რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას, ადგილობრივი არჩევნები ერთი კვირის შემდეგ რომ ტარდებოდეს? - მსგავს შეკითხვას წელს, ოქტომბერში ჩასატარებელი თვითმმართველობის არჩევნების გამო, სოციოლოგები ბევრჯერ დასვამენ და სპეკულაციებიც თუ კრიტიკაც ბევრი იქნება იმაზე, ვის სჯერა და ვის არა საქართველოში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების და კრიტიკა, რატომ არ ემთხვევა კვლევები არჩევნების შედეგებს.
პარტიების ნდობა-უნდობლობის რეიტინგის გაზომვისას მაჩვენებლები შემოდგომამდე ბევრჯერ შეიცვლება, თუმცა დღეის გადმოსახედიდან ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა, თვითმმართველობის არჩევნებზეც გამარჯვების დიდი შანსი ისევ მმართველ პარტიას აქვს და მისი მთავარი მოწინააღმდეგეებიც ისევ "ნაციონალები" იქნებიან. ასევე ერთ-ერთი საკვანძო თემაა, ვის რა შანსები აქვს თბილისის მერობაზე. თუმცა ჯერ არც ერთ პარტიას ოფიციალურად კანდიდატები არ დაუსახელებია. ერთადერთი, საკრებულოს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გამოაცხადა დამოუკიდებელ კანდიდატად მერობისთვის ბრძოლაში ჩაბმის მზადყოფნა.
ექსპერტების თქმით, რადგანაც ჯერ მერობის კანდიდატები არც ერთ პარტიას დასახელებული არ ჰყავს, რთულია შანსებზე ჰიპოტეტური საუბარი. თან, არც იმ სავარაუდო კანდიდატების რეიტინგებია ცნობილი, რომელთა გვარებიც კულუარულად ვრცელდება. თუმცა, ამ შემთხვევაშიც აღნიშნავენ იმას, რომ ზოგადად კანდიდატების რეიტინგი მის უკან მდგომი პოლიტიკური ძალის მოწონების მაჩვენებელს უთანაბრდება და ამდენად, მიიჩნევენ, რომ თბილისის მერობაზე ბრძოლაშიც გამარჯვების შანსი "ოცნების" კანდიდატს უფრო აქვს.
„არ ვიცი, ვის დააყენებს "ქართული ოცნება" თბილისის მერის კანდიდატად, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ან ელისაშვილმა ან "ნაციონალების" ორივე განაყოფის რომელიმე კანდიდატმა მმართველი პარტიის კანდიდატს დიდი კონკურენცია გაუწიოს“, - ამბობს „რეზონანსთან“ საუბრისას ფსიქოლოგი ზურაბ ბიგვავა, რომლის საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრი „ფსიქოპროექტი“ წლებია, „ქართული ოცნებების“ დაკვეთით სოციოლოგიურ კვლევებს ატარებს.
პოლიტოლოგი გია ნოდია აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე "ოცნების" მთავარი კონკურენტი "ნაციონალური მოძრაობა" იქნება. თუმცა თბილისის მერის არჩევნებზე დიდი მნიშვნელობა პიროვნებებს ექნებათ, კანდიდატები კი ჯერ არ დასახელებულა. დასახელებულია მხოლოდ ალეკო ელისაშვილი, რომლის რეიტინგი არავის გაუზომავს და ჯერ ამ თემაზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს.
„ჯერ არც კანდიდატები ვიცით და არც მათი რეიტინგები და რთულია რამის თქმა. „ქართული ოცნება“ დავით ნარმანიას ისევ დაასახელებს თუ არა, ესეც არ ვიცით. თუ დაასახელებს დავით ნარმანიას, ის მაინცდამაინც პოპულარული არ არის და შესაძლოა, წარმატებას ვერც მიაღწიოს. ხოლო თუ მის მაგივრად სხვა დასახელდება, ეს იქნება იმის აღიარება, რომ დავით ნარმანია წარმატებული მერი არ იყო. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ მაინც "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა აიღოს პირველი ადგილი. ვნახოთ, იმ დროისთვის ხალხში როგორი განწყობა იქნება“, - ამბობს გია ნოდია.
