ, რომ ეს სურათი არ ასახავს იმ სინამდვილეს, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ქვეყანაში. მე შეგახსენებთ, რამდენიმე ფრაზას, მაგალითად პრეზიდენტის მოხსენებაში საუბარი იყო, რომ ძალაუფლების კონცენტრაციის საფრთხე იყო და ეს საფრთხე იქცა სერიოზულ პრობლემად, ეს საკმაოდ მძიმე განცხადებაა, ”მმართველი ძალა ჩაიკეტა საკუთარ თავში” - ესეც ძალიან მძიმე განცხადებაა, ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ მოქალაქე დაუცველია, როცა ხელყოფილია მისი უფლება ილოცოს, როცა მას ამცირებენ ეთნიკური წარმომავლობის გამო, როდესაც მას ჩაგრავენ სექსუალური ორიენტაციის გამო, როდესაც მას არასათანადოდ ეპყრობიან სამართალდამცველები, როცა მას დევნიან პოლიტიკური და სხვა ნიშნით, როცა მას უკანონოდ უსმენენ - ეს არის ძალიან მძიმე ფრაზები. გასაგებია, რომ თავში და ბოლოში ერთგვარად განეიტრალებული იყო ეს შეფასება, მაგრამ ადვილად გამოსაცნობი იყო ის, რომ მედია ამ ფრაზებს გამოიყენებდა ზუსტად ისე, როგორც გამოიყენა და ეს ფრაზები აქცია ე.წ. ჰედლაინებად, რომელიც მთლიანად არის აცდენილი დღევანდელ რეალობას და იმ სინამდვილეს, რომელიც დღეს არის ქვეყანაში”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, პრეზიდენტის მხრიდან საუბარი იყო სახიფათო და გამჭვირვალე პროცესებზე მედიაში, რაც ასევე მძიმე შეფასებაა. ”საუბარი იყო იმაზე, რომ ხალხს ვართმევთ პრეზიდენტის არჩევის უფლებას, ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ ეს არ უნდა იყოს დღევანდელ ან მომავალ პრეზიდენტზე, ან დღევანდელ ან მომავალ პრემიერზე დამოკიდებული. ანუ აქ იყო მინიშნება ე.წ. არაფორმალურ მმართველობაზე, რომელსაც არანაირი მტკიცებულება ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ აქვს. და ბოლოს, ძალიან მძიმე ფრაზა იყო მრავალჯერ იმედგაცრუებულ ამომრჩეველზე, რაც შეეხება რეალობას, ამაზე მინდა ჩემი მოსაზრება მოგახსენოთ, რა თქმა უნდა ქართული რეალობა არ არის ისეთ ფერებში დახატული, როგორც მაგალითად შვეიცარიაში, რომელსაც მშპ ჩვენზე 10-ჯერ და 20-ჯერ მეტი აქვს, თუმცა ის სურათი, რაც დღეს იყო წარმოდგენილი, დღევანდელ სინამდვილეს არ შეესაბამება”, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.