ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ქართველ ებრაელებს გვაპატიეთ, ჩემო ღირსეულო ქართველო ერო - ცირა შათაშვილი

    როგორ უნდა აიცილოს ადამიანმა უსიამოვნო “ტრანსფერი” სხვა ქვეყანაში? შეურაცხყოფენ თუ არა ქართველებს ისრაელის საზღვარზე? იმედგაცრუებული ადამიანები ზოგჯერ სინამდვილეს ჰყვებიან, ზოგჯერ – რაღაცებს ამძაფრებენ. ცირა შათაშვილი ერთ-ერთი ქართველი ებრაელია, რომელსაც ძალიან აწუხებს ქართულ-ებრაული ურთიერთობის გამწვავება და სიტუაციის მოგვარების “რეცეპტს” სთავაზობს დიპლომატიურ კორპუსს, ხოლო ქართველებს პატიებას სთხოვს (წერილის სტილი დაცულია):
    “მინდა მივმართო მე, ერთმა ქართველმა ებრაელმა ქალმა ისრაელში საქართველოს სრულუფლებიან ელჩს, ბატონ პაატა კალანდაძეს და საქართველოში ისრაელის ელჩს, ბატონ შაფთი ცურს: ბატონებო, ჩვენი, ქართველი ებრაელების არსებობის ისტორია უნიკალურია. ჩვენ, ჩვენი შვილები, ჩვენი შვილიშვილები აქ, ისრაელში, პირველ სანუკვარ სიტყვას – “დედას” ქართულად ვამბობთ. ქართველი ებრაელი დედა თავის პირმშოს “იავნანას” ქართულად უმღერის… რამდენი სითბო, დედმამიშვილობა, ყურადღება უნდა იგრძნოს ებრაელმა სხვა ერისაგან, რომ ასე დაიწყოს ცხოვრება?! დიახ, მაშინ, როდესაც, ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში, ებრაელების გვარის დასახელების ეშინოდათ, საქართველომ და ქართველი ხალხის უმრავლესობამ ჩვენ მიგვიღო და საკუთარ მიწა-წყალზე საუკუნეების მანძილზე, საკუთარი პური გაგვინაწილა. დღეს, აქ მცხოვრები უამრავი ქართველი ებრაელი კატეგორიულად მოვითხოვთ ან სასწრაფოდ გააუქმეთ ამ ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლა (როგორც ისრაელის მხარე გვეუბნება, ქვეყნის უშიშროების სპეციფიკიდან გამომდინარე), ან ყველა რესურსი გამოიყენეთ (ეს არის თქვენი მოვალეობა), რომ უმოკლეს დროში, ჩვენს და-ძმებს ისრაელი ისე ღირსეულად შეეგებოს, როგორც ამ ღირსეულ ერს ეკადრება. მე ამაყი ვიყავი მაშინ, როდესაც 2008 წლის ომის შემდეგ, ყველა მძიმედ დაჭრილი ქართველი ბიჭი წაიყვანა ისრაელის მხარემ და შვილებივით უპატრონა. მე ამაყი ვიყავი მაშინაც, როდესაც ისრაელში მცხოვრებმა უკრაინელმა ქალმა მითხრა: ბევრი ქართველი ებრაელის ოჯახში ვმუშაობ, მათთვის საქართველო სალოცავიაო… გთხოვთ, ეს საკითხი დაუყოვნებლივ მოაგვაროთ! ამ პატარა საქართველოს, ზოგიერთი ამ თუ იმ ქვეყნის უგულო მაღალჩინოსნების გაუაზრებელი და დანაშაულებრივი პოლიტიკით, კიდევ ერთ ჭრილობას ნუ მიაყენებთ! დიახ, ჭრილობა იქნება მოუშუშებელი თუ ამ ქმედებებით ამ ორ ერს, რომლებსაც უნიკალური ურთიერთობა აქვთ, დააზიანებთ, დაანგრევთ! ჩვენ, ქართველ ებრაელებს გვაპატიეთ, ჩემო ღისეულო ქართველო ერო… მე ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ საქართველოში დავიბადე, ქართველ ხალხში გავიზარდე და მეორე სამშობლო ისრაელიც ჩემი ქვეყანაა. მე მაპატიეთ.“
     წყარო:ჟურნალი „გზა“

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი