საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, რომელზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს ისმენენ, დაიხურა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ საკითხთა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სუს-ის მიერ გაწეული საქმიანობის ზოგადი ანგარიში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძემ ღია ფორმატში, მედიის თანდასწრებით წარმოადგინა, თუმცა ანგარიშის წარმოდგენის შემდეგ კომიტეტების ხელმძღვანელებმა კოლეგებს სხდომის დახურვა შესთავაზეს, რაც იმით ახსნეს, რომ აქვთ კითხვები, რაც თავისი შინაარსით სახელმწიფო საიდუმლოების შემცველია.
აღნიშნული უმცირესობამ გააპროტესტა. მათი საპასუხო შეთავაზება იყო, რომ ღია ფორმატში დასმულიყო ის კითხვები, რომელიც აქვთ სუს-თან და რომელიც თავისი შინაარსით საიდუმლოებას არ შეიცავს, ხოლო დახურულიყო საკუთრივ ის ნაწილი, რაც სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებულ საკითხებს უკავშირდება. ამ თემამ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებს ეკა ბესელიას და და ირმა ნადირაშვილს შორის მცირე კამათი გამოიწვია.
ეკა ბესელიას თქმით, სუს-ის ანგარიში არის სპეციფიური და რეგლამენტის 49-ე მუხლის თანახმად, განსაკუთრებულ შემთხვევებში კომიტეტები იღებენ გადაწყვეტილებას სხდომის დახურვის შესახებ. მისივე თქმით, საპარლამენტო კონტროლის თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა და გასულ წელსაც, სუს-მა წარმოადგინა ანგარიში, თუმცა სუს-ის ხელმძღვანელს პარლამენტმა ვერ მოუსმინა, "რაც ვახტანგ გომელაურის მიზეზით არ მომხდარა". აღნიშნულთან დაკავშირებით, ირმა ნადირაშვილმა ეკა ბესელიას მიუგო, რომ თავად უმრავლესობამ ჩააგდო კვორუმი, ეკა ბესელიამ კი ირმა ნადირაშვილს მიმართა მის საუბარში ”ნუ ეჩრება”. თავის მხრივ, ნადირაშვილმა ოპონენტს სიტყვების შერჩევისკენ მოუწოდა.
”სიტყვები შეარჩიეთ ქალბატონო ეკა! ნუ მეჩრები არ არის სიტყვა, რომლითაც კომიტეტის თავმჯდომარე უნდა საუბრობდეს. სიტყვები შეარჩიეთ”, - მოუწოდა ნადირაშვილმა ბესელიას.
”ნუ მეჩრები, მოითმინეთ და ნუ მაწყვეტინებთ, ეს ძალიან კორექტული სიტყვაა”, - თავის მხრივ აღნიშნა ბესელიამ ნადირაშვილის მისამართით და მის საპასუხოდ.
საბოლოოდ, ჩატარდა კენჭისყრა და კომიტეტების წევრებმა ხმათა უმრავლესობით სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს.
ამ წუთებში, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე 5-წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც ალექსანდრე ტაბატაძესთან შეხვედრა დახურულ ფორმატში, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.