ცნობისათვის: წელს პარტიების რეიტინგებზე პირველი კვლევა აი-რა-იმ (აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი) გამოაქვეყნა და პირველი კრიტიკაც სანდობა-არასანდოობაზეც უკვე დაიწყო. კვლევა 22 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლითაა ჩატარებული და შედეგი ასეთია: პირველ ადგილზე არის "ქართული ოცნება" - 30%-ით. მეორე ადგილზეა "ნაციონალური მოძრაობა" - 15%-ით, შემდეგ მოდის ყოფილი "ნაციონალებისგან" ახლად შექმნილი პარტია „ევროპული საქართველო“ - 8%-ით, მეოთხე ადგილზეა ლეიბორისტული პარტია" - 6%-ით და შემდეგ არის "პატრიოტთა ალიანსი" - 4%-ით. რესპონდენტების 13% აცხადებს, რომ ისინი არც ერთ პარტიას არ მისცემენ ხმას, ხოლო 19%-მა ან არ იცის ან უარი თქვა პასუხის გაცემაზე.
ვინ იბრძოლებს თბილისის მერის პოსტისთვის, პარტიებს ჯერ კანდიდატები ოფიციალურად არ დაუსახელებიათ, მხოლოდ კულუარებში ვრცელდება ცნობები, რომ "ოცნება" კახა კალაძის დასახელებას გეგმავს, "ნაციონალური მოძრაობა" - ნიკა მელიასი, ხოლო "ევროპული საქართველო" ან გიგი უგუავას, ან ელენე ხოშტარიას დაასახელებს. ღიად ცნობილია მხოლოდ ის, რომ ალეკო ელისაშვილი დაუპირისპირდება პარტიებს. პარტიებისგან განსხავებით კი ამ ფიგურების რეიტინგი ჯერ არავის გაუზომავს.
პარტიების რეიტინგს "ქართული ოცნება" ისევ უნდობლობას უცხადებს და მკაფიოდ აღნიშნავენ, რომ ისინი ენდობიან მხოლოდ პარტიის დაკვეთით ჩატარებულ კვლევებს, სხვას - არა.
მმართველ პარტიას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კვლევა ჯერ არ ჩაუტარებია, თუმცა აი-რა-ის კვლევას "ოცნებისთვის" კარგ შედეგს უწოდებს "ფსიქოპროექტის" დამფუძნებელი ზურაბ ბიგვავა. იგი ამბობს, რომ აი-რა-ის კვლევები ტენდენციის მაჩვენებელი შეიძლება იყოს, ტენდენციით კი "ოცნება" პირველ ადგილზეა და თან, ორჯერ მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე მეორე ადგილზე გასულ "ნაციონალურ მოძრაობას".
ზურაბ ბიგვავა ამბობს იმასაც, რომ შემოდგომამდე "ოცნებისა" და "ნაციონალების" ორივე განაყოფის რეიტინგები კიდევ შეიცვლება და იმედი აქვს, რომ "ოცნების" მხარდაჭერა კიდევ მოიმატებს.
თვლის, რომ ახლა პროცესები "ოცნების" სასარგებლოდ მიდის, ხელისუფლება რაღაც ახალ პროექტებს იწყებს, ლარის კურსიც დასტაბილურდა და ესეც ხელს შეიწყობს "ოცნების" მიმართ დადებითი განწყობების ისევ გაზრდას. თბილისში მერობისთვის ბრძოლაში შანსებზე საუბარი კი დღევანდელი გადასახედიდან უჭირს.
"ჯერ კონკრეტული სიტუაცია უნდა ჩამოყალიბდეს. ეჭვი მეპარება, რომ "ქართულმა ოცნებამ" ნარმანია ისევ კანდიდატად წამოაყენოს. მგონი, თავად ნარმანიასაც არ სურს ეს. კალაძეზე როცაა საუბარი, ვფიქრობ, რომ თუ დასახელდება კანდიდატად, ის მოიგებს. ყველა უკვე გახმოვანებულ ფიგურებს შორის კალაძეს ყველაზე მეტი შანსი აქვს. ხელისუფლების ფენომენი სერიოზულ გავლენას ახდენს ამ ვითარებაში," - აღნიშნავს ზურაბ ბიგვავა. მისი განცხადებით, "ოცნების" მიწინააღმდეგეებში შესაძლოა, ყველაზე მეტად ხმები ელისაშვილმა მიიღოს, მაგრამ გამარჯვება გამორიცხულია.
