საკრებულოს წევრი ზურაბ ქადაგიძე „რეპორტიორთან" საუბარში „რუსთავი 2"-ის ეთერში გასულ კადრებს გამოეხმაურა, სადაც თანამშრომლებზე ტელეკომპანიის წილების გადანაწილება მიმდინარეობდა. ქადაგიძის განცხადებით, ნიკა გვარამიას არანაირი უფლება არ აქვს, სხვისი ქონება განკარგოს.
„ერთი საკითხია სამართლებრივი ფორმა, მეორე - მორალური. როდესაც ნიკა გვარამიაზე ვსაუბრობთ, არც ერთი და არც მეორე ამ პიროვნებას არ მიესადაგება. გვარამია კუთხეში მიმწყვდეული ცხოველივით ყველაფერზეა წამსვლელი, ნებისმიერ ფასად - ნებისმიერ პროვოკაციაზე! ის დაპირისპირება, რასაც ვხედავთ, თვითონ „ნაციონალურ მოძრაობას" არ მოუტანს არაფერ კარგს. ნიკა გვარამია არის დანიშნული პირი, დანიშნულ პირს რა უფლება აქვს, განკარგოს სხვისი ქონება? მან 2007 წელსაც ზუსტად ასე გაანაწილა „იმედის" თუ სხვა ტელევიზიების წილები, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით იხურებოდა. მან უბრალოდ ასე გადაწყვიტა, რადგან ძალიან „ჭკვიანი" და ყველაზე „კრეატიული" პიროვნებაა. ახალი ტრენდი შემოვიდა - ფილოსოფიური გამომეტყველებით რომ დადიან და ზევიდან უყურებენ ადამიანებს, რომ თითქოს თვითონ იციან და სხვამ არავინ არ იცის. დარწმუნებული ვარ, ზუსტად ასე გაანაწილეს „იმედის" წილებიც და გვახსოვს, რამდენი ტელევიზია და გამომცემლობა დაიხურა. „რუსთავი 2"-ის ეთერით გასული კადრებით, ჩვენ ეს ყველაფერი ღიად ვნახეთ და დავინახეთ, როგორ იქცევა ასეთ სიტუაციებში ნიკა გვარამია", - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