ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    თურქეთის საელჩომ თხოვნით მოგვმართა, რომ დიდგორი მათი დამარცხების დღე არის და უქმედ გამოცხადებამ შეიძლება გარკვეული უსიამოვნება შეიტანოს ურთიერთობებში

    თურქეთის საელჩომ თხოვნით მოგვმართა, რომ დიდგორი მათი დამარცხების დღე არის და უქმედ გამოცხადებამ შეიძლება გარკვეული უსიამოვნება შეიტანოს ურთიერთობებში
    23 მარტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა დიდგორის ომის დღის, 12 აგვისტოს “დიდი გამარჯვების დღედ” გამოცხადებას და უქმედ დაწესებას. თუმცა ამის შემდეგ კანონპროექტის მსვლელობა შეჩერებულია, რასაც პროექტის ინიციატორი ორი მიზეზით ხსნის. ნუკრი ქანთარიას განცხადებით,  ერთი მიზეზი ის არის, რომ კანონპროექტის ინიციატორები კონსულტაციას მართავენ ისტორიკოსებთან, ხოლო მეორე მიზეზი თურქეთის საელჩოს თხოვნაა.“ისტორიკოსებს ვხვდებით. ისეთი რამის გაკეთება გვინდა, რომ მიმზიდველი იყოს არა მარტო ჩვენთვის, არამედ, ტურისტებისთვისაც. არ გვინდა, რომ ფორმალური დღე იყოს, ორი გარმონის გაწელვისთვის და ერთი დოლის დაკვრისთვის არ ვაკეთებთ,” – ამბობს ნუკრი ქანთარია. 15 მარტს, კანონპროექტის განათლების კომიტეტის სხდომაზე განხილვის დროს, სხდომის წამყვანი გენადი მარგველაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ მეორე მოსმენის დროს კომიტეტის სხდომაზე ისტორიკოსები და სხვა პირები მოეწვიათ, რაზეც უარი მიიღო. მაშინ ნუკრი ქანთარიამ თქვა, რომ ეს დროის გაწელვაა. დეპუტატის განმარტებით, თურქეთის საელჩომ პარლამენტს მეგობრული თხოვნით მიმართა, რომ კანონპროექტი არსებული ფორმით არ მიიღონ:“თურქეთის საელჩომ თხოვნით მოგვმართა და გვითხრა, რომ დიდგორი მათი დამარცხების დღე არის და პარლამენტის ამ გადაწყვეტლებამ შეიძლება გარკვეული [უსიამოვნება] შეიტანოს ურთიერთობებში. მეგობრული თხოვნა იყო. რა თქმა უნდა, საელჩოს ჩვენს საშინაო საქმიანობაში ჩარევის უფლება არ აქვს და კანონს ვერც ერთი ქვეყანა გაგვიჩერებს, ეს ჩვენი საქმეა,” – ამბობს ქანთარია.
    მისივე თქმით, თურქეთი საქართველოს მეზობელი უდიდესი სახელმწიფოა, რომელთანაც ურთიერთობის დაძაბვა არ გვაწყობს:“სამწუხაროდ, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და იმპერიული ზრახვები არ გვაქვს და ჩვენი გავლენის ქვეშ სხვის მოქცევას არ ვცდილობთ. ამიტომ მუდმივად გვმართებს დიპლომატია, ბეწვის ხიდზე სიარული, რომ რამე ჩვენი არ დავკარგოთ და ქვეყნის პერსპექტივას ზიანი არ მივაყენოთ. თურქეთი ჩვენი მეზობელი უდიდესი სახელმწიფოა, მას აქვს საშუალება, რომ ჩვენთან სიტუაცია დაძაბოს. ის არც აფხაზეთს აღიარებს და არც სამაჩაბლოს დამოუკიდებელ ქვეყნებად, ჩვენ ამის გამო მადლიერები ვართ. ოფიციალურად, აჭარაზეც არ აქვს პრეტენზია, თუმცა ეროვნული აღქმის დოკუმენტში გარკვევით უწერიათ, რომ აჭარა მისი ტერიტორიაა. ყარსის ხელშეკრულებას ვადები არ აქვს და ამ ხელშეკრულებაში გარკვევით წერია, რომ საქართველო 1921 წელს თურქეთს უთმობს ტერიტორიას. ვუთმობ ნიშნავს, რომ ჩემია და ვუთმობ და არა იმას, რომ სამართლიანობა აღდგა. ასე რომ, აქ ბევრი ისეთი საკითხია, რომელზეც გარკვეული ჭკუის გამოჩენა გვმართებს.”
    დეპუტატის განმარტებით, გამოითქვა ვარაუდი, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოსა და თურქეთში  გარკვეულმა ხალხმა შეიძლება სათავისოდ გამოიყენოს და სიტუაცია დაძაბოს:“ჩვენმა ზეიმმა გარკვეული ეჭვები და კითხვები არ უნდა გამოიწვიოს, თუმცა ისინიც აღიარებენ, რომ ეს ის თურქეთი არ არის. იქ თურქმენები არიან, არაბეთის საემიროა და ა.შ. ჩვენ ეს ავუხსენით და თქვეს, რომ ამის მიუხედავად არის ხალხი, რომლებმაც ეს თემა შეიძლება გამოყენონ და თავისთავად დაიძაბოს სიტუაცია. დავითის  დროს ოსმალეთის იმპერიაც არ არსებობს. ჩემთვის ეს ღიმილის მომგვრელია. მე კანონპროექტს უკან არ გამოვიტან, არ გავაჩერებ, მაგრამ პოლიტიკური გარემოებები რომ არ გავითვალისწინოთ, ესეც არ იქნება სწორი.”
    ნუკრი ქანთარიას განმარტებით, მომდევნო კვირაში კანონპროექტს კომიტეტები მეორე მოსმენით განიხილავენ და იქ გადაწყდება, რა ფორმას მიიღებს პროექტი:“კანონპროექტის პრინციპი არ შეიცვლება, ჩვენ გვინდა გამარჯვების და გაერთიანების თარიღი. დღე, როცა მთელი ქვეყანა ვიზეიმებთ ჩვენს გამარჯვებას და ეს იქნება წარსულთან კავშირი, ისტორიასთან კავშირი და, ამავე დროს, მომავლის გარკვეული სტიმული. შეიძლება გაერთიანება და გამარჯვება იყოს, სადაც დიდგორიც შევა, შემდგომი ეტაპებიც შეიძლება შევიდეს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს გაფანტული, კონკრეტული თარიღიდან გამომდიანრე უნდა მოხდეს განზოგადება. მომდევნო კვირაში გავიტანთ კომიტეტის სხდომაზე და პრინციპი არ შეიცვლება. სახელწოდება – დიდი გამარჯვების დღე დარჩება, შეიძლება სიტყვა გაერთიანება დავამატოთ.  თარიღი შეიცვლება თუ არა, არ ვიცი. გუნდში ამ კანონპროექტს ისეთივე მხარდაჭერა აქვს ახლა, როგორც პირველ მოსმენაზე ჰქონდა, არც შეიძლება რომ არ ჰქონდეს.”

    netgazeti.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი