გუშინდელი ყაზბეგის გამზირზე მომხდარი ავარიისას, ავტომანქანის მძღოლი, რომელიც ჯერ მგზავრთა მოსაცდელ გაჩერებაზე, შემდეგ კი იქვე მდგომ ჯიხურებში შევარდა, “ფეისბუქის” გვერდიდან საზოგადოებას მიმართავს.
“მიხარია რომ გადავრჩი და კარგად ვარ… რაც შეეხება კომენტარებს რომელსაც ვკითხულობ, რომ პოტენციური მკვლელი ვარ, რატომ არ მოვკვდი, რატომ ვარ ცოცხალი, ამდენი რამის დაზიანებას ჯობდა მომკვდარიყავი, და ასე შემდეგ, ასეთ ადამიანებს მოგიწოდებთ, ნუ იქნებით ასეთი მატერიალისტები, არაადამიანები და ბოროტები, ჩემს ადგილას შეიძლებოდა ნებისმიერის შვილი, დედა, ან და ყოფილიყო”, – წერს ოვანოვა.
მძღოლი ავარიის შემდეგ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში დახურული თავის ტრამვის დიაგნოზით გადაიყვანა. მოგვიანებით, ექიმის განმარტებით, პაციენტმა მკურნალობაზე უარი განაცხადა და კლინიკა დატოვა.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, იმის პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.