წყევლა აგრესიის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც ოდითგანვე არსებობდა, რასაც ძველი ლიტერატურა და წყაროები ადასტურებს.
წყევლის დროს ადამიანი, ნეგატიური ენერგიის მოხმობით (რასაც სიტყვებით გამოხატავს), გამიზნულ დარტყმას აყენებს სხვას. ასეთი ფაქტები ჩვენს ცხოვრებაში უამრავია, რადგანაც წყევლა-კრულვის სხვადასხვაგვარი ვარიაციის წარმოთქმა თანამედროვე ადამიანის მეტყველებაში უკვე ჩვევადქცეული საქციელია. მაგალითად, კრულვის უნიკალური ნიმუშები მაქვს მოსმენილი ქართლის რეგიონში, ასევე იმერეთში...
ამბობენ, თუ წყევლა გულიდან მოდის, მას გარკვეული ძალა აქვს და ადრესატამდე აღწევსო. ესეც რომ არ იყოს, სიტყვა ბგერების უბრალო ერთობლიობა არ არის, ზოგადად, დიდი ენერგიით არის დამუხტული და ადამიანზე სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია. აქ მაგალითისთვის სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკი - "ენით დაკოდილი" გამოდგება, როცა ცულით დასახიჩრებული თავი გამთელდა, ენით მიყენებულ ზიანს კი არაფერი ეშველა...
როგორც ეკლესია ამბობს, წყევლის გავლენას შთამომავლობაც განიცდის, ანუ დაწყევლა მომავალ თაობაზე მოქმედებს. ამიტომ ეკლესიას აქვს განჩინება და კურთხევანში წერია სპეციალური ლოცვა, რომელიც ადამიანს (მაწყევარსაც და დაწყევლილსაც) საშუალებას აძლევს, წყევლისგან გათავისუფლდეს მაშინ, როცა მიხვდება, რომ ამ ყველაფრით ცუდი საქციელი ჩაიდინა და უნდა მოინანიოს...
მოკლედ, კრულვა ერთ-ერთი მომაკვდინებელი ცოდვაა. ამასთან, მშობლის წყევლა-აღშფოთება შვილზე ძლიერად მოქმედებს, იმდენად, რომ შეიძლება ადრესატს მოსვენება დააკარგინოს და ცხოვრებაც აურიოს, მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, როცა დედა შვილს წყევლის, მისი ძუძუები ლოცავენო...
ლეილა, დიასახლისი, 45 წლის:
- ტყუილს ვერ ვიტყვი, ვიწყევლები. როცა რაღაცაზე გავბრაზდები, შეიძლება საშინელი სიტყვებით ნებისმიერი ადამიანი გავიმეტო. ვიცი, რომ ეს კარგი საქციელი არ არის, მერე საკუთარ თავზე გულიც კი მომდის, მაგრამ გასროლილ სიტყვას უკან ხომ ვერ დააბრუნებ?!
ია, ბუღალტერი, 38 წლის:
- წყევლა როგორ არ ვიცი. ადამიანი რომ გაგამწარებს, არაადამიანივით რომ მოგექცევა, როგორ გინდა ამისგან თავის შეკავება?! ამიტომ დამიწყევლია. რამდენად მისვლია მას ჩემი წყევლა, არ ვიცი, მაგრამ ამით ეტყობა, გულს იფხან ადამიანი. თუმცა ჩემი ცუდი საქციელი ისიც არის, რომ შვილიც დამიწყევლია...
იზო, გარემოვაჭრე, 57 წლის:
- ერთხელ ერთი ადამიანი დავწყევლე და ორ დღეში ძალიან ცუდად გახდა. არ ვიცი, ჩემი წყევლის გამო მოხდა ასე, თუ უბრალოდ, დაემთხვა... არადა, ძალიან გამაბრაზა, - დიდ ტყუილში გამოვიჭირე, მაგრად გავმწარდი.
ივერი, მშენებელი, 60 წლის:
- კაცებმა უფრო გინება ვიცით, მაგრამ წყევლა მეც წამომცდენია, ამბობენ, კაცის წყევლა ხდებაო, მაგრამ საბედნიეროდ, ჩემი სიტყვებით უბედურება არავის დამართნია. თუმცა ჩვენს სოფელში ერთი ქალი იყო, საშინელი წყევლა იცოდა, შვილიშვილს ისეთი სიტყვებით ამკობდა, ლამის ქვა "დნებოდა". შენ არ გაიზარდე, - სულ ამას დასძახოდა. ბავშვი კი გაიზარდა, მაგრამ ცხოვრება ვერ აეწყო. არ ვიცი, ეს ბებიამისის კრულვის ბრალია, თუ მისი უნიათობის.
მერიკო, დიასახლისი, 43 წლის:
- რას ამბობთ, წყევლა საოცრად მძულს. მისი მოსმენა ჩემზე ცუდად მოქმედებს. არავინ დამიწყევლია და მგონი, არც მე დამიმსახურებია საწყევარი სიტყვები. ყველას ვურჩევ, ამ მავნე ჩვევისგან გათავისუფლდეს. ცხოვრება მართლა რთულია, მაგრამ კრულვის გარეშე ნამდვილად შეიძლება არსებობა...
