„პრეზიდენტის ქალიშვილს, ეტყობა, არაფერი სმენია იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ნამდვილი წამება", - ამის შესახებ „ნავთობისა და გაზის კორპორაციის" საზოგადოებათან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ჟურნალისტმა ნინო ჯღარკავამ „ასავალ-დასავალს" განუცხადა და ანა მარგველაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს გამოეხმაურა.
„მოგეხსენებათ, ანა მარგველაშვილმა გიორგი გაბუნიას გადაცემაში ილაპარაკა თავისი სიძის მინდია გოგოჭურის ძმაკაცის თათრიშვილის შესახებ, რომელიც სურამში ნარკოტიკზე დააკავეს. მომხდარის დრამატიზებისა და გამძაფრების მიზნით, ანა მარგველაშვილმა განაცხადა - თათრიშვილი განყოფილებაში შეიყვანეს და „სველი მაისური" გადააცვესო! სწორედ ამაზე მქონდა რეაქცია, რის შესახებაც ფეისბუქზე ჩემი მოსაზრება გამოვაქვეყნე. პრეზიდენტის ქალშვილს, ეტყობა, არაფერი სმენია იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ნამდვილი წამება და როგორ აწამებდნენ სააკაშვილი და მისი ბანდა პოლიტიკურ ოპენენტებს!
ყველაზე მეტად რამ გამაოცა, იცით? პრეზიდენტის ქალიშვილი და მისი სიძე პოლიციელებს „ძაღლებს" რომ უწოდებდნენ! ამის შემდეგ ანა მარგველაშვილმა დამიტოვოს იმის უფლება, რომ მამამისი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხათრით ავირჩიეთ, ჩემს პრეზიდენტად არ ჩავთვალო!
მართლაცდა, რას ნიშნავს „სველი მაისური ჩააცვეს", პოლიციაში სამრეცხაოა თუ რა ხდება? „სველი მაისური" კი არა, პოლიციაში ცემით კლავდნენ სააკაშვილის დროს ხალხს და ანა მარგველაშვილსა და მის თანამოაზრეებს ამის შესახებ არაფერი სმენიათ?" - აცხადებს ჯღარკავა.