"გამორიცხულია, "ნაციონალებმა" თბილისის მერობა მოიგონ. გიგი უგულავას შანსი არ აქვს. ის ვერც წარადგენს თავს კანდიდატად. იმდენი რაღაც დაგროვდა უგულავას გუნდზე, თან ის საპატიმროდან შეთანხმების საფუძველზე გამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მან ნაწილობრივ აღიარა დანაშაული თუ გადაცდომა და ამიტომაც ნებისმიერი პროგნოზისტი გეტყვით, რომ მისი შანსი ძალიან დაბალია. ელენე ხოშტარია არ მგონია, სერიოზული იყოს. ნიკა მელიას ნარმანიასთან არჩევნები უკვე წაგებული აქვს. ელისაშვილს რაც შეეხება, ის ვერ შეძლებს, ხმების სერიოზული რაოდენობა აიღოს. ის საპროტესტო რიტორიკა, რომლითაც ელისაშვილია ცნობილი, ადამიანების გარკვეულ ჯგუფზეა გათვლილი და ბევრ ადამიანს გულს მოფხანს, მაგრამ იმას, რომ ქალაქს მიხედავს, მე მგონი, გონიერი ადამიანები ეჭვქვეშ დააყენებენ. თუმცა გამორიცხული არაფერი არ არის. შეიძლება, ელისაშვილმა ისეთი წინასაარჩევნო კამპანია ჩაატაროს, ისეთი პროექტები წარმოადგინოს და ისეთი გუნდი შემოიკრიბოს, ჰქონდეს გარკვეული შანსი, მაგრამ, ჩემი მოსაზრებით, ეს დიდი არ იქნება. ვნახოთ, რა მდგომარეობა ჩამოყალიბდება და კანდიდატები რას წარმოადგენენ. ჯერჯერობით მხოლოდ ჰიპოტეტურად ლაპარაკი შეგვიძლია," - მიიჩნევს ზურაბ ბიგვავა.
მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე გია ნოდია აცხადებს, რომ აი-რა-ის კვლევით, "ოცნებას" ძალიან კარგი შედეგი აქვს და სულ ტყუილად ჩხუბობენ.
"არასწორია, როდესაც არჩევნების შედეგს ვადარებთ ხოლმე სოციოლოგიურ კვლევებს, რადგან ეს კვლევის შედეგები მოიცავს იმ ამომრჩევლების საკმაოდ დიდ პროცენტს, რომლებიც ამბობენ, რომ ან არავის არ მისცემენ ხმას, ან ამბობენ, რომ არ იტყვიან. ასეთი მაჩვენებელი კი ძალიან მაღალია. ასეთ პირობებში სოციოლოგიური კვლევები აჩვენებენ გარკვეულ ტენდენციებს, მაგრამ ნაკლებად გამოდგება არჩევნების საწინასწარმეტყველოდ. ამიტომ, "ქართული ოცნება" სულ ტყუილად ჩხუბობს. თუ ამ კვლევებს არჩევნების წინა კვლევებს შევადარებთ, ამ შემთხვევაში "ქართულ ოცნებას" ძალიან კარგი მდგომარეობა აქვს, გარკვეული გაუმჯობესებაც კი. "ნაციონალების" ორივე ნაწილი რომ გავაერთიანოთ, ჯამში 23% გამოდის, "ოცნებას" კი 30% აქვს და ეს სერიოზული უპირატესობაა. გარდა ამისა, ვიცით, რომ არჩევნებზე ხელისუფლების პარტიას უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე კვლევები აჩვენებს. ალბათ ადმინისტრაციული რესურსის წყალობით ან იმ ხალხის წყალობით, რომელიც შეჩვეულ ჭორს ამჯობინებს. ეს პრაქტიკულად ყოველთვის ასე იყო, 2012 წლის გარდა და მაშინ რაც მოხდა, ყველას კარგად გვახსოვს," - ამბობს გია ნოდია.