ხალხში წყევლის, ისევე როგორც გინების, საოცარი ვარიაცები არსებობს, რომლებიც დარწმუნებული
ვარ, თითოეულ თქვენგანს საქართველოს მასშტაბით მოუსმენია. ვინაიდან ეს ყველაფერი ზეპირსიტყვიერად არსებობს, ამიტომ დავინტერესდით, ფოლკლორისტების მიერ შესწავლილია თუ არა ეს თემა. ჩვენს კითხვებს პროფესორი ქეთევან სიხარულიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ფოლკლორისტიკის კათედრის გამგე პასუხობს:
- ძველ ლიტერატურაში, სასულიერო მწერლობაში, ძეგლებში წყევლა-კრულვის მაგალითები საკმარისად არის გაბნეული, მაგრამ ხალხურ ნიმუშებში თითქმის არ გვხვდება (აქ იმ მასალას ვგულისხმობ, რომლის შეგროვება ჩვენში აქტიურად XIX საუკუნიდან დაიწყო). მეტსაც გეტყვით, ახლა XIX საუკუნის რუსულ პერიოდიკაში ქართულ-კავკასიურ ფოლკლორულ მასალას ვსწავლობთ და არსად მსგავსი არაფერია დაცული. ამიტომ წყევლა ფოლკლორში როგორც ჟანრი არ განიხილება. როგორც ჩანს, იგივე მთქმელებს, შემსრულებლებს, წყევლა-კრულვაზე ასე არც უფიქრიათ, ვინაიდან ფოლკლორი იშიფრება როგორც ხალხის სიბრძნე...
- ვფიქრობ, რომ ამ მასალის შესწავლა ალბათ, მაინც შეიძლებოდა...
- იცით, რომ წყევლას რელიგია კრძალავს, რადგანაც მაწყევარს მოუბრუნდებაო, თითქოს ბუმერანგის ძალა აქვს, სხვათა შორის საზოგადოებასაც ყოველთვის ეშინოდა ამის, რადგანაც ფიქრობდნენ, რომ ამ ყველაფერს თავის შედეგი აქვს და სიტყვის ძალას მაგიური მნიშვნელობა, - ამიტომაც არ აღინუსხა ეს საშინელი ფორმულები.
თუმცა მხოლოდ ერთ მოხსენებას ვიხსენებ, რომელიც წლების წინ, ქუთაისის დიალოქტოლოგიის ინსტიტუტის კონფერენციაზე მოვისმინე, სადაც წყევლის მაგალითები ჰქონდათ შეგროვებული, მომხსენებელმა უბრალოდ ნიმუშები წარმოგვიდგინა. მაგრამ იმ მწირი მასალის მიხედვით რაიმე დასკვნის გაკეთება შეუძლებელია. თან, მომხსენებელი მხოლოდ იმერეთის რეგიონში შეგროვებულ ნიმუშებზე გვესაუბრებოდა...
წინათ დედებმაც იცოდნენ შვილის დაწყევლა, რაც მსუბუქად აღიქმებოდა, იმ გაგებით, რომ როცა დედა იწყევლება, მისი ძუძუები ილოცებაო, მაგრამ იქვე აფრთხილებდნენ, - არ დაწყევლო, ამინმა არ ჩამოიაროსო. "ამინს" პერსონიფიცირებული სახე ჰქონდა მინიჭებული, ანუ თუ დაწყევლა ამინის ჩამოვლის დროს დაემთხვეოდა, ის დასტურს მისცემდა და შეიძლება ნათქვამი შესრულებულიყო...
- უცნაურია ისიც, რომ წყევლა ფოლკლორში ჟანრად არ განიხილება, რადგანაც ხალხში წყევლის მართლაც მრავალფეროვანი ფორმულები არსებობს...
- კი, ტრადიციულ ჟანრებში გვაქვს მოხსენიებული გამოცანა, ანდაზა, მაგრამ კრულვა - არა. სხვათა შორის, თვითონ ფოლკლორულ ტექსტებში (ზღაპრები, თქმულებები) პერსონაჟებიც არ იწყევლებიან. ამას იქ ვერ შეხვდებით. თუნდაც უარყოფითი პერსონაჟი - კუდიანი დედაბერი, თუ ჯადოქარი ცუდ საქციელს წყევლის გარეშე სჩადის...
ვფიქრობ, რომ ამ მაგალითების აღნუსხვას და ჟანრობრივ განხილვას ფოლკლორისტები მაინც იმიტომ გაექცნენ, რომ ეს მაგალითები თავისთავად უსიამოვნო მოსასმენი იყო...
მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ახლა ამ საკითხს შეიძლება სადმე სწავლობს კიდეც ვინმე, უბრალოდ მსგავს ნაშრომს ჯერ ჩვენამდე არ მოუღწევია. მაგრამ ვიმეორებ, ლიტერატურულ წყაროებში, ძეგლებში, სასულიერო მწერლობაში წყევლა-კრულვის საკმაოდ მძიმე ფორმულები არსებობს. თვითონ მონასტრებში ტექსტების გადამწერები მიუთითებდნენ, "ვინც ეს მონასტრიდან გაიტანოს, ვინც ამ ნაწერში რაიმე შეცვალოს, წყეულიმც იყოს, კრულ იყოს", ამასთან, იმ ტექსტებში უფრო მძიმე ფორმებია გაბნეული.
ლალი ფაცია
AMBEBI.GE