საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში რიგი მაუწყებლების ბადეში განთავსებული პროგრამების სპონსორობის და პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების წესების დაცვის მონიტორინგი ჩაატარა.
მონიტორინგის შედეგად პროგრამების სპონსორობის და პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების წესების დარღვევის შემთხვევები ხუთ ტელეკომპანიას დაუფიქსირდა, კომისიამ 4 აპრილს გამართულ სხდომაზე წერილობით გააფრთხილა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2". გასული ორი კვირის განმავლობაში იგივე შინაარსის დარღვევის გამო წერილობით გაფრთხილება მიეცა შპს „სტუდია მაესტროს", შპს „ტელეკომპანია პირველს", შპს „იბერია TV"-ს, და შპს „ტელეიმედს".
„მაუწყებლობის შესახებ" და „რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონების თანახმად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისას, აკრძალულია პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირი მოწოდება და პროდუქტისათვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭება, ასევე სასპონსორო ტიხრებში საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდება. კომისიამ მიიჩნია, რომ ხუთივე ტელეკომპანიამ დაარღვია პროგრამების სპონსორობის და პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების წესები.